YouVersion Logo
Search Icon

მარკ. 14

14
იესოს ცხება ძვირფასი ნელსაცხებლით
1ორი დღის შემდეგ პასექისა და უფუარობის დღესასწაული იყო. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ეძიებდნენ, როგორ შეეპყროთ იგი მზაკვრობით და მოეკლათ.
2და ამბობდნენ: ოღონდ დღესასწაულზე არა, რათა ხალხი არ აღშფოთდესო.
3როცა იესო ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვნის სახლში, და ინახად იჯდა, მივიდა დედაკაცი, რომელსაც ალებასტრონის ჭურჭლით ჰქონდა სუფთა ნელსაცხებელი ძვირად ღირებული ნარდისა. და გატეხა მან ალებასტრონი და თავზე დაასხა მას.
4იყვნენ ზოგიერთნი, რომლებიც აღშფოთებით ლაპარაკობდნენ ერთმანეთში: ასე რად დაიხარჯა ნელსაცხებელიო?
5ხომ შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა სამას დინარზე მეტად და ღარიბებისათვის დარიგება? და კიცხავდნენ მას.
6იესომ თქვა: „მოეშვით მაგას, რატომ აწუხებთ? მაგან ხომ სიკეთე მიყო.
7ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ და, თუკი მოისურვებთ, შეგიძლიათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით.
8მან ის გააკეთა, რაც შეეძლო: წინასწარ სცხო ჩემს სხეულს დასამარხავად.
9ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ სახარებას მთელ სოფელში, იტყვიან, რაც მან გააკეთა, მის მოსაგონებლად.“
ბოლო სერობა. პური და ღვინო
10იუდა ისკარიოტელი, ერთი იმ თორმეტთაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან, რათა გაეცა იგი.
11მათ მოისმინეს, გაიხარეს და აღუთქვეს მას ვერცხლის მიცემა. ის კი მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რათა გაეცა იგი.
12უფუარობის პირველ დღეს, როცა საპასექო კრავი იკვლებოდა, მისმა მოწაფეებმა უთხრეს მას: „სად გინდა, რომ წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?“
13გაგზავნა ორი თავისი მოწაფეთაგანი და უთხრა მათ: „წადით ქალაქში და შემოგეყრებათ კაცი, რომელსაც კოკით წყალი მოაქვს. გაჰყევით მას
14სადაც შევა, უთხარით სახლის პატრონს: ‘მოძღვარმა თქვა: სად არის ჩემი სასტუმრო ოთახი, ჩემს მოწაფეებთან ერთად რომ ვჭამო პასექი?’
15ის გიჩვენებთ ზემოთვალს, მოფარდაგებულსა და გამზადებულს. იქ მოგვიმზადეთ.“
16და გამოვიდნენ მისი მოწაფეები, შევიდნენ ქალაქში და იპოვეს, როგორც მან უთხრა, და მოამზადეს პასექი.
17რომ მოსაღამოვდა, თორმეტთან ერთად მოვიდა იგი.
18როცა ისხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე.“
19ისინი დანაღვლიანდნენ და ჰკითხეს სათითაოდ: „მე ხომ არა ვარ?“
20მან უთხრა მათ: „ერთი თორმეტთაგანი, ჩემთან ერთად ჯამში ჩამწობი.
21რადგან კაცის ძე მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ, ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა. იმ კაცისათვის უმჯობესი იქნებოდა, არ დაბადებულიყო.“
22როცა ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა, დატეხა, მისცა მათ და თქვა: „აიღეთ და ჭამეთ – ეს ჩემი სხეულია!“
23აიღო სასმისი, მადლი შესწირა და მისცა მათ. და იქიდან შესვა ყველამ.
24უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი.
25ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მეტს აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა შევსვამ ახალს ღვთის სასუფეველში.“
წინასწარუწყება პეტრეს მიერ უარყოფაზე
26იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.
27უთხრა მათ იესომ: „ყველანი ცდუნდებით, ვინაიდან დაწერილია: ‘დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან ცხვრები.’
28ხოლო ჩემი აღდგომის მერე წინ წაგიძღვებით გალილეაში.“
29პეტრემ უთხრა მას: „თუნდაც ყველანი ცდუნდნენ, მაგრამ მე არა!“
30უთხრა მას იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ.“
31ის კი მეტი თავგამოდებით ეუბნებოდა: თუნდაც რომ მოვკვდე შენთან ერთად, არ უარგყოფო. ასევე ამბობდნენ სხვებიც.
გეთსიმანიაში ლოცვა
32მივიდნენ ადგილზე, რომლის სახელია გეთსიმანია, და უთხრა თავის მოწაფეებს: „ისხედით აქ, სანამ ვლოცულობ.“
33და წაიყვანა თავისთან პეტრე, იაკობი და იოანე. და იწყო წუხილი და ურვა.
34უთხრა მათ: „სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. იყავით აქ და იფხიზლეთ.“
35ცოტა გაიარა, დაემხო მიწაზე და ლოცულობდა, რათა, თუ შესაძლებელი იყო, ასცდენოდა ეს ჟამი.
36თქვა: „აბბა, მამაო, შენთვის ყოველივე შესაძლებელია. ამაცილე ეს სასმისი. მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ, რაც – შენ.“
37მოვიდა და ნახა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: „სიმონ, გძინავს? ვერ შესძელი, ერთ საათს გეფხიზლა?
38იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხოლო ხორცი უძლური.“
39კვლავ წავიდა, ლოცულობდა და იმავე სიტყვებს ამბობდა.
40მობრუნდა და მძინარენი ჰპოვა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ; და არ იცოდნენ, რა ეპასუხათ მისთვის.
41და მოვიდა მესამედ და უთხრა მათ: „თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? კმარა. მოვიდა ჟამი. აჰა, კაცის ძე გადაეცემა ცოდვილთა ხელთ.
42ადექით, წავიდეთ. აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი.“
გაცემა იუდას მიერ. მოწაფეების გაფანტვა
43კიდევ ლაპარაკობდა, რომ აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად ხალხი მახვილებით და კეტებით – მღვდელმთავართაგან, მწიგნობართაგან და უხუცესთაგან.
44მის გამცემს მიეცა მათთვის ნიშანი და ეთქვა: „ვისაც მე ვეამბორები, ის არის იგი, შეიპყარით და დაცვით წაიყვანეთ.“
45როცა მოვიდა, მყისვე მიეჭრა მას და უთხრა: „რაბი!“ და ეამბორა.
46მათ კი ხელი დაადეს მას და შეიპყრეს იგი.
47ერთმა იქ მდგომთაგანმა იძრო მახვილი, დასცხო მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.
48მიუგო იესომ და უთხრა მათ: „განა ავაზაკი ვარ, მახვილებითა და კეტებით რომ მოხვედით ჩემს შესაპყრობად?
49ყოველდღე თქვენთან ვიყავი ტაძარში და გასწავლიდით, და არ შეგიპყრივართ. მაგრამ, დაე, აღსრულდეს წერილები.“
50და მიატოვეს იგი და ყველანი გაიქცნენ.
51ერთი ვიღაც ჭაბუკი, რომელსაც შიშველ სხეულზე ტილო მოესხა, მიჰყვებოდა მას და შეიპყრეს იგი.
52შეატოვა ტილო და შიშველი გაიქცა.
იესო სინედრიონის წინაშე.
პეტრეს მიერ უარყოფა
53მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან. და თავი მოიყარა ყველა მღვდელმთავარმა, უხუცესმა და მწიგნობარმა.
54პეტრე შორიდან მიჰყვებოდა მას, თვით მღვდელმთავრის ეზომდე, და დაჯდა მსახურებთან და ცეცხლს მიეფიცხა.
55მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ მოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ.
56მრავალი სწამებდა ცილს, მაგრამ ეს მოწმობანი ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
57ზოგნი წამოდგნენ და ცილს წამებდნენ მას, ამბობდნენ:
58ჩვენ მოვუსმინეთ, რომ ლაპარაკობდა: მე დავანგრევ ამ ხელითქმნილ ტაძარს და სამ დღეში ავაშენებ სხვას, ხელთუქმნელსო.
59მაგრამ არც მათი მოწმობანი ემთხვეოდა ერთმანეთს.
60დადგა მღვდელმთავარი შუაზე და ჰკითხა იესოს: „არაფერს უპასუხებ? რა არის, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ?“
61ის დუმდა და არაფერს პასუხობდა. კვლავ ჰკითხა მას მღვდელმთავარმა: „შენა ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?“
62იესომ თქვა: „მე ვარ. თქვენ იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებში მომავალს.“
63მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: „რაღად გვინდა მოწმენი?
64თქვენ მოისმინეთ გმობა. რას იტყვით?“ მაშინ ყველამ დასდო მსჯავრი მას, როგორც სიკვდილის თანამდებს.
65ზოგიერთებმა დაუწყეს მას ფურთხება; სახე დაუბურეს და სცემდნენ, და ეუბნებოდნენ: იწინასწარმეტყველეო, და მსახურნი სილას აწნავდნენ.
66როცა პეტრე ქვემოთ, ეზოში იყო, მივიდა მასთან მღვდელმთავრის ერთი მხევალთაგანი.
67დაინახა ცეცხლს მიფიცხებული პეტრე, დააკვირდა და უთხრა: „შენც იესო ნაზარეველთან ერთად იყავი.“
68მან უარყო და თქვა: არ ვიცი და არც მესმის, რას ამბობო. და პეტრე გავიდა ეზოს გარეთ, და იყივლა მამალმა.
69მხევალმა დაინახა იგი და კვლავ უთხრა იქ მდგომებს: ესეც იმათთაგანიაო.
70მან კვლავ უარყო. მცირეხნის შემდეგ იქ მდგომებმა კვლავ უთხრეს პეტრეს: „ნამდვილად იმათგანი ხარ, რადგან შენც გალილეველი ხარ, კილოზეც გეტყობა.“
71და დაიწყო მან თავის წყევლა და ფიცილი: არ ვიცნობ იმ კაცს, ვისზეც მელაპარაკებითო.
72მყისვე მეორედ იყივლა მამალმა და პეტრეს გაახსენდა სიტყვა, რომელიც იესომ უთხრა, სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. გაახსენდა და ატირდა.

Currently Selected:

მარკ. 14: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy