Bible App logo
Search Icon

ტობითი 6

6
1მგზავრები საღამო ხანს მდინარე ტიგროსს მიადგნენ და იქ შეისვენეს.
2ჭაბუკი საბანაოდ ჩავიდა, მაგრამ მდინარიდან თევზმა ამოყო თავი და შთანთქმა დაუპირა.
3მაშინ ანგელოზმა უთხრა, თევზი ამოიყვანეო; ჭაბუკმაც დაიჭირა და მიწაზე დააგდო.
4ანგელოზმა უთხრა: „გაკვეთე თევზი, გული, ღვიძლი და ნაღველი ამოაცალე და შეინახე.“
5ჭაბუკი ისე მოიქცა, როგორც ანგელოზმა უთხრა. თევზი კი შეწვეს და შეჭამეს.
6მერე ორივენი გზას გაუდგნენ და ეკბატანას მიადგნენ.
7უთხრა ჭაბუკმა ანგელოზს: ყაზარია, ძმაო, რა არის ეს თევზის გულ-ღვიძლი და ნაღველი?“
8ანგელოზმა მიუგო: „თუ ვინმეს ეშმაკი ან ბოროტი სული ტანჯავს, გულ-ღვიძლს უკმევ ქალსა თუ კაცს და მის ტანჯვასაც ბოლო მოეღება.
9ნაღველი კი თვალებზე უნდა სცხო კაცს, რომელსაც ლიბრი გადაჰკვრია, და განიკურნება.“
10ეკბატანას რომ მიუახლოვდნენ,
11ანგელოზმა უთხრა ჭაბუკს: „მოდი, რეღუელისას შევისვენოთ, ძმაო, ისიც ხომ შენი ნათესავია; ერთადერთი ქალი ჰყავს, სახელად სარა.
12სიტყვას ჩამოვაგდებ იმაზე, რომ შენ მოგცენ ცოლად, რადგან, განგებით, შენ უნდა გხვდეს წილად მისი სამკვიდრო. შენ ხომ ერთადერთი ხარ მისი გვარისა. ყმაწვილი ქალი კი ჭკვიანია და მშვენიერი.
13მაშ, ყური მიგდე: მამამისს მოველაპარაკები და რაგესიდან რომ დავბრუნდებით, ქორწილი გადავიხადოთ. კარგად ვიცნობ რეღუელს, მოსეს სჯულს არ დაარღვევს და სხვას არ მისცემს თავის ქალს, თორემ სიკვდილის თანამდები იქნება. რადგანაც მისი სამკვიდრო სწორედ შენ უნდა გერგოს და არა სხვას.“
14მაშინ ჭაბუკმა უთხრა ანგელოზს: „ყაზარია, ძმაო, გამიგია, რომ ეს ქალი შვიდ ქმარს გააყოლეს და ყველამ სული დალია სანთიობოში.
15მე კი ერთადერთი ვყავარ მამაჩემს და მეშინია, ვაითუ მეც ჩემი წინამორბედების ბედი გავიზიარო. ეს ქალი ხომ თვით ეშმაკს უყვარს, რომელიც მხოლოდ იმას ერჩის, ვინც მის სატრფოს მიეკარება. ამიტომაც მეშინია, ვაითუ მოვკვდე და ჩემზე მგლოვიარე დედ-მამას სიცოცხლე მოვუსწრაფო; სხვა შვილი და სხვა დამმარხველი მათ არა ჰყავთ.“
16ანგელოზმა უთხრა: „ნუთუ აღარ გახსოვს მამაშენის შეგონება, შენი გვარის ცოლი უნდა მოიყვანოო? მაშ, ისმინე, ძმაო, რაკი შენი საბედოა, ეშმაკის შიში ნუ გექნება; იმ ღამესვე მოგეცემა ცოლად.
17სანთიობოში შესვლისთანავე აიღე მღვივანი სასაკმევლე, ზედ თევზის გულ-ღვიძლი დადე და აკმიე. როგორც კი სუნი ეცემა, ეშმაკი გაიქცევა და აღარასოდეს შემოიქცევა უკან.
18როგორც კი ქალთან მიახლოებას დააპირებ, ორივენი ადექით და შეევედრეთ მოწყალე ღმერთს. ის გიხსნით და შეგიწყალებთ. ნურაფრის შიში ნუ გაქვს, რადგანაც ოდითგანვე შენი საბედოა ეს ქალი, შენ იხსნი, შენ გამოგყვება და დარწმუნებული ვარ, რომ შვილები გეყოლება მისგან.“
19ეს რომ გაიგონა, ტობიას გულში ჩაუვარდა ის ქალი და სულით მიეწება მას.

Currently Selected:

ტობითი 6: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in