1 Corinthians 7
7
1იმის თაობაზე კი, რაც თქვენ მომწერეთ: – „კაცისათვის კარგია, არ გაეკაროს ქალს.“ 2მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ ქალს – თავისი ქმარი. 3ქმარმა ჯეროვანი პატივი მიაგოს ცოლს, აგრეთვე ცოლმაც – ქმარს. 4ცოლი არ ხელმწიფებს თავის სხეულზე, არამედ ქმარი. ასევე ქმარიც არ ხელმწიფებს თავის სხეულზე, არამედ ცოლი. 5ნუ გაშორდებით ერთმანეთს, გარდა შეთანხმებისა, დროებით, ა და ლოცვისათვის, და შემდეგ კვლავ ერთად იყავით, რათა არ გაცდუნოთ სატანამ თქვენი თავშეუკავებლობის გამო. 6ხოლო ამას ვამბობ რჩევად და არა ბრძანებით. 7რადგან მსურს, რომ ყოველი ადამიანი იყოს ისე, როგორც მე ვარ, მაგრამ ყველას თავისი ნიჭი აქვს ღმერთისაგან, ზოგს ასეთი და ზოგს ისეთი.
8ხოლო დაუქორწინებლებს და ქვრივებს ვეუბნები, რომ მათთვის კარგია ჩემსავით დარჩნენ. 9მაგრამ თუ თავს ვერ ფლობენ, დაე, იქორწინონ, რადგან უმჯობესია დაქორწინდნენ, ვიდრე აღიგზნებოდნენ.
10ხოლო დაქორწინებულებს ვამცნობ, – არა მე, არამედ უფალი – ცოლი არ გაეყაროს ქმარს. #მთ 5:32; 19:9; მრკ 10:11,12; ლკ 16:18. 11ხოლო თუ გაეყრება, უქორწინოდ დარჩეს, ან კვლავ შეურიგდეს ქმარს. და ნურც ქმარი მიატოვებს თავის ცოლს.
12სხვებს კი ვეუბნები მე, და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ჰყავს ურწმუნო ცოლი და ის თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას. 13და ქალი, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს, და კაცს სურს მასთან ცხოვრება, ნუ მიატოვებს ქმარს. 14რადგან ურწმუნო ქმარი განიწმიდება ცოლით და ურწმუნო ცოლი განიწმიდება ქმრით. ასე რომ არ იყოს, თქვენი შვილები უწმიდურები იქნებოდნენ, ახლა კი წმიდები არიან. 15მაგრამ თუ ურწმუნოს სურს გაყრა, გაეყაროს. ასეთ შემთხვევაში ძმა ან და თავისუფალნი არიან, რადგან მშვიდობისაკენ მოგიწოდათ ღმერთმა. 16რადგან, რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი? ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი?
17თითოეული ისე მოიქცეს, როგორც ღმერთმა უწილხვედრა და თითოეული – როგორც უფალმა მოუწოდა. და ასე ვუწესებ მე ყოველ ეკლესიას. 18თუ რომელიმე მოწოდებული წინადაცვეთილია, ნუ დამალავს. ხოლო თუ რომელიმე მოწოდებული წინადაუცვეთელია, ნუ წინადაიცვეთს. 19არაფერია წინადაცვეთა და არაფერია წინადაუცვეთლობა, არამედ მთავარია ღმერთის მცნებათა დაცვა. 20დაე, თითოეული დარჩეს იმ წოდებაში, რომელშიც მოწოდებული იქნა.
21თუ მოწოდებული ხარ, როგორც მონა, ნუ ითაკილებ. მაგრამ თუ შეგიძლია გათავისუფლება, უმჯობესია, ისარგებლო. 22რადგან უფალში მოწოდებული მონა უფლის თავისუფალია. ასევე, მოწოდებული თავისუფალი ქრისტეს მონაა. 23ფასით ხართ გამოსყიდულნი, ნუ გახდებით ადამიანთა მონები. 24ძმებო, თითოეული იმ წოდებით დარჩეს ღმერთის წინაშე, რომელშიც მოწოდებული იყო.
25დაუქორწინებელთა თაობაზე არა მაქვს ბრძანება უფლისაგან. მხოლოდ ჩემს რჩევას გაუწყებთ, რადგან შემიწყალა უფალმა, რომ მისი რწმუნებული ვიყო. 26მე ვფიქრობ, რომ ახლანდელ გასაჭირში ადამიანისათვის უმჯობესია დარჩეს, როგორც არის. 27თუ შეერთებული ხარ ცოლთან, გაყრას ნუ ეძებ. ხოლო თუ უცოლო ხარ, ცოლს ნუ ეძებ. 28ცოლიც რომ შეირთო, არ შესცოდავ. და თუ ქალწული გათხოვდება, არ შესცოდავს. მაგრამ ასეთებს ხორციელი გასაჭირი ექნებათ, და მე არ მემეტებით ამისთვის. 29ხოლო ამას გეტყვით, ძმებო: ჟამი იწურება, ამიტომ ამიერიდან ცოლიანები იყვნენ, როგორც უცოლონი; 30მტირალნი, როგორც არა მტირალნი; მოხარულნი, როგორც არა მოხარულნი; მქონენი, როგორც არამქონენი; 31ქვეყნიერებით მოსარგებლენი, როგორც არა მოსარგებლენი. რადგან წარმავალია ქვეყნიერების სახე.
32მე კი მსურს, რომ უზრუნველად იყოთ. უცოლო უფლისაზე ზრუნავს, როგორ აამოს უფალს; 33ხოლო ცოლიანი ქვეყნიურ საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ცოლს. 34არის განსხვავება ქმრიანსა და ქალწულს შორის: ქალი, უქმრო და ქალწული, ზრუნავს უფლისაზე, რათა სხეულითაც წმიდა იყოს და სულითაც. ქმრიანი კი ამქვეყნიურ საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ქმარს. 35ამას გეუბნებით თქვენდა სასარგებლოდ, არა იმისათვის, რომ შეგზღუდოთ, არამედ რათა ღირსეულად და წრფელად ემსახუროთ უფალს, დაბრკოლების გარეშე.
36მაგრამ თუ ვინმეს შეუფერებლად მიაჩნია, რომ მისი დანიშნული ქალწული სიყმაწვილის ასაკს გადასცდეს, როგორც ენებოს, ისე მოიქცეს, არ შესცოდავს. დაე, დაქორწინდნენ. 37ხოლო ვინც თავისი გულით მტკიცედ დგას და იძულებული არ არის, არამედ აქვს ხელმწიფება თავის ნებაზე და გადაწყვიტა თავის გულში თავისი ქალწულობის დაცვა, კარგად იქცევა. 38ამიტომ, ვინც გაათხოვებს თავის ქალწულს, კარგად იქცევა, და ვინც არ გაათხოვებს, უკეთესად იქცევა.
39ცოლი რჯულით შეკრულია, სანამ ცოცხალია მისი ქმარი. ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია გაჰყვეს, ვისაც სურს, ოღონდ უფალში. 40მაგრამ უფრო ნეტარია, თუ ასე დარჩება, ასეთია ჩემი რჩევა. და ვფიქრობ, რომ მეც მაქვს ღმერთის სული.
Currently Selected:
1 Corinthians 7: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013