ლევ. 20
20
სასჯელები დამნაშავეთათვის. მითითებული მცნებები და აკრძალვები
1და ელაპარაკა უფალი მოსეს:
2„უთხარი ისრაელის ძეთ: ‘ყოველი კაცი ისრაელის ძეთაგან და ისრაელში შეხიზნულ ხიზანთაგან, რომელიც მისცემს თავის შვილებს მოლეხს, სიკვდილით მოკვდება. ქვეყნის ხალხმა ქვით ჩაქოლოს იგი.
3და მე მივაპყრობ ჩემს სახეს იმ კაცს და მოვსპობ მას მისი ხალხის გარემოდან, რადგან მან მისცა თავისი თესლიდან მოლეხს, რათა გაეუწმიდურებინა ჩემი საწმიდარი და წაებილწა ჩემი წმიდა სახელი.
4და თუ ხალხი ქვეყნისა აარიდებს თვალს იმ კაცს, როცა იგი აძლევს თავისი თესლიდან მოლეხს, და არ მოკლავენ მას,
5მე მივაპყრობ ჩემს სახეს იმ კაცს და მის მოდგმას, და მოვსპობ მას და ყველას, ვინც მრუშობს მის კვალდაკვალ, სამრუშოდ რომ დადიან მოლეხის კვალდაკვალ, მათი ხალხის გარემოდან.
6„‘და მას, რომელიც მიმართავს მესულთანეებს და ჯადოსნებს მათ კვალდაკვალ სამრუშოდ, მე მივაპყრობ ჩემს სახეს და მოვსპობ მისი ხალხის გარემოდან.
7„‘განიწმიდენით და იყავით წმიდა, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.
8და დაიცავით ჩემი წესები და აღასრულეთ ისინი, რამეთუ მე ვარ უფალი, განმწმედელი თქვენი.
9„‘თუ ვინმემ დასწყევლოს თავისი მამა და თავისი დედა, სიკვდილით მოკვდეს. მამამისი და დედამისი დაწყევლა მან – მასზეა მისი სისხლი.
10„‘ვინც იმრუშებს ქმრიან ქალთან, ვინც იმრუშებს თავისი მოყვასის ცოლთან, სიკვდილით უნდა მოკვდნენ მრუში მამაკაციც და მრუში დედაკაციც.
11„‘ვინც დაწვება თავისი მამის ცოლთან, თავისი მამის სიშიშვლე ახადა მან. სიკვდილით უნდა მოკვდნენ ორივენი. მათი სისხლი მათზეა.
12„‘ვინც დაწვება თავის რძალთან, სიკვდილით უნდა მოკვდნენ ორივენი. რაც მათ ქნეს, სისაძაგლეა. მათზეა მათი სისხლი.
13„‘ვინც დაწვება მამაკაცთან, როგორც წვებიან ქალთან, სისაძაგლე ქნეს ორთავემ. სიკვდილით უნდა მოკვდნენ ისინი – მათი სისხლი მათზეა.
14„‘თუ ვინმემ შეირთოს ცოლად დედა-შვილი, ეს ურჯულოებაა. ცეცხლში დაწვით იგი მათთან ერთად, რათა არ იყოს ურჯულოება თქვენს შორის.
15„‘ვინც დაეცემა პირუტყვთან, სიკვდილით მოკვდეს და ის პირუტყვიც მოჰკალით.
16„‘ქალი რომ მივიდეს რომელიმე პირუტყვთან, რათა დაეცეს მასთან, მოკალით ქალიც და პირუტყვიც, სიკვდილით მოკვდნენ ისინი – მათზეა მათი სისხლი.
17„‘ვინმემ რომ შეირთოს თავისი და – ასული თავისი მამისა, ან ასული თავისი დედისა – და დაინახოს მისი სიშიშვლე და ქალმაც ნახოს მისი სიშიშვლე, სიბილწეა ეს. და მოისპონ ისინი თავიანთი ხალხის ძეთა თვალწინ. სიშიშვლე თავისი დისა ახადა მან. თავის ცოდვას იტვირთავს იგი.
18„‘ვინც დაწვება ცოლთან მისი თვიურის დროს და ახდის მის სიშიშვლეს, რაკი მან გააშიშვლა მისი წყარო, ხოლო ქალმა გამოაჩინა თავისი სისხლის წყარო, მოისპონ ორივე თავიანთი ხალხის გარემოდან.
19„‘სიშიშვლე დედის ან მამის დისა არავინ ახადოს, რადგან თავის ხორცს აშიშვლებს, თავიანთ ცოდვას იტვირთავენ ისინი.
20„‘ვინც დაწვება თავისი ბიძის ცოლთან, მან თავისი ბიძის სიშიშვლე ახადა. თავიანთ ცოდვას იტვირთავენ, უშვილონი დაიხოცებიან.
21„‘ვინმემ რომ შეირთოს თავისი ძმის ცოლი, ეს შებილწვაა, სიშიშვლე თავისი ძმისა ახადა მან – უშვილონი იქნებიან.
22„‘დაიცავით ყოველი ჩემი წესი და ყოველი ჩემი სამართალი, და აღასრულეთ ისინი, და არ ამოგანთხევთ თქვენ ქვეყანა, სადაც მე მიგიყვანთ საცხოვრებლად.
23არ მოიქცეთ იმ ხალხის წესებისამებრ, რომელსაც მე ვდევნი თქვენგან, რადგან ყოველივე ეს გააკეთეს მათ და მძაგს ისინი.
24გითხარით: „თქვენ დაიმკვიდრებთ მათ მიწას და მე მოგცემთ მას თქვენ სამკვიდროდ, ქვეყანას სადაც მოედინება რძე და თაფლი.“ მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგარჩიე თქვენ ხალხთაგან.
25„‘განასხვავეთ წმიდა და უწმიდური პირუტყვი და უწმიდური და წმიდა ფრინველი და არ შებილწოთ თქვენი სულები პირუტყვით და ფრინველით, და იმით, რაც ქვემძრომობს დედამიწაზე, რომელიც მე გამოვაცალკევე, როგორც უწმიდური.
26იყავით ჩემთვის წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, და მე გამოგაცალკევეთ ხალხთაგან, რათა ჩემი იყოთ.
27„‘მამაკაცი ან დედაკაცი, თუ აღმოჩნდეს მესულთანე ან ჯადოქარი, სიკვდილით მოკვდეს: ქვებით ჩაიქოლონ ისინი და მათზე იქნება მათი სისხლი.’“
Currently Selected:
ლევ. 20: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002