სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 2
2
1შვილო, თუ სამსახურად მიეახლები უფალს, განსაცდელისთვის გაამზადე სული.
2მოთოკე გული, მოთმინებით აღიჭურვე და განსაცდელის ჟამს ნუ აჩქარდები.
3მიეახლე ღმერთს და არ განშორდე, რათა ამაღლდე საბოლოოდ.
4უდრტვინველად მიიღე ყველაფერი, რაც შეგემთხვევა, და სულგრძელობით დაითმინე დამცირებანი.
5რადგანაც ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი – მორჩილების ქურაში.
6ერწმუნე მას და დაგიფარავს, სწორი გზით იარე და გქონდეს მისი იმედი.
7უფლის მოშიშნო, მის წყალობას ელოდეთ და ნუ განუდგებით, რომ არ დაეცეთ.
8უფლის მოშიშნო, გწამდეთ მისი და არ დაგეკარგებათ თქვენი საზღაური.
9უფლის მოშიშნო, სიკეთის, საუკუნო სიხარულისა და წყალობის იმედი გქონდეთ.
10გადახედეთ ძველ თაობებს და იხილეთ: ვის სწამდა უფალი და შერცხვენილ იქნა? ვინ იყო მისი მოშიში და მიტოვებულ იქნა? ანდა ვინ უხმო უფალს და მან უგულებელყო?
11რადგან უფალი მლმობელია და მოწყალე, ცოდვათა მიმტევებელი და მხსნელი გაჭირვების ჟამს.
12ვაი, გულმხდალთა და ხელძაბუნთ, ორი გზით მოარულ ცოდვილთ.
13ვაი, დაუძლურებულ გულს, რადგან არა სწამს, და ამიტომაც არ იქნება დაცული.
14ვაი, მოთმინებადაკარგულნო, რას იზამთ, როცა მოგაკითხავთ უფალი?
15უფლის მოშიშნი ურწმუნონი არ იქნებიან მისი სიტყვების მიმართ, და უფლის მოყვარულნი დაიცავენ მის გზას.
16უფლის მოშიშნი მის წყალობას ეძიებენ და მისი მოყვარულნი გაძღებიან სჯულით.
17უფლის მოშიშინი თავიანთ გულებს გაამზადებენ და მის წინაშე მოიდრეკენ ქედს.
18ჩავვარდეთ უფლის ხელში და არა კაცთა ხელში, ვინაიდან როგორიცაა მისი სიდიადე, იმგვარივეა მისი წყალობა.
Currently Selected:
სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 2: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002