YouVersion Logo
Search Icon

მათ. 2

2
მოგვები აღმოსავლეთიდან
1როცა იესო იშვა იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ მოგვები აღმოსავლეთიდან და თქვეს:
2„სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც იშვა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას.“
3ეს რომ გაიგონა, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი.
4შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარნი და ჰკითხა მათ, სად უნდა შობილიყო ქრისტე.
5მათ კი უთხრეს მას: „იუდეის ბეთლემში. ვინაიდან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ:
6‘და შენ, ბეთლემო, იუდას მიწავ, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავრებს შორის; ვინაიდან შენგან გამოვა წინამძღოლი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს, ისრაელს.’“
7მაშინ ჰეროდემ მალულად დაიბარა მოგვები და გამოიკითხა ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი.
8წარგზავნა ისინი ბეთლემს, და უთხრა: „წადით, გულმოდგინედ გამოიკითხეთ იმ ყრმის ამბავი და, როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას.“
9მათაც მოუსმინეს მეფეს და წავიდნენ. და აჰა, ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში იხილეს, წინ უძღოდა მათ, ვიდრე მივიდოდა და დადგებოდა იმ ადგილზე, სადაც ყრმა იყო.
10ვარსკვლავი რომ დაინახეს, მათ მეტისმეტი სიხარულით გაიხარეს.
11როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას. გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.
12და რაკი სიზმარში იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.
13როცა ისინი წავიდნენ, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი, და გაიქეცი ეგვიპტეს და იყავი იქ, ვიდრე მე გეტყოდე, რადგან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი.“
ეგვიპტეში გაქცევა
14ადგა, ღამით წაიყვანა ყრმა და დედამისი, და მივიდა ეგვიპტეს.
15და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: „ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს.“
ყრმათა ამოჟლეტა
16ძალიან განრისხდა ჰეროდე, როცა ნახა, რომ გააწბილეს მოგვებმა. მიავლინა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და იმაზე უმცროსები ბეთლემში და მთელ მის სანახებში, იმ დროის მიხედვით, როგორც მოგვთაგან გამოიძია.
17მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
18„ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს თავი ინუგეშოს, ვინაიდან აღარ არიან ისინი.“
ეგვიპტიდან დაბრუნება
19ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ კი, აჰა, ეგვიპტეში იოსებს სიზმრად გამოეცხადა უფლის ანგელოზი
20და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი, და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან დაიხოცნენ, ვინც მაგ ყრმის სულს ეძებდნენ.“
21ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედამისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში.
22ხოლო როცა გაიგო, რომ არქელაოსი მეფობს იუდეაში, მამამისის, ჰეროდეს, ნაცვლად შეეშინდა იქ წასვლისა, მაგრამ სიზმრად მიიღო გაფრთხილება და წავიდა გალილეის მხარეში,
23მივიდა და დასახლდა ნაზარეთად წოდებულ ქალაქში, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომ მას ნაზარეველი დაერქმეოდა.

Currently Selected:

მათ. 2: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy