YouVersion Logo
Search Icon

რომ. 12

12
სხეული შესწირეთ ცოცხალ მსხვერპლად
1ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღვთის წყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად, რაც თქვენი სულიერი მსახურება იქნება.
2და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
სხეული ერთია, ასოები – ბევრი
3ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ საღად, იმ რწმენის კვალობაზე, რაც ღმერთმა გიწილადათ თითოეულს.
4ვინაიდან ჩვენ ერთ სხეულში მრავალი ასო გვაქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე.
5ასევე ჩვენ, მრავალნი ერთ სხეულად ვართ ქრისტეში, ხოლო ერთიმეორისათვის – ასონი.
6და გვაქვს მადლით სხვადასხვა ნიჭი, ჩვენთვის მოცემული, თუ ქადაგებაა – რწმენის მიხედვით,
7თუ მსახურებაა – მსახურებაში, თუ მოძღვარია – დამოძღვრაში,
8თუ გამამხნევებელია – გამხნევებაში, გამნაწილებელია – უბრალოებაში, წინამდგომია – სიბეჯითეში და მწყალობელია – მხიარულებაში.
გიყვარდეთ, აკურთხეთ, იხარეთ
9სიყვარული წრფელი იყოს. გძაგდეთ ბოროტი და მიეკვროდეთ კეთილს.
10ძმათმოყვარეობაში – ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით, პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით.
11იბეჯითეთ და ნუ დაიღლებით. სულით აღეგზნეთ. ემსახურეთ უფალს.
12იხარეთ იმედში, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – ურყევნი.
13მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებაში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას.
14ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ და ნუ წყევლით.
15მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ.
16ერთსულოვანნი იყავით ერთმანეთში. ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ მორჩილებს მისდიეთ, ბრძენი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი.
17ნურავის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. ცდილობდეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე.
18თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით.
19შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან სწერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი.“
20ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე. ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე.
21არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ სძლიე ბოროტს კეთილით.

Currently Selected:

რომ. 12: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in