YouVersion Logo
Search Icon

რომ. 3

3
იუდეველთა უპირატესობა
1აბა, რა არის იუდეველის უპირატესობა ან წინადაცვეთილობის სარგებლობა?
2დიდია უპირატესობა ყოველნაირად, პირველ ყოვლისა: მათ აქვთ მინდობილი ღვთის სიტყვები,
3თორემ რაა? თუ ზოგიერთებს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააბათილებს ღვთის რწმენას?
4არამც და არამც! ღმერთია ჭეშმარიტი და ყოველი ადამიანი – ცრუ, როგორც სწერია: „რადგან მართალი ხარ შენს სიტყვებში, გამართლებული ხარ შენი განკითხვისას.“
5ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გამოაჩენს ღვთის სიმართლეს, რაღა გვეთქმის? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც მოავლენს რისხვას? – ვლაპარაკობ ადამიანურად.
6არამც და არამც! სხვაგვარად როგორღა განიკითხოს ღმერთმა სოფელი?
7ვინაიდან, თუ ჩემი სიცრუით გამრავლდა ღვთის ჭეშმარიტება მისი დიდებისათვის, რაღად ვიქნე განკითხული როგორც ცოდვილი?
8მაშ, ხომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა კეთილი გამოვიდეს? როგორც ზოგიერთები ავსიტყვაობენ ჩვენზე და ამბობენ, თითქოს ასე ვასწავლიდეთ? სამართლიანია განკითხვა ასეთებზე.
9მერედა, რა? გვაქვს უპირატესობა? არავითარი, რადგან უკვე განვსაჯეთ, რომ იუდეველებიც და ბერძნებიც ცოდვის ქვეშ არიან.
არავინაა მართალი
10როგორც სწერია: „არავინ არის მართალი,
11არავინ არის გონიერი; არავინ ეძებს ღმერთს.
12ყველანი გზას ასცდნენ, აღარავინ გამოდგება. არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ.
13მათი ხორხი ღია სამარეა. ენებით ცრუობენ. მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია.
14მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე.
15მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად.
16ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე
17და მშვიდობის გზა არ იციან.
18ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ.“
19ხოლო ჩვენ ვიცით, რომ, რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ მყოფთათვის ამბობს, რათა დაიხშოს ყოველი ბაგე და მთელი სოფელი ბრალდებული გახდეს ღვთის წინაშე.
20იმიტომ, რომ რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა.
იუდეველთა და წარმართთა გამართლება
21ხოლო ახლა, რჯულისგან დამოუკიდებლად, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რომელსაც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი,
22ღვთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნისადმი, ვინაიდან არ არის განსხვავება,
23ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას,
24და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით,
25რომელიც წინდაწინ დააყენა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად რწმენის მეშვეობით, მისსავე სისხლში, რათა უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღვთის სულგრძელებაში,
26რომ ამჟამად გამოჩნდეს მისი სიმართლე, რათა იგი იყოს მართალი და იესოს მორწმუნის გამმართლებელი.
27სადღაა დასაკვეხნი? აღარ არსებობს. რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით.
28რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთაგან დამოუკიდებლად.
29განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია? განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც.
30ვინაიდან ერთია ღმერთი, რომელიც ამართლებს წინადაცვეთილებს რწმენის გამო და წინადაუცვეთელებს – რწმენით.
31მაშ, ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ განვამტკიცებთ რჯულს.

Currently Selected:

რომ. 3: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy