YouVersion Logo
Search Icon

ლევ. 10

10
ნადაბსა და აბიჰუს მოაქვთ უცხო ცეცხლი
და იღუპებიან
1აიღეს აარონის ძეთ, ნადაბმა და აბიჰუმ, თითოეულმა თავისი საცეცხლური და ჩადეს მათში ცეცხლი, და დაადეს მასზე საკმეველი, და მიიტანეს უფლის წინაშე უცხო ცეცხლი, რომელიც არ უბრძანებია უფალს მათთვის.
2და გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და დაწვა ისინი, და დაიხოცნენ უფლის წინაშე.
3და უთხრა მოსემ აარონს: „ეს თქვა უფალმა: ‘ჩემს ახლობლებში განვიწმიდები და მთელი ხალხის წინაშე განვდიდდები.’“ და დადუმდა აარონი.
4და მოუხმო მოსემ მიშაელს და ელცაფანს, აარონის ბიძის, ყუზიელის ძეთ, და უთხრა მათ: „მიდით, გამოიტანეთ თქვენი ძმები წმიდადან ბანაკის გარეთ.“
5და მივიდნენ და გამოიტანეს ისინი მათი კვართებიანად ბანაკის გარეთ, როგორც თქვა მოსემ.
6და უთხრა მოსემ აარონს, ელეაზარსა და ითამარს, მის ძეთ: „თავებს ნუ გაიშიშვლებთ და სამოსელს ნუ შემოიგლეჯთ, რათა არ დაიხოცოთ და არ განრისხდეს იგი მთელ თემზე. მაგრამ თქვენს ძმებს, ისრაელის მთელს სახლს შეუძლია იტიროს დამწვრები, რომლებიც დაწვა უფალმა.
7საკრებულო კარვის შესასვლელიდან არ გამოხვიდეთ, რომ არ დაიხოცოთ, რადგან უფლის საცხებელი ზეთია თქვენზე.“ და მოიქცნენ მოსეს სიტყვისამებრ.
მაგარ სასმელთა აკრძალვა მღვდელთათვის
8და უთხრა უფალმა აარონს:
9„ღვინოსა და მაგარ სასმელებს ნუ დალევთ შენ და შენი ძენი შენთან ერთად საკრებულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცოთ. ეს საუკუნო წესია თქვენს თაობებში,
10რათა განასხვაოთ წმიდა და საერო, უწმიდური და სუფთა.
11და ასწავლოთ ისრაელის ძეთ, ყოველი წესი, რომელიც უთხრა მათ უფალმა მოსეს ხელით.“
ცოდვის მსხვერპლი მღვდლებმა
უნდა შეჭამონ
12და უთხრა მოსემ აარონს, ელეაზარსა და ითამარს, მის დარჩენილ შვილებს: „აიღეთ პურეული ძღვენი, რომელიც დარჩა უფლის საცეცხლო შესაწირავიდან და ჭამეთ იგი უფუარად სამსხვერპლოსთან, რადგან წმიდათა წმიდაა ის.
13და ჭამეთ ის წმინდა ადგილზე, რადგან შენი წილი და შენს ძეთა წილია ეს უფლის საცეცხლო შესაწირავთაგან, რადგან ასე მებრძანა მე.
14და მკერდი შესარხეველი, და ბეჭი აღსამართავი ჭამეთ სუფთა ადგილზე შენ, შენმა ვაჟებმა და შენმა ასულებმა შენთან ერთად. რადგან შენს წილად და შენი შვილების წილადაა მოცემული ეს ისრაელის ძეთა სამშვიდობო მსხვერპლთაგან.
15აღსამართავი ბეჭი და შესარხეველი მკერდი ქონის საცეცხლო მსხვერპლებითურთ მიიტანონ შერხევის შესასრულებლად უფლის წინაშე. და იყოს შენთვის და შენს ძეთათვის შენთან საუკუნო წესად, როგორც ბრძანა უფალმა.“
16და ცოდვის ვაცს ეძებდა მოსე, მაგრამ იგი დამწვარი იყო. და განრისხდა იგი ელეაზარსა და ითამარზე, აარონის დარჩენილ ძეებზე:
17„რად არ ჭამეთ ცოდვის მსხვერპლი წმიდა ადგილზე? რადგან წმიდათა წმიდაა იგი და მოგეცათ თქვენ, რათა წარხოცოს თემის ცოდვები, მის განსაწმედად უფლის წინაშე.
18აჰა, მისი სისხლი არ იქნა შეტანილი წმიდაში. თქვენ უნდა გეჭამათ ის წმიდაში, როგორც მებრძანა მე.“
19და უთხრა აარონმა მოსეს: „აჰა, დღეს შესწირეს მათ თავიანთი ცოდვის მსხვერპლი და სრულადდასაწველი უფლის წინაშე, და ეს შემემთხვა მე. თუ შევჭამ მე ცოდვის მსხვერპლს დღეს, განა იქნება ეს სათნო უფლის თვალში?“
20და მოისმინა მოსემ და მოიწონა.

Currently Selected:

ლევ. 10: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in