სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 8
8
1ნუ შეებრძოლები ძლიერ კაცს, იქნებ ოდესმე მის ხელში ჩავარდე.
2ნუ შეედავები მდიდარ კაცს, ვაითუ გძლიოს, რადგანაც ბევრი დაუღუპავს ოქროს და მეფეთა გული გადაუხრია.
3ნუ შეეჭიდები მოლაყბეს, მის ცეცხლს შეშას ნუ შეუკეთებ.
4ნუ ეხუმრები უმეცარს, რათა შენი წინაპრები არ შეურაცხყო.
5ნუ ჰყვედრი ცოდვისაგან მოქცეულ კაცს, გახსოვდეს, ყველას წყევლის სიმძიმე გვაწევს.
6ნუ შეურაცხყოფ ბებერ კაცს, ვინაიდან ჩვენც დავბერდებით.
7ნუ გიხარის კაცის სიკვდილი, გახსოვდეს, ყველანი მოვკვდებით.
8ნუ უგულებელყოფ ბრძენთა მონათხრობს და მათ იგავებს მიუგდე ყური, რათა მათი წყალობით შეიძინო ცოდნა და დიდებულთა სამსახური ისწავლო.
9ყურად იღე მხცოვანთა ნაამბობი, რადგან მათაც თავიანთ მამა-პაპათაგან უსწავლიათ; მათგან შეიძენ განსჯის უნარს და იმასაც, თუ ვის როდის რა მიუგო.
10ნუ გააღვივებ ცოდვილის ნაკვერჩხლებს, ვაითუ მისმა ცეცხლმა დაგდაგოს.
11ნუ აღიძვრი თავხედის წინააღმდეგ, ვაითუ შენს სიტყვას ჩაუსაფრდეს.
12ფულს ნუ ასესხებ შენზე ძლიერ კაცს; თუ ასესხებ, დაკარგულად ჩათვალე.
13თავს ნუ იდებ, რაც შენს ძალას აღემატება; თუ თავს იდებ, მოიქეცი როგორც მოვალე.
14ნუ უჩივლებ მსაჯულს, რომელსაც მისი პატივისამებრ განსჯიან.
15ნუ დაემგზავრები თავგასულს, რადგანაც ისე მოიქცევა, როგორც ნებავს, და შეიძლება მისმა სიშლეგემ დაგღუპოს.
16ნუ შეედავები გულფიცხს და მასთან ერთად ნუ გადაივლი უდაბნოს, რადგანაც სისხლი არაფრად უჩანს და სადაც არავინ შეგეწევა, იქ დაგამხობს.
17რჩევას ნუ ჰკითხავ ბრიყვს, რადგან სიტყვას ვერ შეგინახავს.
18უცხოს წინაშე დასამალს ნუ ჩაიდენ რასმე, რადგან არ იცი, როგორ მოიქცევა.
19გულს ნუ გადაუშლი ყველას, რადგანაც არ დაგიმადლებს.
Currently Selected:
სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 8: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002