Bible App logo
Search Icon

ზაქ. 1

1
მონანიების მოხმობა
1დარიოსის მეორე წელს, მერვე თვეს იყო უფლის სიტყვა წინასწარმეტყველ ზაქარიას მიმართ, ძისა ბერექიასი, ძისა ყიდოსი.
2„რისხვით განურისხდა უფალი თქვენს მამებს.
3უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ‘მოიქეცით ჩემსკენ’, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – ‘და მეც მოვიქცევი თქვენსკენ’, – ამბობს ცაბაოთ უფალი.
4‘ნუ იქნებით, როგორც თქვენი მამები, რომელთაც მოუწოდებდნენ წინანდელი წინასწარმეტყველნი, ასე ამბობსო ცაბაოთ უფალი: „მიიქეცით თქვენი ბოროტი გზებიდან და ბოროტი საქმეებისგან!“ მაგრამ არ მისმენდნენ და არ მიგონებდნენ,’ – ამბობს უფალი. –
5„სადღა არიან თქვენი მამები და განა წინასწარმეტყველნიც საუკუნოდ ცოცხლობენ?
6მაგრამ ჩემი სიტყვები და მცნებები, რომლებიც ვუანდერძე ჩემს მსახურთ, წინასწარმეტყველთ, ხომ მისწვდა თქვენს მამებს? მოიქცნენ და თქვეს: ‘როგორც განიზრახა ცაბაოთ უფალმა მოგვქცეოდა ჩვენი გზებისა და საქმეების გამო, ისე მოგვექცა ჩვენ.’“
წითელ ცხენზე მჯდომარე კაცის ხილვა
7მეთერთმეტე თვის, ანუ შებატის თვის, ოცდამეოთხე დღეს იყო უფლის სიტყვა წინასწარმეტყველ ზაქარიას მიმართ, ძისა ბერექიასი, ძისა ყიდოსი.
8ვიხილე ღამით და აჰა, მხედარია წითელ ცხენზე და დგას იგი მურტის ხეთა შორის, ჩრდილში, მის უკან კი ცხენებია – წითლები, ზერდაგები და თეთრები.
9და ვთქვი: „რა არის ესენი, ჩემო ბატონო?“ მითხრა ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა: „მე გაჩვენებ, რა არიან ესენი.“
10ხმა გაიღო კაცმა, მდგარმა მურტის ხეთა შორის, და თქვა: „ესენი არიან, რომლებიც მოავლინა უფალმა ქვეყნის შემოსავლელად.“
11მიუგეს უფლის ანგელოზს, მურტის ხეთა შორის მდგარს, და უთხრეს: „შემოვიარეთ ქვეყანა და აჰა, მშვიდად განისვენებს მთელი ქვეყანა. უფალი არ კეთილნებობს ხალხისადმი.“
12მიუგო უფლის ანგელოზმა და თქვა: „ცაბაოთ უფალო! როდემდის არ მოიღებ მოწყალებას იერუსალიმზე და იუდას ქალაქებზე, რომლებიც აგერ სამოცდაათი წელია შერისხული გყავს?“
13მიუგო უფალმა ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა, კეთილი სიტყვები, ნუგეშის სიტყვები.
14მითხრა ანგელოზმა, რომელიც მე მელაპარაკებოდა: „მოუწოდე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ‘დიდი შურით ვარ აღძრული იერუსალიმის და სიონის მიმართ.
15დიდი რისხვით ვმრისხანებ თავგასულ ხალხზე. რადგან ოდნავ განვრისხდი და შეეწივნენ ისინი ბოროტებას.’
16‘ამიტომ ასე ამბობს უფალი: „მოწყალებით მოვბრუნდი იერუსალიმისკენ. მასში აიგება ჩემი სახლი,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი, – „და ლარი გადაიჭიმება იერუსალიმზე.“’
17‘კიდევ მოუწოდე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: „კვლავ აივსება ჩემი ქალაქები დოვლათით და კვლავ შეიწყალებს უფალი სიონს და კვლავ აირჩევს იერუსალიმს.“’“
ხილვა ოთხი რქისა და ოთხი მჭედლისა
18 ავახილე თვალები და აჰა, ოთხი რქაა.
19 ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა: „რა არის ესენი?“ მითხრა: „ესენი რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისრაელი და იერუსალიმი.“
20 და დამანახვა უფალმა ოთხი მჭედელი.
21 ვთქვი: „რის გაკეთებას აპირებენ ესენი?“ ასე მითხრა: „ესენი რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისე რომ არავის აუწევია თავი. ეს მჭედლები კი მოსულნი არიან დასაშინებლად, იმ ხალხთა რქების დასახრელად, რომელთაც რქა აღუმართავთ იუდას ქვეყნის წინააღმდეგ მის გასაფანტავად.“

Currently Selected:

ზაქ. 1: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in