YouVersion Logo
Search Icon

ლუკ. 3

3
იოანე ქადაგებს და ნათლავს
1ტიბერიოს კეისრის მთავრობის მეთხუთმეტე წელს, პონტოელი პილატეს განმგებლობისას იუდეაში, და ჰეროდეს ტეტრარქობისას გალილეაში, მისი ძმის, ფილიპეს, ტეტრარქობისას იტურეასა და ტრახონიტის მხარეში, და ლისანიასის ტეტრარქობისას აბილენეში,
2ანას და კაიაფას მღვდელმთავრობის დროს იყო სიტყვა ღვთისა იოანესადმი, ზაქარიას ძისადმი, უდაბნოში.
3დადიოდა იგი იორდანეს მთელს არემარეში და ქადაგებდა სინანულის ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად,
4როგორც სწერია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები.
5ყოველი ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, მრუდე გასწორდება და ოღროჩოღრო გზა გავაკდება.
6და ყოველი ხორციელი იხილავს ხსნას ღვთისაგან.“
7მოსანათლავად მისულ ხალხს იოანე ეუბნებოდა: „იქედნეთა ნაშობნო, ვინ გაგაფრთხილათ, რომ გაექცეთ მომავალ რისხვას?
8მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფნი და ნუ მოჰყვებით ერთმანეთში ლაპარაკს: მამად აბრაამი გვყავსო. ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, რომ ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები.
9ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.“
10ეკითხებოდა მას ხალხი და ეუბნებოდა: აბა, რაღა ვქნათო?
11მიუგებდა და ეტყოდა მათ: „ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს.“
იესოს ნათლისღება
12მოვიდნენ მებაჟენიც მოსანათლავად და უთხრეს მას: „მოძღვარო, რა ვქნათ?“
13მან უთხრა მათ: „თქვენთვის დაწესებულის მეტს ნურაფერს მოითხოვთ.“
14ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: „ჩვენ რაღა ვქნათ?“ უთხრა მათ: „ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენს ჯამაგირს დასჯერდით.“
15როცა ხალხი მოლოდინში იყო და ყველა თავის გულში ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო,
16მიუგებდა და ეტყოდა ყველას იოანე: „მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით,
17რომლის ხელშია ნიჩაბი, რათა გაწმიდოს თავისი კალო და თავის ბეღელში მოაგროვოს ხორბალი, ბზე კი დაწვას ჩაუქრობელი ცეცხლით.“
18კიდევ ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს.
19ხოლო ჰეროდემ, ტეტრარქმა, რომელსაც იგი ამხილებდა მისი ძმის ცოლის ჰეროდიას გამო და ყოველივე იმის გამო, რა ბოროტებაც ჩაედინა,
20ყველაფერს ამას ისიც მიუმატა, რომ იოანე საპყრობილეში ჩასვა.
21როცა მთელი ხალხი ინათლებოდა და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, გაიხსნა ცა
22და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი, და გაისმა ზეცით ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.“
იესოს წარმოშობა
23თვით იესო, როცა იწყებდა, იქნებოდა ოცდაათი წლისა და, როგორც ფიქრობდნენ, იყო ძე იოსებისა, ყელისა,
24მათათისა, ლევისა, მალქისა, იანაისა, იოსებისა,
25მათითიასი, ამოცისა, ნახუმისა, ხესლისა, ნაგაისა,
26მახათისა, მათითიასი, შიმყისა, იოსებისა, იოდასი,
27იოხანანისა, რეშასი, ზერუბაბელისა, შეალთიელისა, ნერისა,
28მალქისა, ადისა, კოსამისა, ელმადამისა, ყერისა,
29იესოსი, ელეაზარისა, იორიმისა, მათათისა, ლევისა,
30სიმონისა, იუდასი, იოსებისა, იონამისა, ელიაკიმისა,
31მალეასი, მინასი, მათათასი, ნათანისა, დავითისა,
32იესესი, ყობედისა, ბოყაზისა, სალმონისა, ნახშონისა,
33ყამინადაბისა, ადმინისა, არნისა, ხეცრონისა, ფერეცისა, იუდასი,
34იაკობისა, ისაკისა, აბრაამისა, თერახისა, ნახორისა,
35სერუგისა, რეყუსი, ფელეგისა, ყებერისა, შალახისა,
36კენანისა, არფაქშადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა,
37მეთუშელახისა, ხანოქისა, იერედისა, მაჰალალელისა, კენანისა,
38ენოშისა, შეთისა, ადამისა, ღვთისა.

Currently Selected:

ლუკ. 3: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy