ქებ. 8
8
საუკუნოდ შეერთებულთა ერთგულება
1„ნეტავ ჩემი ძმა ყოფილიყავი, დედაჩემის ძუძუთა მწოველი! გარეთ გიპოვნიდი, გაკოცებდი და არ დამძრახავდნენ.
2წაგიძღვებოდი და დედაჩემის სახლში შეგიყვანდი; შენ მასწავლიდი, მე კი სურნელოვან ღვინოს – ჩემი ბროწეულის წვენს შეგასმევდი.
3მისი მარცხენა ჩემს თავქვეშ იქნებოდა, მარჯვენა მომეხვეოდა მისი!“
4„გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს!“
5„ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, თავისი საყვარლის მხარს დაყრდნობილი?“ „ვაშლის ხის ქვეშ გაგაღვიძე შენ. იქ გშვა დედამ შენმა, იქ გშვა მშობელმა შენმა.
6დამდევი, როგორც ბეჭედი შენს მკერდზე, როგორც ბეჭედი შენს მკლავზე; რადგან ძლიერია სიკვდილივით სიყვარული, სასტიკია ჯოჯოხეთივით შური; არმური მისი ცეცხლის არმურია, უფლის ალი.
7ვერ დაშრეტს სიყვარულს წყალი მრავალი და მდინარე ვერ წარხოცავს მას. კიდეც რომ გასცეს კაცმა სახლის მთელი დოვლათი სიყვარულის წილ, მაინც არ ასცდება სიძულვილი.“
8„პატარაა დაი ჩვენი და ჯერ არ დამჩნევია ძუძუები. რა ვუყოთ ჩვენს დას იმ დღეს, როცა დაუდგება ნიშნობის ჟამი?
9ზღუდე რომ იყოს, ვერცხლის ქონგურებს დავუშენებდით; კარი რომ იყოს, ნაძვის ფიცრებს მივუდგამდით.“
10„მე ზღუდე ვარ ახლა კი მოწიფული ვჩანვარ მის თვალში.
11ჰქონდა ბაყალ-ხამონში ვენახი სოლომონს და ჩააბარა მცველებს ვენახი. თითოეულს ათასი ვერცხლი მოჰქონდა ყურძნის სანაცვლოდ.
12ჩემი ვენახი კი ჩემს წინაშეა. ათასი შენია, სოლომონ, და ორასი – ნაყოფთა მცველების.“
13„ბაღების მკვიდრო, მეგობრები ისმენენ შენს ხმას – მასმინე მეცა!“
14„გაიქეცი, საყვარელო ჩემო! ემსგავსე ნიამორს ანუ ირმის ნუკრს სურნელთა მთებზე.“
Currently Selected:
ქებ. 8: GEO02
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002