YouVersion Logo
Search Icon

იოან. 7

7
იესოს ძმებსაც არ სწამთ მისი
1ამის შემდეგ იესო გალილეაში მიმოდიოდა, რადგან იუდეაში არ სურდა სიარული, რაკი იუდეველნი მოსაკლავად დაეძებდნენ.
2ახლოვდებოდა იუდეველთა დღესასწაული, კარვობა.
3უთხრეს მას მისმა ძმებმა: „წადი აქედან და მიდი იუდეაში, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმეები, რომელთაც აკეთებ,
4რადგან ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს აკეთებ, გამოეცხადე სოფელს.“
5რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი.
6ეუბნება მათ იესო: „ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა, თქვენი დრო კი მუდამ მოწეულია.
7სოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ იმის გამო, რომ მე ვამოწმებ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია.
8თქვენ ადით დღესასწაულზე. მე კი არ ავალ ამ დღესასწაულზე, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ აღსრულებულა.“
9ეს რომ უთხრა, დარჩა გალილეაში.
იესო ცხადად ასწავლის ტაძარში
10მაგრამ როცა მისი ძმები დღესასწაულზე ავიდნენ, მაშინ თვითონაც ავიდა, მხოლოდ არა გაცხადებულად, არამედ ფარულად.
11იუდეველნი კი ეძებდნენ მას დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო?
12ხალხში ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მასზე: ერთნი ამბობდნენ, კეთილიაო. მეორენი ამბობდნენ, არა, ხალხს აცდუნებსო.
13ოღონდ ცხადად არავინ არ ლაპარაკობდა მასზე, რადგან იუდეველებისა ეშინოდათ.
14უკვე შუა დღესასწაულზე ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.
15გაუკვირდათ იუდეველებს და თქვეს: როგორ იცის წერილები უსწავლელადო?
16მიუგო მათ იესომ და თქვა: „ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა.
17ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, იგი გაიგებს ამ მოძღვრების შესახებ – ღვთისგანაა თუ ჩემით ვლაპარაკობ.
18ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს. ხოლო ვინც ეძებს იმის დიდებას, ვინც იგი მოავლინა, ჭეშმარიტია და უსამართლობა არ არის მასში.
19განა მოსემ არ მოგცათ რჯული? მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად?“
20მიუგო ხალხმა: „ეშმაკია შენში. ვინ გეძებს მოსაკლავად?“
21მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ.
22მოსემ მოგცათ წინადაცვეთა, თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამებისგანაა – და შაბათობით წინადაცვეთთ ადამიანს.
23თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა მოსეს რჯული არ დაირღვეს, მე რაღად მრისხავთ იმის გამო, რომ მთელი ხალხი განვკურნე შაბათს?
24ნუ განიკითხავთ გარეგნობით, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ.“
25თქვეს ზოგიერთებმა იერუსალიმელთაგან: „ეს ის არაა, მოსაკლავად რომ ეძებენ?
26აჰა, აშკარად ლაპარაკობს და ვერაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ იგი ნამდვილად ქრისტეა?
27მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, საიდანაცაა იგი. ხოლო ქრისტე რომ მოვა, არავის ეცოდინება, საიდან არის.“
28შესძახა იესომ ტაძარში სწავლებისას და თქვა: „მე მიცნობთ და იცით, საიდან ვარ. ჩემით არ მოვსულვარ. მაგრამ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ.
29მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა.“
სიცოცხლის წყალზე
30ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო მას, რადგან მისი ჟამი არ დამდგარიყო.
31ხალხიდან ბევრი ერწმუნა მას და თქვეს: „როცა ქრისტე მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?“
32მოისმინეს ფარისევლებმა ხალხის ასეთი მითქმა-მოთქმა მასზე და მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა.
33თქვა იესომ: „მე კიდევ მცირე ხანს ვარ თქვენთან და წავალ ჩემს მომავლინებელთან.
34ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით. სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ.“
35უთხრეს ერთმანეთს იუდეველებმა: „სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? ბერძნეთა შორის განთესილებთან ხომ არ წავა და ბერძნებს ხომ არ დაუწყებს სწავლას?
36ეს რა სიტყვაა, რომელიც თქვა: ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთო?“
37დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: „თუ ვინმეს სწყურია, ჩემთან მოვიდეს და შესვას.
38ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები.“
39ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ კიდევ არ იყო მოცემული სული, რაკი იესო ჯერ განდიდებული არ იყო.
40ხალხიდან ბევრმა ამ სიტყვების გაგონებაზე თქვა: „ეს ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია.“
41სხვებმა თქვეს: „ეს ქრისტეა.“ სხვები ამბობდნენ: „განა გალილეიდან მოვა ქრისტე?
42განა წერილი არ ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?“
43და ჩამოვარდა ხალხში განხეთქილება მის გამო.
44ზოგიერთ მათგანს მისი შეპყრობა უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ დააკარა.
არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია
45მივიდნენ მსახურნი მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან და მათ უთხრეს: „რატომ არ მოიყვანეთ იგი?“
46მიუგეს მსახურებმა: „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს.“
47მიუგეს მათ ფარისევლებმა: „ნუთუ თქვენც გაცდუნათ?
48ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ იწამა იგი?
49მაგრამ ეს ხალხი, რჯულის უმეცარი, დაწყევლილია.“
50ეუბნება მათ ნიკოდემოსი, რომელიც ღამით მივიდა მასთან და ერთი იმათთაგანი იყო:
51„განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და არ გაიგო, რაც მან ჩაიდინა?“
52მიუგეს და უთხრეს მას: „შენც გალილეიდან არა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება.“
53ყველანი თავ-თავიანთ სახლებში წავიდნენ.

Currently Selected:

იოან. 7: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy