1 Corinthians 6
6
1როგორ ბედავს რომელიმე თქვენგანი, როდესაც თავისიანთან დავა აქვს, სამართლის ძიებას ურჯულოებთან და უწმიდურებთან? 2ნუთუ არ იცით, რომ წმიდები გაასამართლებენ ქვეყნიერებას? ხოლო თუ ქვეყნიერებას გაასამართლებთ, მცირე საქმეთა გასამართლების ღირსნი აღარა ხართ? 3განა არ იცით, რომ ანგელოზები იქნებიან ჩვენი განსაკითხი? მაშ მით უმეტეს, ცხოვრებისეული ვერ უნდა განვსაჯოთ? 4თქვენ კი, როცა ცხოვრებისეული საქმეები გაქვთ, თქვენს განმსჯელებად მათ აყენებთ, ვინც არაფრად არის მიჩნეული ეკლესიაში. 5თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას: ნუთუ თქვენში არ მოიპოვება ერთი ბრძენი, რომ შეეძლოს სამართალი დაამყაროს თავის ძმებს შორის? 6მაგრამ ძმა ძმას ედავება და თანაც ურწმუნოთა წინაშე!
7ისიც უკვე ძალიან სამარცხვინოა თქვენთვის, რომ ერთმანეთს ედავებით. რატომ არ არჩევთ, რომ ნაწყენი დარჩეთ? რატომ არ არჩევთ, რომ დაზარალებული დარჩეთ? 8ამის მაგივრად, უსამართლოდ იქცევით და ართმევთ, თანაც თქვენს ძმებს!
9ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს? ნუ მოიტყუებთ თავს: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი, 10ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს. 11ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი. მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღმერთის სულით.
12ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ არაფერს დავემონები. #1კო 10:23. 13საჭმელი მუცლისათვის და მუცელი საჭმლისათვის, მაგრამ ღმერთი განაქარვებს ერთსაც და მეორესაც. სხეული უზნეობისათვის კი არ არის, არამედ უფლისათვის, ხოლო უფალი – სხეულისათვის. 14ღმერთმა აღადგინა უფალი და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით. 15განა არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოებია? განა ქრისტეს ასოებს მეძავის ასოებად ვაქცევ? არამც და არამც! 16ანდა, განა არ იცით, რომ ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მასთან ერთად? რადგან ნათქვამია: „ორივენი ერთხორცად იქნებიან.“ #დაბ 2:24. 17ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთ სულად იქნება უფალთან. 18განეშორეთ სიძვას. ყველა სხვა ცოდვა, რომელსაც ადამიანი ჩადის, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი კი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს. 19ანდა, განა არ იცით, რომ თქვენი სხეულები თქვენში დავანებული სულიწმიდის ტაძარია, რომელიც ღმერთისაგან გაქვთ, და რომ თქვენ თქვენს საკუთარ თავს არ ეკუთვნით? #1კო 3:16; 2კო 6:16. 20რადგან ფასით ხართ გამოსყიდულნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით!
Currently Selected:
1 Corinthians 6: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013