YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 118

118
ანბანთქება
ალეფ
1ნეტარ არიან უბიწონი გზაზე, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე.
2ნეტარ არიან მის მცნებათა დამცველნი, მთელი გულით რომ ეძებენ მას.
3არც სიავკაცე ჩაუდენიათ, მისი გზით დადიან!
4შენ ამცნე შენს ბრძანებათა დაცვა რათა ზედმიწევნით დაიცვან.
5ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები შენი წესდების დასაცავად!
6მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს ყოველ მცნებას.
7განგადიდებდი გულის სიწრფელით, როს მასწავლიდი სამართალს შენი სიმართლისა.
8შენს წესებს დავიცავ; ნუ მიმატოვებ საბოლოოდ!
ბეთ
9რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმინდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ!
10მთელი გულით გეძიებ შენ; ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან!
11გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შეგცოდო.
12კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი.
13ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას.
14შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ სიმდიდრეზე.
15შენს მცნებებზე ვიფიქრებ და დავუკვირდები შენს გზებს.
16შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვებს.
გიმელ
17კეთილი უყავ შენს მორჩილს, რათა და დავიცვა შენი სიტყვა.
18აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას!
19მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს!
20მოითენთა სული ჩემი წადილით შენი სამართლისა ყოველჟამს.
21შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი,
22ამაცილე სირცხვილი და შეურაცხყოფა, რადგან შენს მცნებებს ვიცავდი!
23დასხდებიან კიდეც მთავარნი, შენი მორჩილი კი ისაუბრებს შენს წესებზე.
24შენი მცნებებიც სიხარულია ჩემთვის; მრჩეველნი ჩემნი.
დალეთ
25მიწა-მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
26გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე წესები შენი.
27გზა შენთა ბრძანებათა გამაგებინე და ვილაპარაკებ შენს საოცრებებზე.
28ნაღველმა დაადნო სული ჩემი, გამამაგრე შენი სიტყვისამებრ!
29გზა სიცრუისა განმაშორე და შენი რჯულით შემიწყალე!
30გზა ჭეშმარიტებისა ამოვირჩიე, შენი სამართალნი წინ დავიყენე.
31მივეკარ შენს მცნებებს, უფალო, ნუ გამაწბილებ.
32შენთა მცნებათა გზით ვრონინებდე, რადგან განავრცობ ჩემს გულს.
ჰე
33მიჩვენე, უფალო, გზა შენთა წესთა, და დავიცავ ბოლომდე.
34გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით.
35დამაყენე შენთა მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი.
36მიდრიკე ჩემი გული შენს მოწმობათაკენ და არა ანგარებისაკენ
37მოარიდე თვალი ჩემი ამაოების ცქერას; შენი გზით მაცოცხლე!
38დაუმტკიცე შენს მონას შენი ნათქვამი შენგან მოშიშების გამო.
39ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან შენნი სამართალნი კეთილია!
40აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე მე!
ვავ
41მოვიდნენ ჩემზე წყალობანი შენნი, უფალო, ხსნა შენმიერი, შენი სიტყვისამებრ!
42და პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს; რადგან ვიმედოვნებ შენი სიტყვით.
43ნუ წაართმევ ჩემს ბაგეთ ჭეშმარიტების რადგან შენს სამართალს მოველი!
44დავიცავ შენს რჯულს მარადის, უკუნითი უკუნისამდე.
45ვივლი ხალვათად, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.
46ვილაპარაკებ შენს მოწმობებზე მეფეთა წინაშე და არ შემრცხვება.
47გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს;
48ხელთ აღვაპყრობ შენთა მცნებათა მიმართ, რომლებიც მიყვარს, და ვისაუბრებ შენს წესებზე.
ზაინ
49გაუხსენე შენს მორჩილს სიტყვა, რომლითაც დამაიმედე მე!
50ეს არის ჩემი ნუგეში გაჭირვებაში, რადგან შენმა ნათქვამმა გამაცოცხლა.
51ამპარტავანნი დამცინოდნენ მეტისმეტად; შენი რჯულიდან არ გადამიხვევია.
52ვიხსენიებდი შენს სამართალს, უფალო, რომელიც უკუნისიდან არის ადრიდანვე, და დარდს ვიქარვებდი.
53თავზარი მეცემოდა ურჯულოთა გამო, რომლებიც ტოვებდნენ შენს რჯულს.
54სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს საცხოვრებელ სახლში.
55ვიხსენებდი ღამით შენს სახელს, უფალო, და ვიცავდი შენს რჯულს.
56ეს იყოს ჩემთვის, რადგან შენს ბრძანებას ვიცავდი.
ხეთ
57ჩემი ხვედრია, ვთქვი, უფალო, შენთა სიტყვათა დაცვა!
58გევედრებოდი მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ.
59ვფიქრობდი ჩემს გზებზე და ვიბრუნებდი ფეხს შენი მცნებებისაკენ.
60ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენთა მცნებათა დაცვას.
61საბელებივით გარს შემომერტყნენ ბოროტეულნი, შენი რჯული არ დავივიწყე.
62შუაღამისას ვდგები შენს სადიდებლად, შენი მართალი განსჯების გამო.
63თანაზიარი ვარ ყოველთა მოშიშთა შენთა, და ვინც იცავენ შენს მცნებებს.
64შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება;
ტეტ
65კეთილი ქმენ შენი მორჩილისათვის, უფალო, შენი სიტყვისამებრ.
66კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, რადგან ვირწმუნე შენი მცნებანი.
67ვიდრე დავიტანჯებოდი, შევცდი; ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ.
68კეთილი ხარ და კეთილსა იქმ, მასწავლე წესები შენი.
69ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს.
70დამსუყდა ცხიმივით მათი გული, მე შენი რჯულით ვხარობდი.
71კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესდებანი შენი.
72უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი.
იოდ
73შენმა ხელებმა შემქმნეს და წარმმართეს; შთამაგონე და ვისწავლი შენს მცნებებს.
74მოშიშნი შენნი შემხედავენ და გაიხარებენ, რადგან შენს სიტყვებზე ვარ მინდობილი.
75ვიცოდი, უფალო, რომ მართალია შენი სამართალი, და სამართლიანად შემაჭირვე.
76დაე, იყოს შენი წყალობა ჩემს სანუგეშოდ, როგორც აღუთქვი შენს მორჩილს!
77მოვიდეს ჩემდამი წყალობა შენი და ვიცოცხლებ! რადგან შენი რჯული სიხარულია ჩემი.
78შერცხვეთ ამპარტავნებს, მე კი ვისაუბრებ შენს ბრძანებებზე.
79დაბრუნდნენ ჩემთან მოშიშნი შენნი და მცოდნენი შენი მცნებებისა.
80იყოს ჩემი გული უბიწო შენს სამართალში, რათა არ შევრცხვე.
ქაფ
81დადნა შენი შეწევნის მოლოდინში ჩემი სული. შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
82დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში, ვამბობ: „როდის მანუგეშებ მე?“
83ვიყავი, ვითარცა ტიკი ორთქლში, და მაინც შენი წესები არ დავივიწყე.
84რაღამდენია დღენი შენი მორჩილისა? როდის გაასამართლებ ჩემს მდევნელებს?
85გამითხარეს ამპარტავნებმა ორმო, მათ, ვინც არ მიჰყვებიან შენს რჯულს.
86ყველა შენი მცნება ჭეშმარიტებაა; სიცრუვით მდევნიან, მიშველე.
87ლამის გამანადგურეს მიწაზე; და მაინც არ მივატოვე შენი ბრძანებანი.
88შენი წყალობით მაცოცხლე და დავიცავ მოწმობებს შენი პირისას.
ლამედ
89უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში.
90თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი! დაამყარე ქვეყანა და დგას.
91შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველნი გმსახურებენ.
92შენი რჯული რომ არ ყოფილიყო ჩემდა ნუგეშად, დავიღუპებოდი ჩემს ტანჯვაში.
93უკუნისამდე არ დავივიწყებ ბრძანებებს შენსას, რადგან მათით მასულდგმულებდი.
94შენი ვარ; მიხსენი, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი!
95მიდარაჯდებიან ბოროტნი, რომ დამღუპონ; შენს მცნებებს ღრმად ვუკვირდები.
96ყოველნაირი სრულქმნილების მინახავს ბოლო; მაგრამ ვრცელია შენი მცნებანი ფრიად.
მემ
97რარიგად მიყვარს რჯული შენი! ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ.
98ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენე შენი მცნებით; რადგან მარადის ჩემთანაა იგი.
99ყველა ჩემს მასწავლებელზე გონიერი გავხდი, რადგან შენი მცნებანი საფიქრალია ჩემი.
100მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგანაც შენს ბრძანებებს ვიცავ.
101ყოველგვარ ბოროტ გზას მოვარიდე ფეხი, რათა დავიცვა შენი სიტყვა.
102შენთა განგებულებათაგან არ გადამიხვევია, რადგან შენ გამასწავლე.
103რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის!
104შენი ბრძანებით საზრიანი გავხდი, ამიტომ მოვიძულე სიცრუის ყოველი გზა.
ნუნ
105სანთელია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე – ჩემი ბილიკისათვის.
106დავიფიცავ და ავასრულებ, შენს მართალ განსჯებს.
107დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ!
108ნებსითი მსხვერპლი ჩემი პირისა ისურვე, გთხოვ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავლე.
109სული ჩემი ჩემს ხელისგულზეა მუდამ, და შენს რჯულს არ ვივიწყებ.
110დამიგეს ბოროტებმა მახე, მაგრამ შენი ბრძანებებისთვის არ გადამიხვევია.
111დავიმკვიდრე მოწმობანი შენნი საუკუნოდ, რადგან ისინი ჩემი გულის სიხარულია.
112მოვდრიკე გული ჩემი წესთა შენთა
სამეხ
113ბოროტგანმზრახველნი შევიძულე, და შენი რჯული შევიყვარე.
114თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი; შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
115შორს ჩემგან, უკეთურნო, და მე დავიცავ მცნებებს ჩემი ღმერთისას!
116შემეწიე შენი სიტყვისამებრ და ვიცოცხლო, და ნუ გამიწბილებ ჩემს იმედს!
117განმამტკიცე და გადავრჩე, ასეა ჩემი შველა და ჩავწვდები შენს წესდებებს ყოველთვის.
118მოსრე ყოველი, ვინც განუდგა შენს წესებს, რადგან სიცრუეა მათი ხრიკები.
119როგორც ნაყარ-ნუყარი, მოსპე ყოველი ბოროტი ქვეყანაზე, ამიტომ შევიყვარე მცნებანი შენნი.
120თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების.
ყაინ
121ვქმენ სამართალი და სიმართლე; ნუ შემატოვებ მჩაგვრელებს ჩემსას.
122გამოესარჩლე შენს მორჩილს სასიკეთოდ, რომ არ დამჩაგრონ ამპარტავნებმა.
123დადნენ თვალნი ჩემნი შენი შეწევნისა და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში.
124მოიმოქმედე შენი მორჩილისთვის შენი წყალობისამებრ და წესდებანი შენი მასწავლე.
125მორჩილი ვარ შენი; გონიერ-მყავ, რათა შევიმეცნო მოწმობანი შენნი.
126ჟამია უფლის მოქმედებისა – მოშალეს რჯული შენი!
127ამიტომ მიყვარს მცნებანი შენნი ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად;
128ამიტომ ყველა შენი ბრძანება მძულს ყოველი გზა სიცრუისა.
ფე
129საოცარია მოწმობანი შენნი; ამიტომ ინახავს მათ სული ჩემი.
130საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, აგონიერებს მიამიტებს.
131პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენნი.
132მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერებათ შენი სახელის მოყვარულთ.
133ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვისამებრ და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურა უსამართლოს.
134გადამარჩინე ადამიანის ჩაგვრისაგან, ასე დავიცავ შენს ბრძანებებს.
135შენი სახე მოაშუქე შენს მორჩილს და მასწავლე წესდებანი შენი.
136ცრემლთა ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს.
ცადე
137მართალი ხარ შენ, უფალო, და სწორია გამგებულებანი შენი.
138ამცნე სიმართლით მოწმობანი შენნი და ჭეშმარიტია მეტად.
139დამღრღნა ეჭვმა, რადგან დაივიწყეს
140ხალასია შენი ნათქვამი ფრიად და შენს მორჩილს უყვარს იგი.
141მცირე ვარ და მოძულებული; შენს ბრძანებებს არ ვივიწყებ.
142სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა, და შენი რჯული ჭეშმარიტია.
143განსაცდელი და გაჭირვება წამომეწია; მაგრამ შენი ბრძანებანი სიხარულია ჩემთვის.
კოფ
144სიმართლეა შენი მოწმობანი მარადის; შთამაგონე და ვიცოცხლებ!
145მოგიხმობ მთელი გულით; შენს წესდებებს დავიცავ.
146შენ მოგიხმობ, გადამარჩინე, და დავიცავ შენს მოწმობებს.
147გარიჟრაჟამდე მოვალ და ვიღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
148ჩემმა თვალებმა დაასწრეს ღამის ებგურს, რათა ვილაპარაკო შენს ნათქვამზე.
149ჩემი ხმა ისმინე შენი წყალობისამებრ, უფალო, შენი სიმართლისამებრ მაცოცხლე.
150ახლოს არიან ავისმზრახველნი; შენი რჯულისაგან კი შორს დგანან.
151ახლოს ხარ, უფალო, და ყოველი მცნება შენი ჭეშმარიტებაა.
152ადრიდანვე შევიტყვე შენთა მოწმობათა შესახებ, რომ სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი.
რეშ
153შეხედე ჩემს სიგლახაკეს და გადამარჩინე, რადგან შენი რჯული არ დავივიწყე!
154გამომესარჩლე და დამიხსენი, შენი სიტყვისამებრ მაცოცხლე.
155შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესდებებს არ ეძიებენ.
156მოწყალებანი შენნი უხვია, უფალო, შენი სამართლის მიხედვით მაცოცხლე.
157ბევრია ჩემი მდევარი და მოდავე; შენი მოწმობებისათვის არ გადამიხვევია.
158ვხედავ განდგომილთ და ზიზღი მიპყრობს, რადგან შენს სიტყვებს არ იცავენ.
159ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი; უფალო, შენი წყალობისამებრ მაცოცხლე.
160დასაბამი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა ყველა განგებულება შენი სამართლისა.
შინ
161მთავარნი მდევნიან უმიზეზოდ; და შენი სიტყვებისაგან დაშინებულია გული ჩემი.
162ვხარობ შენს სიტყვაზე, ვითარცა მპოვნელი უხვი ნადავლისა.
163სიცრუე მძულს და მძაგს; შენი რჯული მიყვარს.
164დღეში შვიდგზის გაქებ შენი მართალი განსჯებისათვის.
165დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება.
166იმედი მქონდა შენი შეწევნისა, უფალო, და შენს ბრძანებებს ვასრულებდი.
167იცავდა ჩემი სული შენს მოწმობებს და მე ისინი მიყვარს ძალიან.
168ვიცავდი შენს ბრძანებებს და მოწმობებს. რადგან ყველა ჩემი გზა შენს წინაშეა.
თავ
169მოახლოვდეს ჩემი ღაღადი შენს წინაშე, უფალო, და შენი სიტყვისამებრ განმსწავლე.
170მოვიდეს ჩემი ვედრება შენს წინაშე, მიხსენი შენი აღთქმით!
171წარმოთქვამენ ჩემი ბაგენი ქებას, რადგან მასწავლე წესდებანი შენი.
172იტყვის ჩემი ენა შენს ნათქვამს, რადგან ყველა შენი მცნება სიმართლეა.
173იყოს შენი ხელი ჩემდა შემწედ, რადგან შენი ბრძანებანი ამოვირჩიე.
174ვნატრობდი შენს შველას, უფალო, და შენი რჯული სასიამოვნოა ჩემთვის.
175იცოცხლოს ჩემმა სულმა და გაქოს შენ, და შენი განგებულება შემეწიოს.
176დავიბენი, ვითარცა ცხვარი დაკარგული; რადგან მცნებანი შენნი არ დავივიწყე!

Currently Selected:

ფსალმ. 118: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy