Bible App logo
Search Icon

სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 6

6
1ნუ აღზევდები შენს ფიქრებში, ხარივით რომ არ აიქნას შენი სული.
2შეჭამ შენს ფოთლებს, დაღუპავ ნაყოფს და დარჩები გამხმარ ხესავით.
3ბოროტი სული დაღუპავს პატრონს და მტრების საცინად აქცევს.
4ტკბილი ბაგე მეგობრებს იმრავლებს, ამოდმოუბარი ენა კი – კეთილგანწყობას.
5მშვიდობისმყოფელნი გიმრავლოს, ხოლო მრჩევლად ერთი გყავდეს ათასში.
6თუ მეგობრის შეძენა გსურს, განსაცდელში შეიძინე და მალე ნუ მიენდობი.
7რადგანაც ზოგი მეგობარი თავისთვის ზრუნავს და ზურგს შეგაქცევს გასაჭირში.
8ზოგი მეგობარი მტრად გექცევა და იბრძოლებს შენს დასამცირებლად.
9ზოგი მეგობარი პურსა ჭამს შენთან, მაგრამ გაჭირვების ჟამს მხარში არ ამოგიდგება.
10შენსავით იქნება შენს მოკეთეებში და წრფელად ისაუბრებს შენიანებთან.
11მაგრამ თუ დაკნინდები, განდგება და თვალით აღარ დაგენახება.
12ერიდე მტრებს და წინდახედული იყავი მეგობრებთან.
13ერთგული მეგობარი მტკიცე სიმაგრეა, გინდ ის გიპოვია და გინდ საუნჯე.
14ერთგულ მეგობარს ვერავინ შეცვლის, მისი სიკეთე არ განიზომება.
15ერთგული მეგობარი სიცოცხლის მკურნალია; უფლის მოშიშნი შეიძენენ მას.
16უფლის მოშიში მეგობრობას ისე წარმართავს, რომ როგორიც თვითონაა, ისეთივე იყოს მისი მოყვასიც.
17შვილო, სიყრმიდანვე დაუდე გული სწავლას და ჭაღარის შერთვამდე შეიძენ სიბრძნეს.
18მხვნელ-მთესველივით მიჰყავი ხელი მას და დაელოდე მის კეთილ ნაყოფს.
19რადგანაც ერთხანს ქანცი გაგიწყდება მასზე ზრუნვაში, მაგრამ მალე იგემებ მის ნაყოფს.
20სასტიკია უმეცართათვის და უგუნური ვერ გაძლებს მის გვერდით.
21საჯილდაო ქვასავით დასძლევს მას და ისიც დაუყოვნებლივ შეეცდება მის გადაგდებას.
22სიბრძნე ამართლებს თავის სახელს და მრავალს როდი განეცხადება.
23მისმინე, შვილო, ყურად იღე ჩემი შეგონება და ნუ უარყოფ ჩემს რჩევას.
24მისი ბორკილი დაიდე ფეხზე და მისი ჯაჭვი – ქედზე.
25მხარი შეუდგი და ციმციმ წაიღე, ნუ დაგამძიმებს მისი ბორკილი.
26მიეახლე მთელი სულით და მთელი შენი ძალით მისდიე მის გზას.
27მაშ, იკვლიე და იძიე, მხოლოდ ასე შეიცნობ მას. და როცა დაეუფლები, ნუღარ მიატოვებ
28რადგანაც ბოლოს მასში ჰპოვებ შვებას და სიხარულად გექცევა იგი.
29მისი ბორკილი მტკიცე საფარველი იქნება შენთვის, ხოლო მისი ჯაჭვი – სამოსი დიდებისა.
30რადგანაც მისი ბორკილი ოქროს სამკაულია, ხოლო მისი ჯაჭვი – იაკინთისაგან წნული.
31შეიმოსავ მას, როგორც დიდების სამოსს და სიხარულის გვირგვინს დაიდგამ.
32შვილო, თუ მას ისურვებ, განისწავლები, და თუ სულს მიუძღვნი მას, მრავლისმცოდნე იქნები.
33თუ სიყვარულით მიაპყრობ ყურს, ჩასწვდები მას, და თუ სმენად იქცევი, ბრძენი გახდები.
34იარე მხცოვანთა საკრებულოში; ვინც ბრძენია, მას მიეახლე. ყური უგდე საღვთო ამბებს და ბრძნული იგავები არ გამოგეპაროს.
35თუ სწავლულს ნახავ, დილაუთენია ეწვიე, დაე, შენმა ფეხმა გაცვითოს მისი ზღურბლი.
36დაუფიქრდი უფლის ბრძანებებს და დღენიადაგ სწავლობდე მის მცნებებს. ის განამტკიცებს შენს გულს და მოგაწყურებს სიბრძნეს.

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in