YouVersion Logo
Search Icon

გოდ. 3

3
იერემია ვერ პოულობს ნუგეშს მწუხარებაში
1მე ვარ კაცი, მისი წყრომის კვერთხისაგან ჭირის მნახველი.
2მან წამიყვანა და მატარა ბნელში და არა ნათელში.
3მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ აბრუნებს თავის ხელს ისევ და ისევ მთელ დღეს.
4დააბერა ჩემი ხორცი და ჩემი კანი, დალეწა ჩემი ძვლები.
5შემომადგა მე და მომიცვა სიმწარითა და შეჭირვებით.
6ბნელში დამასახლა, როგორც საუკუნოდ მკვდარნი.
7ზღუდე შემომავლო, რომ ვერ გამოვიდე და დაამძიმა ჩემი ბორკილები.
8კიდევაც რომ ვიკივლო და ვუხმო მშველელს, ჩაახშობს ჩემს ვედრებას.
9თლილი ქვებით გადაღობა ჩემი გზები, გაამრუდა ჩემი ბილიკები.
10ჩასაფრებული დათვია ის ჩემთვის, ლომია შეფარებული.
11გააუკუღმართა ჩემი გზები და დამფლითა მე, დამდო მე ტიალად.
12მოზიდა თავისი მშვილდი და მე დამაყენა სამიზნედ ისრისა.
13გაატარა ჩემს თირკმელებში ძენი თავისი კაპარჭისა.
14სასაცილო გავხდი მთელი ჩემი ხალხისა, მათ საშაიროდ მთელ დღეს,
15სიმწარით გამაძღო, აბზინდით დამათრო.
16ხრეშით დამამტვრევინა კბილები, გამახვია ფერფლში.
17და მშვიდობისგან მიტოვებულ იქნა ჩემი სული, დამავიწყდა კეთილდღეობა.
18და ვთქვი მე: დაიკარგა ჩემი ძალა და ჩემი იმედი უფლისაგან.
19გაიხსენე, უფალო, ჩემი უბედურება და ტანჯვა და სიმწარე.
20იხსენებს და დამცირებულია ჩემში სული.
21ამას ვუპასუხებ ჩემს გულს, ამის გამო ვესავ,
22რომ უფლის მოწყალება არ დასრულებულა, რომ მისი სიბრალული არ გამოლეულა.
23განახლდებიან ისინი ყოველ დილით, დიდია შენი ერთგულება.
24ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული, ამის გამო ვესავ მას.
25კეთილია უფალი მისი მოიმედისთვის, მისი მაძიებელი სულისთვის.
26სიკეთე მას, ვინც მდუმარედ ელოდება უფლისაგან ხსნას.
27სიკეთე კაცს, რომ ზიდა უღელი თავის სიყმაწვილეში,
28დაჯდეს მარტოდ და მდუმარედ, რადგან მან დაადო მას იგი.
29მტვერში დადოს ის თავისი ბაგე – იქნებ არის იმედი.
30ლოყა მიუშვიროს თავის მცემელს, გაძღეს შერცხვენით.
31რადგან არ მიატოვებს უფალი საუკუნოდ.
32რადგან, თუ დაამწუხრებს, შეიბრალებს კიდევაც თავისი დიდი მოწყალებით.
33რადგან არა თავისი ნებით აყენებს ის ტანჯვას და ამწუხრებს ადამიანის ძეთ,
34რომ გათელოს თავის ფეხქვეშ ქვეყნის ყველა ტუსაღი,
35რომ გაამრუდოს კაცის სამართალი უზენაესის წინაშე,
36რომ გააბათილოს ადამიანი მის საქმეში – არ ხედავს ამას უფალი?
37ვინ არის, რომ თქვა და შესრულდა, განა უფალს არ უბრძანებია?
38განა უზენაესის პირიდან არ გამოდის უბედურება და სიკეთე?
39რას ჩივის ცოცხალი ადამიანი? იჩივლოს კაცმა თავის ცოდვებზე.
40მოვძებნოთ ჩვენი გზა და გამოვიძიოთ და მოვბრუნდეთ უფლისაკენ.
41ავწიოთ ჩვენი გულები ხელებით ღმერთისაკენ ზეცაში.
42ჩვენ შევცოდეთ და ავჯანყდით, შენ არ გვაპატიე.
43შენ შეიმოსე რისხვით და გვდევნე, გვხოცავდი და არ გვიბრალებდი.
44შენ შეიმოსე ღრუბლით, რათა არ მოეღწია ჩვენს ლოცვას.
45ნაგვად და სიბინძურედ გვაქციე ხალხებს შორის.
46დააღო ჩვენზე პირი ყველა ჩვენმა მტერმა.
47შიში და ორმო გვხვდა წილად, ნგრევა და შემუსვრა.
48წყლის ნაკადულებად მდის ცრემლები თვალთაგან ჩემი ერის ასულის შემუსვრის გამო.
49ჩემი თვალი ცრემლსა ღვრის მუდმივად და განუწყვეტლივ,
50სანამ გადმოხედავს და დაინახავს უფალი ციდან.
51ჩემ თვალს ტანჯვა მოაქვს ჩემი სულისათვის ჩემი ქალაქის ყველა ასულის გამო.
52ჩიტივით მომინადირეს მე უმიზეზოდ ჩემმა მტრებმა.
53ჩემი ცხოვრება დილეგში დაღუპეს და ქვებს მესროდნენ მე.
54წყალმა გადამიარა თავზე, ვთქვი: „დავიღუპე“.
55შავეთის დილეგიდან ვუხმობდი შენს სახელს, უფალო.
56ისმინე ჩემი ხმა, ნუ მოარიდებ შენს ყურს ჩემს ღაღადს, ჩემს ამოსუნთქვას.
57მომიახლოვდი იმ დღეს, როდესაც მოგიხმე, ამბობდი: „ნუ გეშინია,“
58შენ იცავდი, უფალო, ჩემი სულის საქმეს, შენ იხსენი ჩემი სიცოცხლე.
59დაინახე, უფალო, ხელმრუდეობა ჩემზე, განსაჯე ჩემი საქმე.
60დაინახე მთელი მათი შურისძიება, ყოველი მათი განზრახვა ჩემზე!
61ისმინე მათგან ლანძღვა, უფალო, ყოველი მათი განზრახვა ჩემს წინააღმდეგ.
62ბაგე ჩემს მომხდურთა და მათი ჩანაფიქრი ჩემს წინააღმდეგაა ყოველ დღე.
63შეხედე მათ დაჯდომისას და ადგომისას, დამცინიან მე თავიანთ სიმღერებში.
64მიუზღე მათ მისაგებელი, უფალო, მათი ხელის ნამოქმედარის მიხედვით.
65მიეცი მათ გულის ჯანღი, შენი წყევლა იყოს მათზე.
66დევნე ისინი რისხვაში და გაანადგურე უფლის ცის ქვეშ.

Currently Selected:

გოდ. 3: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy