YouVersion Logo
Search Icon

იოან. 9

9
ბრმადშობილის განკურნება
1მიმავალმა დაინახა კაცი, დაბადებიდან ბრმა.
2და შეეკითხნენ მოწაფეები: „რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?“
3მიუგო იესომ: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში.
4ჩვენ უნდა ვაკეთოთ იმისი საქმეები, ვინც მე მომავლინა, სანამ დღეა. მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შეძლებს კეთებას.
5სანამ სოფელში ვარ, სოფლის ნათელი ვარ.“
6ეს რომ თქვა, მიწაზე დაანერწყვა, ნერწყვით ტალახი მოზილა და თვალებზე წაუსვა ბრმას.
7უთხრა მას: „წადი და მოიბანე შილოახის საბანელში“ (რაც ნიშნავს, მოვლინებულს). წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.
8მეზობლებმა და მათ, ვისაც ადრე ენახათ, რომ მათხოვარი იყო, თქვეს: „ეს ის არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდა?“
9ერთნი ამბობდნენ: ეს სწორედ ისააო. სხვებმა თქვეს: არა, მაგრამ იმასა ჰგავსო. მან კი თქვა: მე ვარო.
10მაშინ უთხრეს მას: „როგორ აგეხილა თვალები?“
11მიუგო მან: „კაცმა, იესო რომ ჰქვია, მოზილა ტალახი, წამისვა თვალებზე და მითხრა: ‘წადი შილოახს და მოიბანე.’ წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალები.“
12და უთხრეს მას: „სადაა იგი?“ ამბობს: „არ ვიცი.“
13მიიყვანეს ფარისევლებთან ის კაცი, წინათ რომ ბრმა იყო.
14შაბათი იყო ის დღე, იესომ რომ ტალახი მოზილა და თვალები აუხილა.
15კვლავ ჰკითხეს მას ფარისევლებმაც, თუ როგორ აეხილა თვალები. უთხრა მათ: „ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ.“
16თქვეს ზოგიერთებმა ფარისეველთაგან: „ეს კაცი არ არის ღვთისაგან, რაკი შაბათს არ ინახავს.“ სხვებმა კი თქვეს: „როგორ შეძლებს ცოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას?“ და იყო მათ შორის განხეთქილება.
17კვლავ ეუბნებიან ბრმას: „შენ რას იტყვი მასზე, თვალები რომ აგიხილა?“ მან თქვა, რომ წინასწარმეტყველიაო იგი.
18არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და თვალები აეხილა, სანამ თვალახელილის მშობლებს არ დაუძახეს.
19და ჰკითხეს მათ: „ესაა თქვენი ვაჟი, ვისზეც ამბობთ, რომ ბრმა დაიბადაო? ახლა როგორღა ხედავს?“
20მიუგეს მისმა მშობლებმა და თქვეს: „ვიცით, რომ ეს ჩვენი შვილია და ბრმა დაიბადა,
21მაგრამ ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით, ან ვინ აუხილა თვალები, არც ეგ ვიცით. ხომ სრულწლოვანია, მას ჰკითხეთ და თვითონ იტყვის თავის თავზე.“
22ასე უთხრეს მისმა მშობლებმა, რადგან ეშინოდათ იუდეველებისა. ვინაიდან უკვე შეთქმულიყვნენ იუდეველები, რომ სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც მას ქრისტედ აღიარებდა.
23ამიტომ უთხრეს მშობლებმა: სრულწლოვანია, მას ჰკითხეთო.
24მეორედ დაუძახეს იმ კაცს, ბრმა რომ იყო, და უთხრეს: „მიაგე დიდება ღმერთს. ჩვენ ვიცით, რომ ცოდვილია ის კაცი.“
25მიუგო მან: „არ ვიცი, ის კაცი ცოდვილია თუ არა. ერთი რამ ვიცი: ბრმა ვიყავი და ახლა ვხედავ.“
26კვლავ უთხრეს მას: „რა გაგიკეთა, როგორ აგიხილა თვალები?“
27მიუგო მათ: „მე უკვე გითხარით და არ მისმინეთ, რად გინდათ კვლავ მოსმენა? ან იქნებ მის მოწაფეებად გახდომა გსურთ?“
28მათ გალანძღეს იგი და თქვეს: „შენა ხარ მისი მოწაფე, ჩვენ კი მოსეს მოწაფეები ვართ.
29ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკებოდა ღმერთი. ამაზე კი არაფერი ვიცით, საიდანაა იგი.“
30მიუგო კაცმა და უთხრა მათ: „საკვირველი სწორედ ისაა, რომ თქვენ არ იცით, საიდანაა იგი, მან კი თვალები ამიხილა.
31ჩვენ კი ვიცით, რომ ცოდვილებს არ უსმენს ღმერთი, არამედ, ვინც ღვთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, იმას უსმენს.
32საუკუნითგან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმად დაბადებულისთვის თვალები აეხილოს.
33ეს რომ ღვთისაგან არ ყოფილიყო, ვერაფერს გახდებოდა.“
34მიუგეს და უთხრეს მას: „შენ მთლიანად ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?“ და გარეთ გააგდეს იგი.
ბრმამ ირწმუნა
35გაიგო იესომ, რომ გარეთ გააგდეს იგი, მონახა და უთხრა მას: „შენ გწამს ძე კაცისა?“
36მიუგო მან და თქვა: „ვინაა იგი, უფალო, რომ ვიწამო?“
37უთხრა იესომ: „შენ გინახავს იგი და, ვინც შენ გელაპარაკება, ისაა.“
38მან თქვა: „მწამს, უფალო.“ და თაყვანი სცა მას.
39და თქვა იესომ: „განსაკითხავად მოვედი ამ სოფელში, რათა ბრმებმა დაინახონ, მხედველნი კი დაბრმავდნენ.“
40გაიგონა მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა ეს და უთხრა მას: „ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?“
41უთხრა მათ იესომ: „ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ, მაგრამ რაკი ამბობთ, თვალხილულნი ვართო, თქვენი ცოდვა გრჩებათ.“

Currently Selected:

იოან. 9: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy