მათ. 6
6
სწავლება მოწყალებისათვის
1ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან.
2ჰოდა, როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
3შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა.
4რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ ცხადად.
ლოცვისათვის
5როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
6შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი. და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.
7ხოლო ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს წარმართებივით, ვინაიდან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან.
8ნუ მიბაძავთ მათ, ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რა გიჭირთ თქვენ, ვიდრე სთხოვდეთ.
მამაო ჩვენო
9თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი.
10მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.
11პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს.
12და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა.
13და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ.
14ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.
15ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
მარხვისათვის
16ასევე როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი. ვინაიდან ისინი იმწუხრებენ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულებად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
17ხოლო შენ, როცა მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი,
18რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს.
19ნუ დაიუნჯებთ მიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.
20დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ.
21ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.
თვალი სანთელია
22სხეულის სანთელი თვალია. ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება.
23ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. თუკი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რამდენად დიდი იქნება?
ორი ბატონის სამსახური
24არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს, ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.
25ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სული საზრდოზე მეტი არ არის და სხეული – სამოსელზე?
26შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ?
27რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს?
28სამოსელზე რაღას ზრუნავთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ.
29მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელ თავის დიდებაში, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.
30თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?
31ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთო?
32ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ. ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს.
33თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ.
34ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი.
Currently Selected:
მათ. 6: GEO02
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002