ლევ. 11
11
განსხვავება წმიდა და უწმიდურ
ცხოველებს შორის
1და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს:
2„უთხარით ისრაელის ძეთ: ‘აჰა, ეს ცხოველები შეგიძლიათ ჭამოთ ყოველ პირუტყვთაგან, რომელიც მიწაზეა:
3ყოველი პირუტყვი, რომელსაც გაყოფილი აქვს ჩლიქი ღრმა ჭრილით და ამოიცოხნის საცოხნელს, ჭამეთ.
4„‘ხოლო იმათგანი არ ჭამოთ, რომელნიც ამოიცოხნიან საცოხნელს და არა აქვთ გაყოფილი ჩლიქი. აქლემი, რადგან იგი ამოიცოხნის საცოხნელს, მაგრამ მისი ჩლიქი არაა გაყოფილი, უწმიდურია ის თქვენთვის;
5და ბოცვერი, რადგან იგი ამოიცოხნის საცოხნელს, მაგრამ მას არა აქვს გაყოფილი ჩლიქი, უწმიდურია ის თქვენთვის;
6და კურდღელი, რადგან იგი ამოიცოხნის საცოხნელს, მაგრამ არა აქვს მას გაყოფილი ჩლიქი, უწმიდურია ის თქვენთვის;
7და ღორი, რადგან მას აქვს გაყოფილი ჩლიქი ღრმა ჭრილით, მაგრამ არ ამოიცოხნის საცოხნელს, უწმიდურია ის თქვენთვის.
8მათი ხორცი არ ჭამოთ და მათ მძორს არ შეეხოთ; უწმიდურნი არიან ისინი თქვენთვის.
9„‘აჰა, ესენი შეგიძლიათ ჭამოთ ყოველთაგან, რომელნიც წყალში არიან, ყოველი, რომელსაც აქვს ფარფლი და ქერეჭი წყალში, ზღვებში და მდინარეებში, ისინი შეგიძლიათ ჭამოთ.
10და ყოველნი, რომლებსაც არა აქვთ ფარფლი და ქერეჭი ზღვებში და მდინარეებში, წყლის ყოველ ქვეწარმავალთაგან, ყოველ ცოცხალ არსებათაგან, რომელნიც წყალში არიან, საძაგელნი არიან თქვენთვის.
11საძაგელნი უნდა იყვნენ ისინი თქვენთვის: მათი ხორცი არ ჭამოთ და მათი მძორი გძაგდეთ.
12ყოველს, რომელსაც არა აქვს ფარფლი და ქერეჭი წყალში, საძაგელია თქვენთვის.
13„‘ესენი გძაგდეთ ფრინველთაგან, არ იჭამონ, საძაგელნი არიან ისინი: არწივი, ზღვის ორბი და ზღვის არწივი,
14და ძერა და შევარდენი მისი გვარისდა მიხედვით.
15ყოველი ყორანი მისი გვარისდა მიხედვით,
16და სირაქლემა და თოლია, და ქორი მისი გვარისდა მიხედვით,
17და კიოტი, თევზიყლაპია და ძენძერუკი,
18და ჭოტი, ვარხვი და სვავი,
19და ყარყატი, ყანჩა მისი გვარისდა მიხედვით, ოფოფი და ღამურა.
20„‘ყოველი მწერი – მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე საძაგელია თქვენთვის.
21ეს კი შეგიძლიათ ჭამოთ: ყოველი მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე მწერი, რომელსაც აქვს წვივები, რათა ხტუნავდეს მით მიწაზე.
22ესენი შეგიძლიათ ჭამოთ მათგან: კალია, მისი გვარისდა მიხედვით, სოლამი, მისი გვარისდა მიხედვით, ხარგოლი მისი გვარისდა მიხედვით, და ხაგაბი მისი გვარისდა მიხედვით.
23და ყოველი სხვა მფრინავი მწერი, რომელსაც ოთხი ფეხი აქვს, საძაგელია თქვენთვის.
24„‘მათგან გაუწმიდურდებით. ყოველი, ვინც შეეხება მათს მძორს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
25და ყველამ, ვინც აიღებს რამეს მათი მძორისგან, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსელი და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
26„‘ყოველი პირუტყვი, რომელსაც გაყოფილი ჩლიქი აქვს, მაგრამ არა აქვს ღრმა ჭრილი, და არ ამოიცოხნის საცოხნელს, უწმიდურია თქვენთვის. ყოველი, რომელიც შეეხება მათ, გაუწმიდურდება.
27და ყოველი მავალი თავის თათებზე ყოველ ცხოველთაგან, რომლებიც დადიან ოთხზე, უწმიდურია თქვენთვის. ვინც კი შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
28მათი მძორის ამღებმა გაირეცხოს სამოსელი და გაუწმიდურებული იქნება ის საღამომდე. გაუწმიდურებული არიან ისინი თქვენთვის.
29„‘აჰა, რა არის უწმიდური თქვენთვის ქვეწარმავალთაგან: დედამიწაზე მხოხავნი: თხუნელა, თაგვი და ხვლიკი მისი გვარისდა მიხედვით,
30ანაკა, მსვენლომი, ძლოკვი, ხომეტი და ქამელეონი.
31ესენი უწმიდურები არიან თქვენთვის ყოველ ქვეწარმავალთაგან. ყოველი, რომელიც შეეხება მათ მკვდრებს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
32და ყველაფერი, რასაც დაეცემა რომელიმე მათგანი მკვდარი, გაუწმიდურდება. ყოველი ჭურჭელი ხისა ან სამოსელი, ან ტყავი, ან ტომარა, და ყოველი საგანი, რომელიც გამოიყენება საქმეში, ჩაშვებულ უნდა იქნას წყალში და უწმიდური იქნება საღამომდე, ხოლო შემდეგ იქნება სუფთა.
33და ყოველი ჭურჭელი თიხისა, რომელშიც ჩავარდება რომელიმე იმათგანი, ყველაფერი, რაც მასშია, გაუწმიდურდება და უნდა დაამსხვრიოთ.
34ყოველი საჭმელი, რომელიც იჭმება, რომელშიც შეაღწია წყალმა ასეთი ჭურჭლიდან, გაუწმიდურდება. და ყოველი სასმელი, რომელსაც სვამენ ყოველ ასეთ ჭურჭელში.
35და ყველაფერი რაზეც დაეცემა რაიმე, მათი მძორისგან, გაუწმიდურდება. თონე და ქურა უნდა დაიმსხვრეს: ისინი გაუწმიდურებულნი არიან და გაუწმიდურებულნი იქნებიან თქვენთვისაც.
36მხოლოდ წყარო და ჭა – წყალსატევი – სუფთა იქნება. ვინც შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურდება.
37და თუ დაეცა რაიმე მათი მძორისგან რომელიმე მცენარის თესლს, რომელიც ითესება, მაშინ იგი სუფთაა.
38და თუ დაესხა წყალი თესლს და დაეცა რაიმე მძორისაგან, უწმიდური იქნება თქვენთვის.
39„‘თუ მოკვდა პირუტყვთაგანი, რომელიც გეჭმევათ, ვინც შეეხება მის მძორს, უწმიდური იქნება საღამომდე.
40და რომელმაც ჭამოს მკვდარი მათგანი, უნდა გარეცხოს თავისი სამოსელი და უწმიდური იქნება საღამომდე; და რომელმაც წაიღოს მისი მძორი, უნდა გარეცხოს თავისი სამოსელი და უწმიდური იქნება საღამომდე.
41„‘და ყოველი ქვეწარმავალი, რომელიც ქვემძრომობს მიწაზე, საძაგელია, არ უნდა იჭამოს.
42ყოველი, რომელიც ხოხავს მუცელზე, და ყოველი, რომელიც დადის ოთხზე, და ყოველი მრავალფეხიანი ქვეწარმავალთაგან, რომელნიც ქვემძრომობენ მიწაზე, არ ჭამოთ ისინი, რადგან საძაგელნი არიან ისინი.
43ნუ წაბილწავთ თქვენს თავს ყოველი ქვემძრომი ქვეწარმავლით და ნუ გაუწმიდურდებით მათით, და ნუ იქნებით უწმიდურნი მათგან.
44რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, განიწმიდეთ და იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე, და ნუ გააუწმიდურებთ თქვენს თავს ყოველი ქვეწარმავლით, რომელიც ქვემძრომობს მიწაზე.
45რადგან, მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანეთ თქვენ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენს ღმერთად. და იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე.
46„‘ესაა რჯული პირუტყვისა, ფრინველისა და ყოველი ცოცხალი არსებისა, რომელნიც წყალში იძვრიან, და ყოველი არსებისა, რომელნიც მიწაზე ქვემძრომობენ,
47რათა სხვაობა იყოს უწმიდურსა და წმიდას შორის, და ცხოველს შორის, რომელიც შეიძლება შეიჭამოს, და ცხოველს შორის, რომელიც არ უნდა შეიჭამოს.’“
Currently Selected:
ლევ. 11: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002