YouVersion Logo
Search Icon

1 Maccabees 1

1
1მას შემდეგ რაც ქითიმელთა ქვეყნიდან გამოვიდა ალექსანდრე, ფილიპეს ძე, მაკედონელი, დაამარცხა დარიოსი, სპარსთა და მიდიელთა მეფე და მის ნაცვლად გამეფდა, თავდაპირველად – საბერძნეთზე, 2გადაიხადა მრავალი ომი, ხელთ იგდო ციხესიმაგრენი და გაწყვიტა ქვეყნის მეფენი. 3მიაღწია ქვეყნიერების დასალიერს, მოხარკედ გაიხადა მრავალი ხალხები, და როცა ქვეყანა დაცხრა მის წინაშე, აღზევდა გალაღებული. 4შეკრიბა დიდძალი ლაშქარი და განაგებდა ქვეყნებს, ხალხებსა და მბრძანებლებს, რომლებიც გახდნენ მისი მოხარკენი.
5შემდგომ ამისა ლოგინად ჩავარდა და სიკვდილის მოახლოვება იგრძნო. 6მოუხმო თავის დიდებულებს, სიყრმიდანვე თანშეზრდილთ, და ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე გაუყო მთელი თავისი საბრძანებელი. 7იმეფა ალექსანდრემ 12 წელი და მიიცვალა.
8შემდეგ მბრძანებლობდნენ მისი დიდებულები – თვითეული თავის სამყოფელში. 9მისი სიკვდილის შემდეგ ყველამ დაიდგა თავზე გვირგვინი; შემდგომ ასევე იქცეოდნენ მათი ძენი, და იმრავლა ბოროტებამ ქვეყნად.
10მათგან გამოვიდა ცოდვილი ფესვი – ანტიოქოს ეპიფანე, ძე მეფე ანტიოქოსისა, მძევლად რომ ჰყავდათ რომში.
11იმ ხანად ისრაელიდან გამოვიდნენ ურჯულო ძენი, აცდუნებდნენ მრავალთ და ამბობდნენ: წავიდეთ და ზავით შევეკრათ ჩვენს გარშემო მოსახლე ხალხებს, რადგანაც მას შემდეგ, რაც მათ გამოვეყავით, მრავალი უბედურება დაგვატყდაო თავს. 12და ეს სიტყვა მოსაწონი გამოჩნდა მათ თვალში. 13ხალხში ზოგიერთმა ასე ინება და ეახლნენ მეფეს, რომელმაც ნება დართო მათ აღესრულებინათ წარმართთა ადათ-წესები. 14და წარმართთა წესისამებრ გამართეს სასწავლებელი იერუსალიმში. 15წესად დადეს წინადაუცვეთელობა, განუდგნენ აღთქმას, შეეკრნენ წარმართებს და ავის საქმნელად გაყიდეს თავი.
16როდესაც ანტიოქოსმა დაინახა, რომ განმტკიცდა ქვეყანა მის წინაშე, განიზრახა გამეფებულიყო ეგვიპტეში, რათა ემეფე ორ სამეფოზე. 17ურიცხვი ლაშქრით, ეტლებითა და სპილოებით, მხედრებითა და მრავალი ხომალდით შევიდა ეგვიპტეში. 18და შეება ეგვიპტის მეფეს პტოლემეოსს; შეკრთა პტოლემეოსი და უკუიქცა. თვლა აღარ ჰქონდა დაცემულ დაჭრილთ. 19ხელთ იგდო ეგვიპტის ქვეყანაში ციხე-ქალაქები და აკრიფა ხარკი ეგვიპტეში.
20ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ, ას ორმოცდამესამე წელს, გამობრუნდა ანტიოქოსი, ისრაელზე გაილაშქრა და დიდძალი ჯარით მიადგა იერუსალიმს. 21ქედმაღლურად შევიდა საწმიდარში, აიღო ოქროს სამსხვერპლო, სასანთლე და ყოველი დგამი მისი; 22საწირავი ტაბლა, სათხევი ფიალები, ოქროს საცეცხლური, ფარდა, გვირგვინები და ტაძრის გარეთა სამკაული ოქროსი – ყველაფერი მიისაკუთრა. 23მიითვალა ოქრო-ვერცხლი, ძვირფასი ჭურჭელი და გადამალული განძი, რაც კი მოიხელთა. 24მოხვეტა ყველაფერი და თავის ქვეყანაში გაბრუნდა; ხოცავდა ხალხს და ქედმაღლურად ლაპარაკობდა. 25მოთქმა-გოდებამ მოიცვა ისრაელის ყოველი მხარე. 26გმინავდნენ მხედართმთავრები და უხუცესები, დაუძლურდნენ ქალწულნი და ჭაბუკნი, გაიცრიცა ქალთა მშვენება. 27დამგლოვიარდა ყოველი სიძე; და საქორწინო სარეცელზე მჯდომარე სასძლო ვაებდა. 28მიწა შეიძრა მისსავე მკვიდრთა ფეხქვეშ და სირცხვილმა მოიცვა მთელი სახლი იაკობისა.
29ორი წლის შემდეგ წარგზავნა მეფემ მეხარკეთუხუცესი იუდას ქალაქებში და შევიდა იგი იერუსალიმში დიდძალი ლაშქრით. 30მზაკვრულად ეუბნა ხალხს მშვიდობის სიტყვით და ერწმუნნენ მას, მაგრამ უეცრად თავს დაესხა ქალაქს, სასტიკად მოაოხრა და მუსრი გაავლო ისრაელის მრავალ მკვიდრს. 31გაძარცვა ქალაქი და გადაბუგა; დააქცია მისი სახლები და გალავანი. 32ტყვედ წაასხეს ქალები და ბავშვები და დაეპატრონენ საქონელს. 33მტკიცე გალავნითა და მკვიდრად ნაშენი კოშკებით შემოზღუდეს დავითის ქალაქი და იქცა მათ ციხესიმაგრედ. 34დაასახლეს იქ ცოდვილი ხალხი და ურჯულონი დამკვიდრდნენ იქ. 35მოიმარაგეს საჭურველი და სანოვაგე, ხარკი აკრიფეს იერუსალიმში, შიგ ჩაიბუდეს და ჩასაფრდნენ. 36მზირად ექცნენ საწმიდარს და ეშმაკეულ მტრად გაუხდნენ ისრაელს. 37დაღვარეს უმანკო სისხლი საწმიდრის ირგვლივ, წარყვნეს და წაბილწეს იგი. 38ამიტომაც მიმოიფანტნენ იერუსალიმის მკვიდრნი; გადამთიელთა საცხოვრისად იქცა იგი; უცხო შეიქნა თვისტომთათვის; და მიატოვეს იგი მისმა შვილებმა. 39გავერანდა და გაუდაბურდა მისი საწმიდარი; გლოვად იქცნენ მისი დღესასწაულნი, ძაძებად – მისი შაბათნი და დიდება მისი – სირცხვილად. 40დიდების წილ იმრავლა მისმა უპატიობამ და გოდებად იქცა მისი ზეობა.
41წერილით ამცნო მეფემ მთელ თავის სამეფოს, რომ ყველა ხალხი ერთი ყოფილიყო, 42ყველა ხალხს ხელი აეღო თავის ადათ-წესებზე, და მისი სიტყვის წინაშე ყველამ მოიდრიკა ქედი. 43ისრაელშიც ბევრი დაჰყვა მის ნებას, მსხვერპლს სწირავდნენ კერპებს და ბღალავდნენ შაბათს. 44გაგზავნა მეფემ წიგნი იერუსალიმში და იუდას სხვა ქალაქებში, რომ მათთვის უცხო წეს-ჩვეულებებს მიჰყოლოდნენ; 45აღეკვეთათ სრულადდასაწველი და მსხვერპლშეწირვა, საღვრელი – სამსხვერპლოზე, შეებღალათ შაბათი და დღესასწაულნი. 46შეებილწათ საწმიდარი და სიწმიდენი, 47აღემართათ ბომონები, ნაკრძალები და საკერპოები, მსხვერპლად შეეწირათ ღორები და უსურმაგები, 48წინადაუცვეთლად დაეტოვებინათ თავიანთი ძენი და ათასგვარი სიბილწით და უწმინდურებით შეებღალათ მათი სულები, 49რათა დაევიწყებინათ რჯული და თავიანთი ადათ-წესები 50ხოლო ვინც ურჩობას გაუწევდა მეფის სიტყვებს, სიკვდილით დაესაჯათ.
51ამ სიტყვების მიხედვით მისწერა მთელ თავის სამეფოს, ზედამხედველნი დაუდგინა ყველა ხალხს და იძულებით დაუწესა ზორვა იუდას ქალაქებს. 52ხალხთაგან ბევრი შეუერთდა მათ, – ყველა, ვინც ზურგი აქცია რჯულს და ბოროტისმოქმედად იქცა ამ ქვეყნად. 53და აიძულეს ისრაელი სამალავებსა თუ თავშესაფრებში მიმალულიყო.
54ქისლევის მეთხუთმეტე დღეს, ასორმოცდამეხუთე წელს, წარყვნეს და წაბილწეს სამსხვერპლო და ბომონები აღმართეს იუდას ქალაქების ირგვლივ. 55საკმეველს აკმევდნენ სახლების კარწინ და ქუჩებში. 56სადაც კი წააწყდებოდნენ რჯულის წიგნებს, ხევდნენ და ცეცხლში ყრიდნენ, 57ხოლო ვისაც უპოვიდნენ აღთქმის წიგნებს, ანდა ვინც აღიარებდა რჯულს, მეფის ბრძანებისამებრ, სიკვდილით სჯიდნენ. 58ასე მძლავრობდნენ ისრაელზე, ვისაც კი სახლში წაასწრებდნენ თვიდან თვემდე. 59თვის ოცდახუთში მსხვერპლს სწირავდნენ საკურთხევლის წინ აღმართულ კერპს. 60ქალებს, რომლებმაც გაბედეს თავიანთი შვილების წინადაცვეთა, დაუნდობლად აშთობდნენ. 61კისრით ჰკიდებდნენ ჩვილებს, არბევდნენ მათ სახლებს, მუსრს ავლებდნენ წინადაცვეთილთ.
62მაგრამ მრავალი გასალკლდევდა ისრაელში და მტკიცედ იდგა, რომ არ ეჭამა უწმინდურება. 63სიკვდილი არჩიეს უწმინდური საჭმლით წაბილწვას და წმიდა აღთქმის შებღალვას, – ასე დაიხოცნენ. 64და იყო დიდი რისხვა ისრაელის თავზე.

Currently Selected:

1 Maccabees 1: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in