YouVersion Logo
Search Icon

1 Corinthians 4

4
1ამრიგად, ადამიანებმა ჩვენ ქრისტეს მსახურებად და ღმერთის საიდუმლოთა მნეებად უნდა მიგვიჩნიონ. 2ხოლო მნეს კი უპირველეს ყოვლისა მოეთხოვება, რომ საიმედო იყოს. 3ხოლო ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, როგორ განმსჯით მე თქვენ, ან თუნდაც ადამიანთა სამსჯავრო. მე თვითონაც კი არ განვსჯი ჩემს თავს. 4რადგან, თუმცა არაფერი ვიცი ჩემს საწინააღმდეგოდ, მაგრამ ამით მაინც არ ვმართლდები. ჩემი განმსჯელი უფალია. 5ამიტომ ნუ განსჯით დროზე ადრე, ვიდრე მოვიდოდეს უფალი, რომელიც გაანათებს ბნელში დაფარულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს და მაშინ მიიღებს თითოეული შესაფერ ქებას ღმერთისგან.
6ეს ყველაფერი, ძმებო, ვთქვი მე ჩემს თავზე და აპოლოსზე თქვენთვის, რათა ისწავლოთ ჩვენგან, რომ არ გადახვიდეთ დაწერილს და არ გაამპარტავნდეთ ერთმანეთის მიმართ. 7რადგან, ვინ გამოგარჩევს? რა გაქვს, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რას იქადი, თითქოს არ მიგეღოს?
8დიახ, უკვე გაძეხით, უკვე გამდიდრდით, გამეფდით ჩვენს გარეშე. ნეტა კი მართლა გამეფებულიყავით, რომ ჩვენც ვიმეფოთ თქვენთან ერთად. 9ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულებს, ღმერთმა უკანასკნელი ადგილი მოგვიჩინა, როგორც სიკვდილმისჯილებს. რადგან სანახაობა გავხდით ქვეყნიერებისათვის, ანგელოზებისთვისა და ადამიანებისთვის. 10ჩვენ უგუნურნი ვართ ქრისტეს გულისათვის, თქვენ კი ბრძენნი ხართ ქრისტეში. ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი – ძლიერნი. თქვენ განდიდებულნი, ჩვენ კი – ღირსებადაკარგულნი. 11ჩვენ ამ ჟამამდე მშიერნი და მწყურვალნი ვართ, შიშველნი და ნაგვემნი, მოხეტიალენი, 12ვშრომობთ ჩვენი ხელით. გვლანძღავენ – ვლოცავთ, გვდევნიან – ვითმენთ, #საქ 18:3. 13სახელს გვიტეხენ – ვეფერებით. გავხდით ქვეყნიერების განახვეტი, ყველაფრის ნაგავი ვართ დღემდე.
14თქვენდა შესარცხვენად კი არ ვწერ ამას, არამედ გარიგებთ, როგორც ჩემს საყვარელ შვილებს. 15რადგან თუნდაც 10 ათასი აღმზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მამები ბევრი არა გყავთ, რადგან მე გშობეთ თქვენ ქრისტე იესოში სახარებით. 16ამიტომ შეგაგონებთ თქვენ: „მომბაძეთ მე!“#1კო 11:1; ფლპ 3:17. 17ამისათვის გამოვგზავნე თქვენთან ტიმოთე, ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში, და ის გაგახსენებთ თქვენ ჩემს გზებს ქრისტე იესოში, როგორ ვასწავლი ყველგან, ყოველ ეკლესიაში. 18ზოგს ჰგონია, რომ არ მოვალ თქვენთან და გაამპარტავნდნენ. 19მაგრამ მე მალე მოვალ თქვენთან, თუ უფალი ინებებს, და გამოვცდი ამპარტავანთა არა სიტყვებს, არამედ ძალას. 20რადგან სიტყვაში კი არ არის ღმერთის სასუფეველი, არამედ ძალაში. 21რა გსურთ? არგნით მოვიდე თქვენთან თუ სიყვარულით და თავმდაბლობის სულით?

Currently Selected:

1 Corinthians 4: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in