YouVersion Logo
Search Icon

1 Corinthians 12

12
1ახლა კი მსურს, ძმებო, რომ სულიერ ნიჭთა შესახებ გაუწყოთ, რადგან არ მინდა, უცოდინარნი დარჩეთ. 2თქვენ უწყით, რომ როდესაც წარმართები იყავით, მიდიოდით უტყვ კერპებთან, თითქოს ვიღაც გეწეოდათ. 3ამიტომ გაუწყებთ, რომ ვერც ერთი, ღმერთის სულით მეტყველი, ვერ იტყვის: „ანათემა იესოს!“ და ვერავინ იტყვის: „უფალია იესო!“ – თუ არა სულიწმიდით.
4სხვადასხვაგვარია ნიჭი, მაგრამ სული ერთია. #რომ 12:6-8. 5მსახურებანიც სხვადასხვაგვარია, უფალი კი ერთია. 6მოქმედებანიც სხვადასხვაგვარია, ხოლო ღმერთი ერთია, რომელიც ამოქმედებს ყველაფერს ყველაში. 7თითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასიკეთოდ. 8რადგან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს – ცოდნის სიტყვა, იმავე სულით. 9ზოგს რწმენა – იმავე სულით და ზოგს – კურნებათა ნიჭი იმავე სულით. 10ზოგს – ძალთა მოქმედება, ზოგს – წინასწარმეტყველება, ზოგს – სულების გარჩევა, ზოგს – სხვადასხვა ენები, ზოგს – ენების განმარტება. 11ხოლო ყოველივე ამაში ერთი და იგივე სული მოქმედებს, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს, თავისი ნების მიხედვით.
12რადგან, როგორც სხეული ერთია, მაგრამ მრავალი ასო აქვს, და სხეულის ყველა ასო, თუმცა ბევრია, ერთ სხეულს ქმნის, ასევეა ქრისტეც. #რომ 12:4,5. 13და რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად – ებრაელები თუ ბერძნები, მონები თუ თავისუფლები, და ყველამ ერთი სული შევსვით.
14სხეულიც ერთი ასოსაგან კი არ შედგება, არამედ ბევრისაგან. 15ფეხმა რომ თქვას: „მე ხელი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნი,“ განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? 16ანდა ყურმა რომ თქვას: „მე თვალი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნი,“ განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? 17მთელი სხეული თვალი რომ იყოს, სადღა იქნება სმენა? ყველაფერი სმენა რომ იყოს, სადღა იქნება ყნოსვა? 18და აჰა, ღმერთმა განალაგა ასოები სხეულში – თითოეული მათგანი, როგორც ინება. 19და ყველა რომ ერთი ასო იყოს, სადღა იქნებოდა სხეული? 20აჰა, ასოები ბევრია, სხეული კი ერთი. 21თვალი ვერ ეტყვის ხელს: „არ მჭირდები.“ ვერც თავი ეტყვის ფეხებს: „არ მჭირდებით.“ 22არამედ, სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე უძლურნი ჩანან, უფრო მეტად საჭირონი არიან, 23ხოლო რომლებიც ნაკლებ საპატიოდ გვეჩვენება სხეულში, მათ განსაკუთრებული პატივით ვეპყრობით, და რაც უშნოა ჩვენში, მას უფრო მეტად ვამკობთ. 24ჩვენს მშვენიერ ასოებს არ სჭირდებათ პატივი. მაგრამ ღმერთმა ისე შეაზავა სხეული, რომ უფრო უხვი პატივი არგუნა იმას, რომელსაც ნაკლები მნიშვნელობა აქვს. 25რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში, არამედ ყოველი ასო ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე. 26და თუ ერთი ასო იტანჯება, მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება, ხოლო თუ ერთი ასო დიდებას მოიხვეჭს, მასთან ერთად ყველა ასო ხარობს.
27თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე – მისი ასოები. 28ღმერთმა ეკლესიაში დაადგინა პირველად მოციქულები, მეორედ მქადაგებელნი, მესამედ მოძღვარნი, შემდეგ კურნებათა ნიჭების მქონენი, შემწენი, მმართველნი, სხვადასხვა ენებით მოლაპარაკენი. #ეფს 4:11. 29ყველა მოციქულია? ყველა მქადაგებელია? ყველა მოძღვარია? ყველას სასწაულთმოქმედება აქვს? 30ყველას აქვს კურნებათა ნიჭი? ყველანი ლაპარაკობენ ენებით? ყველანი განმარტავენ? 31ესწრაფეთ უმაღლეს ნიჭებს და მე გაჩვენებთ ყველაზე აღმატებულ გზას.

Currently Selected:

1 Corinthians 12: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in