გამოცხ. 2
2
ეფესელთა ეკლესიას:
შენ მიატოვე პირველი სიყვარული
1„ეფესოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს, ვისაც შვიდი ვარსკვლავი უპყრია თავის მარჯვენაში და მიმოდის შვიდ ოქროს სასანთლეს შორის:
2ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და შენი მოთმინება, და ისიც, რომ არ შეგიძლია ბოროტთა ატანა და გამოსცადე ისინი, რომლებიც თავს მოციქულებად უხმობენ, და არ არიან, და ჰპოვე ისინი ცრუებად.
3გაქვს მოთმინება და გაიტანჯე ჩემი სახელის გულისათვის და არ დაქანცულხარ.
4მაგრამ შენს საწინააღდეგოდ ისა მაქვს, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული.
5ამიტომ გაიხსენე, საიდან დაეცი, და მოინანიე და აკეთე შენი პირვანდელი საქმეები. თუ არა და, მალე მოვალ შენთან და გადავწევ შენს სასანთლეს თავისი ადგილიდან, თუ არ მოინანიებ.
6მაგრამ ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმეები, რომლებიც მეც მძულს.
7ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: ვინც გაიმარჯვებს, ვაგემებინებ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც ღვთის სამოთხეშია.
სმირნის ეკლესიას:
იყავით ერთგულნი სიკვდილამდე
8„სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:
9ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, თუმცა შენ მდიდარი ხარ, და გმობა მათგან, რომლებიც თავს იუდეველებად უხმობენ, და არ არიან, არამედ სატანის საკრებულო არიან.
10ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი გადატანაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი ჩააგდებს ზოგ თქვენგანს საპყრობილეში, რათა გამოიცადოთ. და გექნებათ ჭირი ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს.
11ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს ვნება არ ექნება მეორე სიკვდილისგან.
პერგამოს ეკლესიას: სადაც სატანის ტახტია
12„პერგამოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს, ვისაც ორლესული მახვილი აქვს:
13ვიცი, რომ იქ ცხოვრობ, სადაც სატანის ტახტია და რომ გიჭირავს ჩემი სახელი და არ უარყავი ჩემი რწმენა ჩემი ერთგული მოწამის, ანტიპას დღეებშიც კი, რომელიც მოკლეს თქვენს შორის, სადაც სატანა სახლობს.
14მაგრამ მცირე რამ მაქვს შენს საწინააღმდეგოდ, ვინაიდან არიან იქ შენთან, რომლებიც მისდევენ ბილყამის მოძღვრებას, რომელმაც ასწავლა ბალაკს და აცდუნა ისრაელიანები, რათა ეჭამათ ნაკერპავი და ემეძავათ.
15ასევე იმყოფებიან შენთან, რომლებიც მისდევენ ნიკოლაელთა მოძღვრებას, რომელიც მე მძულს.
16მაშ, მოინანიე, თუ არა და, მალე მოვალ შენთან და შევებრძოლები მათ ჩემი პირის მახვილით.
17ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს მივცემ გადანახული მანანისაგან და მივცემ მის თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, გარდა მიმღებისა.
თიატირას ეკლესიას:
რაც გაქვს, გეჭიროს, ვიდრე მოვიდოდე
18„თიატირას ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს ძე ღვთისა, რომლის თვალები ცეცხლის ალს წააგავს და ფეხები მისი ელვარე სპილენძივითაა:
19ვიცი შენი საქმენი და სიყვარული, შენი რწმენა და მსახურება, შენი მოთმინება და რომ შენი უკანასკნელი საქმეები წინანდელზე მეტია.
20მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ისა მაქვს, რომ ნებაზე უშვებ შენს დედაკაცს იეზაბელს, რომელიც თავს წინასწარმეტყველად უხმობს, ასწავლის და აცდენს ჩემს მსახურთ, რომ იმეძაონ და ნაკერპავი ჭამონ.
21მე მივეცი მას დრო, რომ მოენანიებინა, მაგრამ არ სურს მოინანიოს თავისი მეძაობა.
22აჰა, მე დავაგდებ მას სარეცელზე, ხოლო მათ, ვინც მასთან ერთად მეძაობდნენ, დიდ გასაჭირში ჩავყრი, თუ არ მოინანიებენ თავიანთ საქმეებს.
23სიკვდილით დავხოცავ მის შვილებს და გაიგებს ყველა ეკლესია, რომ მე ვიკვლევ თირკმელებს და გულს, და ყოველ თქვენგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ.
24ხოლო დანარჩენებს, რომლებიც თიატირაში იმყოფებით, გეუბნებით: ყველას, ვისაც არა აქვს ეს მოძღვრება და არ იცის სატანის სიღრმეები, როგორც ისინი ამბობენ, არ დაგაკისრებთ სხვა ტვირთს.
25რაც გაქვთ, მხოლოდ ის გეჭიროთ, ვიდრე მოვიდოდე.
26ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეებს, მას მივცემ ხელმწიფებას წარმართებზე, –
27დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით და დაიმსხვრევიან, როგორც თიხის ჭურჭელი, – ისევე, როგორც მე მივიღე ჩემი მამისაგან.
28და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს.
29ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
Currently Selected:
გამოცხ. 2: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002