YouVersion Logo
Search Icon

რიცხ. 5

5
შებილწულნი გაყვანილ უნდა იქნენ ბანაკის მიღმა
1და უთხრა უფალმა მოსეს:
2„უბრძანე ისრაელის ძეთ, რომ გაიყვანონ ბანაკიდან ყოველი კეთროვანი და ყოველი, ვისაც რაიმე გამონადენი აქვს, და ყოველი მკვდრის შეხებით შებილწული.
3მამაკაციდან ვიდრე დედაკაცამდე გაიყვანეთ, ბანაკის გარეთ გაიყვანეთ ისინი, რათა არ შებილწონ თავიანთი ბანაკები, რომელთა შორისაც მე ვიმყოფები.“
4და გააკეთეს ასე ისრაელის ძეთ, და გაიყვანეს ისინი ბანაკის გარეთ, როგორც უთხრა უფალმა მოსეს, ისე გააკეთეს ისრაელის ძეთ.
5და უთხრა უფალმა მოსეს:
6„უთხარი ისრაელის ძეთ: ‘თუ კაცი ან ქალი ჩაიდენს რაიმე ცოდვას ადამიანის წინააღმდეგ, რითაც დანაშაულს ჩაიდენს უფალის წინააღმდეგ, დამნაშავე იქნება ის სული, და
7აღიარონ თავიანთი ცოდვები, რაც მათ ჩაიდინეს, და ზღოს თითოეულმა თავისი დანაშაული სრულად, და დაუმატოს მას მეხუთედი ნაწილი და მისცეს მას, ვის მიმართაც დამნაშავეა.
8და თუ იმ კაცს არა ჰყავს მემკვიდრე, რომ დანაშაული აუნაზღაურდეს, მაშინ დანაშაულის საზღაური ეკუთვნის უფალს, მღვდლისა იყოს იგი, გარდა შენდობის ვერძისა, რომლითაც იგი შეუნდობს მას.
9და ყოველი აღსამართავი მსხვერპლი ისრაელის ძეთა ყველა შესაწირავისა, რომელსაც ისინი მიუტანენ მღვდელს, მას ეკუთვნის.
10თითოეულის შესაწირავი მას ეკუთვნის. თუ კაცი რამეს მისცემს მღვდელს, მას ეკუთვნის.’“
11და უთხრა უფალმა მოსეს:
12„განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘თუ ვინმეს ცოლი გზას ასცდა და უღალატა მას,
13და დაწვა ვინმესთან თესლის მიღვრით, და ეს დაფარულ იქნება მისი ქმრის თვალთაგან, და შეიბილწა ფარულად, და მოწმე მის წინააღმდეგ არაა, და ზედ არავის წაუსწრია;
14და ქმარს ეწია სული ეჭვიანობისა, და იგი იეჭვიანებს თავის ცოლზე, ხოლო ცოლი შებილწულია, ან თუ ეწვია სული ეჭვიანობისა და იგი ეჭვიანობს თავის ცოლზე, რომელიც არ არის შებილწული,
15მიიყვანოს ქმარმა თავისი ცოლი მღვდელთან და მიიტანოს თავისი შესაწირავი ცოლისათვის ეფის მეათედი ქერის ფქვილისა, ოღონდ არ დაასხას მას ზეთი და არ დაადოს მას გუნდრუკი, რადგან ეს შესაწირავი ეჭვნეულობისაა, ხსოვნის შესაწირავია, რომელიც გაახსენებს ცოდვას.
16და მიიყვანს ქალს მღვდელი და დააყენებს მას უფლის წინაშე.
17და აიღებს მღვდელი წმიდა წყალს თიხის ჭურჭლით, და მიწას, რომელიც კარვის იატაკზეა, აიღებს მღვდელი და ჩაყრის ამ წყალში.
18და დააყენებს მღვდელი ამ ქალს უფლის წინაშე, და თავს გაუშიშვლებს ამ ქალს, და დაუდებს მას ხელის გულზე ხსოვნის შესაწირავს, ეს ეჭვნეულობის შესაწირავია, ხოლო მღვდელს ხელში ექნება მწარე წყალი, დამლახვრელი.
19და დააფიცოს იგი მღვდელმა და უთხრას ქალს: „თუ კაცი არ დაწოლილა შენთან, და თუ გზას არ აცდენილხარ შებილწვით შენი ქმრის უფლების ქვეშ მყოფი, მაშინ უვნებელი იყავი ამ მწარე დამლახვრელი წყლისაგან;
20და თუ ქმრის უფლების ქვეშ მყოფი გზას ასცდი და შეიბილწე, და იწვა შენთან მამაკაცი, შენი ქმრის გარდა“ –
21და დააფიცოს მღვდელმა ეს ქალი წყევლის ფიცით, და უთხრას მღვდელმა ქალს: „მიგცეს შენ უფალმა წყევლასა და ფიცს შენს ხალხში, რომ უფალმა დაგიდამბლაოს საზარდული და გაგისიოს მუცელი.
22და შევა ეს დამლახვრელი წყალი შენს შიგნეულში, რათა გაგისიოს მუცელი და დაგიდამბლაოს საზარდული“. და იტყვის ქალი: „ამინ, ამინ“.
23და ჩაწეროს ეს წყევლა მღვდელმა წიგნში, და წაშალოს ისინი მწარე წყლით.
24და ასვას ქალს მწარე დამლახვრელი წყალი და შევა მასში დამლახვრელი წყალი გასამწარებლად.
25და აიღოს მღვდელმა ქალის ხელიდან ეჭვნეულობის შესაწირავი და შეარხიოს ეს შესაწირავი უფლის წინაშე, და მიიტანოს იგი სამსხვერპლოსთან,
26და აიღოს მღვდელმა პეშვი ამ შესაწირავისაგან, მისი ხსოვნის ნაწილი, და აკმიოს სამსხვერპლოზე, და შემდეგ ასვას ქალს ის წყალი.
27და როდესაც შეასმევს მას ამ წყალს, თუ იგი შებილწულია და ნაღალატევი აქვს ქმრისთვის, ეს დამლახვრელი წყალი გამწარდება მასში, და გაუსივდება მუცელი, დაუდამბლავდება საზარდული, და იქნება ეს ქალი წყეული თავის ხალხში.
28და თუ არაა შებილწული ეს ქალი და სუფთაა, მაშინ უვნებელი დარჩება და განაყოფიერდება თესლით.
29ესაა რჯული ეჭვიანობაზე, როცა ქმრის უფლების ქვეშ მყოფი ქალი გზას ასცდება და შეიბილწება,
30ან როცა მამაკაცს დაეუფლება სული ეჭვიანობისა, და იგი იეჭვიანებს თავის ცოლზე, მაშინ მიიყვანოს ეს ქალი უფლის წინაშე, და გაუკეთოს მას მღვდელმა ყოველივე ამ წესისამებრ.
31და თავისუფალი იქნება ქმარი ცოდვისაგან, ხოლო იმ ქალს დაეკისრება თავისი ცოდვა.’“

Currently Selected:

რიცხ. 5: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in