Bible App logo
Search Icon

მალ. 2

2
ხალხთა ცოდვათა მხილება
1„ახლა თქვენთვის არის ეს მცნება, მღვდლებო.
2თუ არ გაიგონებთ და გულში არ ჩაიდებთ მას, რომ პატივი მიაგოთ ჩემს სახელს, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – მოვავლენ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც, რადგან არ ჩაგიდვიათ გულში.
3აჰა, დაგიკავებთ თესლს და პირისახეზე დაგაყრით საკლავის სკორეს, თქვენი დღესასწაულების სკორეს, და თან წაიღებთ მას.
4მიხვდებით, რომ მე გამოგიგზავნეთ ეს მცნება ლევიანებთან ჩემი აღთქმის შესანარჩუნებლად, – ამბობს ცაბაოთ უფალი. –
5ჩემი აღთქმა მასთან სასიცოცხლოდ და სამშვიდობოდ იყო და მე მივეცი ეს მათ ჩემი შიშისათვის. რიდი ჰქონდათ ჩემი და ეკრძალვოდნენ ჩემს სახელს.
6ჭეშმარიტი რჯული იყო მის პირში და უკეთურება არ იპოვებოდა მის ბაგეებში. მშვიდობით და სიწრფელით დადიოდა ჩემს წინაშე და მრავალი მოაქცია ბოროტებისგან.
7რადგან მღვდლის ბაგეები უნდა იმარხავდეს ცოდნას და მისი პირიდან მოელოდნენ რჯულს, რადგან ცაბაოთ უფლის მოციქულია იგი.
8თქვენ კი გადაუხვიეთ გზიდან, ბევრი ააცდინეთ რჯულს და დაარღვიეთ ლევიანთა აღთქმა, – ამბობს ცაბაოთ უფალი. –
9მეც საძულველად გაგხდით და დაგამცირებთ ყოველი ხალხის თვალში, რადგან არ დაიცავით ჩემი გზები და მიკერძოებას იჩენდით რჯულში.
10განა ერთი მამა არა გვყავს ყველას? განა ერთმა ღმერთმა არ გაგვაჩინა? მაშ, რატომ ვემუხანათებით ერთმანეთს? რომ შევლახოთ ჩვენი მამების აღთქმა?
11მუხანათობს იუდა და სისაძაგლე ხდება ისრაელში და იერუსალიმში, რადგან შელახა იუდამ უფლის სიწმიდე, რომელიც უყვარდა, და უცხო ღმერთის ასულს ექმრო.
12მოიკვეთს უფალი იაკობის კარვებიდან ამის ჩამდენს – მღვიძარს და ხმის გამცემს და ძღვენის მიმტანს ცაბაოთ უფლისადმი.
13აჰა, კიდევ რას აკეთებთ: ცრემლით აფარვინებთ სამსხვერპლოს, ტირილითა და კვნესით, ისე რომ ვეღარ ხედავს ძღვენს და კეთილგანწყობით ვეღარ იღებს თქვენი ხელიდან.
14თქვენ ამბობთ: რისთვისო? იმისთვის, რომ მოწამე იყო უფალი შენსა და შენი სიჭაბუკის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო.
15არავინ ჩაიდენს ამას, ვისაც კი სულის ნატამალი შერჩენია. რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისგან, და თქვენც გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ უღალატებთ სიყმაწვილის ცოლს.
16რადგან მძულს გაყრა, – ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, – და თავისი სამოსელის ძალადობით დამფარველი, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ იქნებით ღალატიანები.
17დაღალეთ უფალი თქვენი სიტყვებით და ამბობთ: რითი დავღალეთო? იმით, რომ ამბობთ: ყოველი ბოროტმოქმედი კეთილად უჩანს უფალს და ისინი უყვარსო მას, ან სად არის სამართლის ღმერთიო?“

Currently Selected:

მალ. 2: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in