YouVersion Logo
Search Icon

მარკ. 12

12
იგავი ბოროტ მიწისმუშაკებზე
1და დაიწყო მათთან იგავებით ლაპარაკი: „კაცმა ვაზი ჩაყარა, ღობე შემოავლო, საწნახელი ამოკვეთა და შიგ კოშკი ჩადგა. ჩააბარა იგი მიწისმუშაკებს და წავიდა.
2ჟამმა რომ მოაწია, ერთი მონა გაუგზავნა მიწისმუშაკთ მიწისმუშაკთაგან ვენახის ნაყოფის მისაღებად.
3მათ კი შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს.
4კვლავ სხვა მონა გაუგზავნა. იგი თავში დაჭრეს და შეურაცხყვეს.
5სხვა გაგზავნა და მოკლეს ის. და კიდევ ბევრი სხვა. ზოგსა სცემეს და ზოგიც მოკლეს.
6ჰყავდა ერთი საყვარელი ძე. ბოლოს ისიც გაუგზავნა მათ, თქვა: ჩემი ძის მოერიდებათო.
7მიწისმუშაკებმა უთხრეს ერთმანეთს: ეს მისი მემკვიდრეა. მოდით, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო.
8და შეიპყრეს იგი, მოკლეს და გადააგდეს ვენახიდან.
9რას იზამს ვენახის პატრონი? მივა, ამოწყვეტს მიწისმუშაკთ და ვენახს სხვებს გადასცემს.
10ნუთუ არ წაგიკითხავთ ეს წერილი: ‘ქვა, მშენებლებმა რომ დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა;
11უფლისგან მოხდა ეს და საოცრებაა ჩვენს თვალში’?“
12შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი. და მიატოვეს იგი და წავიდნენ.
კეისრის გადასახადზე
13და მიუგზავნეს მას ზოგიერთი ფარისეველთაგან და ჰეროდიანთაგან, რომ დაეჭირათ სიტყვაში.
14მივიდნენ და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ წრფელი ხარ და ყველას მიმართ მიუკერძოებელი, რადგან კაცთა მდგომარეობას არ უყურებ, არამედ სიწრფელით ასწავლი ღვთის გზას. უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?“
15მან იცოდა მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: „რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი, რომ დავხედო.“
16მიუტანეს და მაშინვე უთხრა მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?“ კეისრისაო, უთხრეს მას.
17იესომ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა – ღმერთს.“ და უკვირდათ მისი.
შეკითხვა ზეცაში ქორწინებაზე
18და მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას:
19„მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: ‘თუ ვინმეს მოუკვდება ძმა და დარჩება მას ცოლი, ხოლო შვილი არ დარჩება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს ის ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას’.
20იყო შვიდი ძმა. პირველმა შეირთო ცოლი და ისე მოკვდა, შთამომავლობა არ დარჩენია.
21მეორემ შეირთო იგი და მოკვდა. არც მას დარჩენია შთამომავლობა. ასევე მესამემ.
22შვიდთაგან არც ერთს არ დარჩენია შთამომავლობა. ყველას შემდეგ კი დედაკაციც მოკვდა.
23აღდგომისას, როცა აღდგებიან, რომელი მათგანის ცოლი იქნება, ის ხომ შვიდივეს ჰყავდა ცოლად?“
24უთხრა მათ იესომ: „იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ძალნი ღვთისა?“
25რადგან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში.
26ხოლო იმის თაობაზე, რომ მკვდრები აღდგებიან, ნუთუ არ ამოგიკითხავთ მოსეს წიგნში, როგორ უთხრა მაყვლის ბუჩქთან ღმერთმა მას: ‘მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა?’
27ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა. ძალიან სცდებით.“
უდიდესი მცნება
28მივიდა მასთან ერთი მწიგნობართაგანი, რომელიც ყურს უგდებდა მათ კამათს და იცოდა, რომ მან კარგი პასუხი გასცა მათ, და ჰკითხა: „რომელია უპირველესი მცნება?“
29მიუგო იესომ: „პირველი არის ‘ისმინე, ისრაელო! უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთი უფალია.
30შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი შეძლებით.’ ეს არის პირველი მცნება.
31მეორე არის: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’ ამათზე დიდი მცნება არ არსებობს.“
32უთხრა მას იმ მწიგნობარმა: „კეთილი, მოძღვარო, ჭეშმარიტება თქვი შენ, ვინაიდან ერთია და სხვა არავინ არის მის გარდა,
33გიყვარდეს იგი მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი სულით, მთელი ძალით, და გიყვარდეს მოყვასი, როგორც თავი შენი. ეს ყოველ სრულადდასაწველსა და შესაწირავზე მეტია.“
34იესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა, და უთხრა მას: „შორს არ დგახარ ღვთის სასუფევლისაგან.“ ამის შემდეგ ვეღარავინ შებედა, რამე ეკითხა.
35მიუგო იესომ და თქვა, როცა კვლავ ასწავლიდა ტაძარში: „როგორ ამბობენ მწიგნობარნი, რომ ქრისტე დავითის ძეა?
36თვითონ დავითმა თქვა სულიწმიდით: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად.’
37თვითონ დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?“ მრავალი ხალხი უსმენდა მას მოწადინებით.
38და თქვა თავისი მოძღვრებიდან: „ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი უყვართ;
39ხოლო სინაგოგებში – წინა რიგები და ნადიმებზე – წინა ადგილები.
40რომელნიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ, ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ.“
ქვრივის ორი ლეპტა
41იჯდა საგანძურის წინ იესო და ხედავდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. მრავალმა მდიდარმა ბევრი ჩაყარა.
42მოვიდა ერთი ღარიბი, ქვრივი დედაკაცი და ჩადო ორი ლეპტა, რომელიც კოდრანტს შეადგენს.
43დაუძახა მან თავის მოწაფეებს და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩამდებზე მეტი ჩადო.
44ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულიდან ჩადო, ამან კი თავისი სინაკლულიდან ჩადო, ყველაფერი, რაც კი სასიცოცხლოდ გააჩნდა.

Currently Selected:

მარკ. 12: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy