YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 104

104
1ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ერებს საქმენი მისნი.
2აქეთ იგი, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე!
3განდიდდით მისი წმიდა სახელით! გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა.
4ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის!
5გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და სამართალნი მისთა ბაგეთა!
6თესლო აბრა ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო!
7ის, უფალი, ღმერთი არის ჩვენი; მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი.
8ახსოვს მარადის აღთქმა თავისი, სიტყვა, რომ დაადგინა ათას თაობამდე,
9რომელიც დაუდო აბრაამს, და თავისი ფიცი ისაკთან.
10დაუდგინა იაკობს იგი წესად,
11უთხრა: „შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას წილად თქვენი მემკვიდრეობისა.“
12როცა ისინი თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ, ცოტანი და იქაური ხიზნები,
13და უნდა ევლოთ ერთი ერიდან მეორესთან, ერთი სამეფოდან მეორესთან.
14არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას, და ამუნათებდა მათ გამო მეფეებს:
15„არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ.“
16და მოუხმო შიმშილს დედამიწაზე და ყოველი სახსარი პურისა შემუსრა.
17გაგზავნა მათ წინ კაცი, მონად გაიყიდა იოსები.
18გატანჯეს ბორკილებით ფერხნი მისნი, რკინა მისწვდა მის სულს.
19ვიდრე აუსრულდებოდა ნათქვამი მისი, უფლის სიტყვამ გამობრძმედა იგი.
20გაგზავნა მეფემ და გაათავისუფლა იგი; განმგებელი ხალხებისა გამოიხსნა.
21დააყენა თავისი სახლის ბატონად და განმგებლად მთელი თავისი მონაგარისა.
22რათა მოქცეოდა მის მთავრებს თავისი სურვილისამებრ და განებრძნო მოხუცებულნი მისნი.
23და მოვიდა ისრაელი ეგვიპტეში, და ხიზანი გახდა იაკობი ქამის ქვეყანაში.
24და ააღორძინა ღმერთმა მისი ერი ფრიად და გაამრავლა მის მტრებზე მეტად.
25მოაქცია მათი გული უფლის ერის შესაძულებლად, მის მორჩილთა მიმართ სივერაგის განსაზრახველად.
26გაგზავნა მოსე, მსახური თვისი, აარონი, რომელიც ამოირჩია.
27დაამკვიდრეს მათში მისი სასწაულები, და საოცრებანი მოიმოქმედეს ქამის ქვეყანაში.
28მიავლინა წყვდიადი და იქმნა ღამე, და არ გაურჩებულან მის სიტყვაზე.
29გადააქცია მათი წყლები სისხლად და დახოცა მათი თევზები.
30აავსო მათი ქვეყანა მყვარით, მეფეთა პალატებიც კი.
31თქვა და მოვიდნენ მწერები, მკბენარი – მთელს მათ საზღვრებში.
32წვიმის მაგიერ სეტყვა წარმოუგზავნა მათ, ალმოდებული ცეცხლი – მათ ქვეყანას.
33მოსრა ვაზი მათი და ლეღვი მათი, და დალეწა ხეები მათ საზღვრებში.
34თქვა და მოვიდა კალია და მგრაგნელი აურაცხელი,
35და გადაჭამეს მთელი ბალახი მათ ქვეყანაში, და გადასანსლეს მთელი ნაყოფი მათი მინდვრისა.
36და მოსრა ყოველი პირმშო მათ ქვეყანაში, დასაბამი მთელი მათი ძალისა.
37და გამოიყვანა ისინი ვერცხლით და ოქროთი, და მათ ტომებში არავინ იყო უძლური.
38გაუხარდა ეგვიპტეს მათი გამოსვლა, რადგან თავს დაატყდათ მათ შიში.
39გადააფარა ღრუბელი საჩრდილოდ და ცეცხლი – ღამის გასანათებლად.
40ითხოვეს და გაუგზავნა მწყერი და ზეციური პურით გააძღო ისინი.
41გახსნა კლდე და გადმოდინდა წყალი, წავიდა უდაბნოში მდინარედ.
42რადგან გაიხსენა თავისი წმიდა სიტყვა, თავისი მორჩილის – აბრაამის – მიმართ.
43გამოიყვანა თავისი ხალხი სიხარულით, რჩეულნი თვისნი ზარ-ზეიმით.
44და მისცა მათ წარმართთა ქვეყნები, და ნაჯაფი ერებისა დაიმკვიდრეს მათ.
45რათა დაიცვან წესები მისი და მის კანონებს გაუფრთხილდნენ. ალელუია!

Currently Selected:

ფსალმ. 104: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy