1 Esdras (Greek) 2
2
1სპარსთა მეფის კვიროსის მეფობის პირველ წელს, იერემიას პირით თქმული უფლის სიტყვის აღსასრულებლად, უფალმა სულით აღძრა კვიროსი, სპარსთა მეფე, რომელმაც მთელ თავის სამეფოს სიტყვით და წერილობით აუწყა:
2„ამას ამბობს კვიროსი, სპარსთა მეფე: ისრაელის უფალმა, უზენაესმა უფალმა, მე დამადგინა მთელი ქვეყნიერების მეფედ და მიბრძანა სახლი ავუგო მას იერუსალემს, რომელიც არის იუდაში. 3ამიტომ თუ ვინმეა თქვენში მისი ხალხიდან, დე, იყოს მისი უფალი მასთან; დაე, ავიდეს იერუსალემს, რომელიც არის იუდაში, რათა სახლი აუგოს უფალს: იგია უფალი, ისრაელში დავანებული. 4ყოველი კაცი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს იგი, მოვალეა შეეწიოს მათ ოქრო-ვერცხლით, ცხენებით, საქონლითა და სხვა აღთქმული შესაწირავით უფლის ტაძრისათვის იერუსალიმში.“ 5მაშინ აღდგნენ უხუცესნი იუდას ტომიდან და ბენიამინის ტომიდან, მღვდლები და ლევიანები, ყველა, ვისაც სული აღუძრა უფალმა წასასვლელად და უფლის სახლის ასაგებად იერუსალიმში. 6მეზობლად მცხოვრებნი კი ყოველნაირად ხელს უმართავდნენ მათ: ოქრო-ვერცხლით, ცხენებით, საქონლით და ურიცხვი აღთქმული შესაწირავით, რომელიც გაიღო მრავალმა, ვისი გონებაც აღძრულ იქნა. 7მეფე კვიროსმა გამოიტანა უფლის წმიდა ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა წაიღო იერუსალიმიდან და თავის საკერპოში დადო. 8აიღო იგი კვიროსმა, სპარსთა მეფემ, და თავის მეჭურჭლეთუხუცესს – მითრიდატეს – გადასცა, მისი მეშვეობით კი გადაეცა შეშბაცარს, იუდაელთა მთავარს. 9ხოლო რიცხვი ჭურჭლისა იყო: ათასი ოქროს სასათხევლე, ათასი – ვერცხლისა, და ვერცხლის 29 სასაკმევლე, 1030 ოქროს ფიალა, 2410 – ვერცხლისა და სხვა ჭურჭელი ათასი. 11სულ წამოღებულ იქნა 5469 ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი; შეშბაცარმა ბაბილონიდან დაბრუნებულ ტყვეებთან ერთად ჩამოიტანა ისინი იერუსალიმში.
12სპარსთა მეფის არტაქსერქსეს მეფობისას ბიშლამმა და მითრიდატემ, ტაბეელმა და რეხუმმა, ბელტეთმოსმა, მწერალმა შიმშაიმ და სამარიასა და სხვა ადგილებში მცხოვრებმა მათმა თანამზრახველებმა იუდასა და იერუსალიმის მცხოვრებთა წინააღმდეგ შემდეგი შინაარსის წერილი მისწერეს მეფეს: 13„მეფე არტაქსერქსეს, ჩვენს ბატონს, შენი ქვეშევრდომები – მრჩეველი რეხუმი, მწერალი შიმშაი და მათი საბჭოს დანარჩენი მსაჯულნი კელესირიასა და ფინიკიაში. 14აწ ეუწყოს მეფე-ბატონს, რომ თქვენგან წამოსული იუდაელები ჩვენთან მოვიდნენ იერუსალიმში, აშენებენ ამ განდგომილსა და უკეთურ ქალაქს, აწყობენ მის მოედნებს აღადგენენ გალავანს და საძირკველს უყრიან ტაძარს 15თუ ქალაქი კვლავ აშენდა და გალავანიც გასრულდა, არამცთუ ხარკს შეგიწყვეტენ, არამედ მეფეთაც წინ აღუდგებიან. 16რაკი ტაძრის მშენებლობა უკვე დაიწყო, საჭიროდ ვცანით გაგაფრთხილოთ და გირჩიოთ, მეფე-ბატონო, იქნებ ჩახედო შენი წინაპრების წიგნებს. 17მატიანეებში ნახავ, რა წერია მათზე და შეიტყობ, რომ ეს ქალაქი მოღალატე იყო და მეფეთა და ქალაქთა მაშფოთარი, იუდაელები კი – განდგომილნი და ოდითგანვე მეამბოხენი, რის გამოც მოოხრდა ეს ქალაქი. 18გვიუწყებია შენთვის, მეფე-ბატონო, რომ თუ ეს ქალაქი კვლავ აშენდა და მისი გალავანიც აღდგა, აღარ გექნება გასასვლელი კელესირიასა და ფინიკიაში.“ 19მაშინ მეფემ საპასუხოდ მისწერა რეხუმს, ვითარებათა აღმწერელს, ბეელტეთმოსს, მწერალ შიმშაის და მათ თანამზრახველებს სამარიაში, სირიასა და ფინიკიაში: 20„მივიღე თქვენი გამოგზავნილი წერილი; 21ვბრძანე განეხილათ და დავრწმუნდი, რომ ეს ქალაქი ოდითგანვე მეფეთა წინააღმდგომი ყოფილა, მისი მცხოვრებნი კი – განდგომილნი და შფოთის ამტეხნი; 22ძლევამოსილსა და სასტიკ მბრძანებლებს უმეფიათ იერუსალიმში, ხარკს რომ კრეფდნენ კელესირიასა და ფინიკიაში. 23ამიტომაც ვბრძანებ, აეკრძალოს ამ ხალხს ქალაქის შენება; 24თვალყური ადევნეთ, რომ აღარაფერი გაკეთდეს და ბოლო მოეღოს მეფეთა წინააღმდეგ მიმართულ ბოროტმზრახველობას.“ 25მეფე არტაქსერქსეს წერილი რომ წაიკითხეს, რაუმოსი და მწერალი სამსაიოსი მხედართა და მოლაშქრეთა თანხლებით სასწრაფოდ გაემართნენ იერუსალიმისკენ და დაერივნენ მშენებლებს. 26და შეჩერდა იერუსალიმის ტაძრის შენება სპარსთა მეფის დარიოსის მეფობის მეორე წლამდე.
Currently Selected:
1 Esdras (Greek) 2: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013