YouVersion Logo
Search Icon

იოან. 21

21
იესო ეცხადება შვიდ მოწაფეს
ტიბერიის ზღვაზე
1ამის შემდეგ კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიის ზღვაზე. ასე გამოეცხადა:
2ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, ტყუპისცალად წოდებული თომა, ნათანაელი გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მისი მოწაფეთაგანი.
3ეუბნება მათ სიმონ-პეტრე: „სათევზაოდ მივდივარ.“ უთხრეს მას: „ჩვენც წამოგყვებით.“ გავიდნენ და ჩასხდნენ ნავში. იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს.
4უკვე გათენებული იყო და, იესო იდგა ნაპირზე, მოწაფეებმა კი არ იცოდნენ, რომ ეს იესო იყო.
5ეუბნება მათ იესო: „შვილებო, არა გაქვთ საჭმელი?“ მიუგეს მას: „არა.“
6უთხრა მათ: „ისროლეთ ბადე ნავის მარჯვენა მხარეს და იპოვით.“ ისროლეს და ვეღარ გამოათრიეს თევზის სიმრავლის გამო.
7მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, ეუბნება პეტრეს: „ეს უფალია.“ სიმონ-პეტრემ რომ გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი მოიხვია, რადგან შიშველი იყო, და ზღვაში გადაეშვა.
8სხვა მოწაფეები კი პატარა ნავით მოვიდნენ, რადგან შორს არ იყვნენ ხმელეთიდან, ასე ორას წყრთაზე, და გამოათრიეს ბადე თევზიანად.
9ხმელეთზე რომ გადმოვიდნენ, ნახეს დაწყობილი ნაკვერცხლები და მათზე დადებული თევზი და პური.
10ეუბნება მათ იესო: „იმ თევზისა მოიტანეთ, ახლა რომ დაიჭირეთ.“
11წავიდა სიმონ-პეტრე და ხმელეთზე გამოათრია ბადე, სავსე ას ორმოცდაცამეტი დიდი თევზით და, სიმრავლის მიუხედავად, ბადე არ გახეულა.
12ეუბნება მათ იესო: „მოდით, ისაუზმეთ.“ მოწაფეთაგან ვერც ერთმა ვერ გაბედა, ეკითხა, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო.
13მივიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ, ასევე თევზიც.
14ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო მოწაფეებს, მკვდრეთით აღმდგარი.
სამჯერ ეკითხება იესო პეტრეს: „გიყვარვარ?“
15რომ ისაუზმეს, იესო ეუბნება სიმონ-პეტრეს: „სიმონ იოანესო, ამათზე მეტად გიყვარვარ?“ ეუბნება მას: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ.“ ეუბნება მას: „აძოვე ჩემი კრავები.“
16ეუბნება მას კვლავ მეორედ: „სიმონ იოანესო, გიყვარვარ?“ ეუბნება მას: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ.“ ეუბნება მას: „დამწყსე ჩემი ცხვრები.“
17ეუბნება მას მესამედ: „სიმონ იოანესო, გიყვარვარ?“ პეტრე დაღონდა, მესამედ რომ უთხრა: „გიყვარვარ“? და ეუბნება მას: „უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ!“ ეუბნება მას იესო: „აძოვე ჩემი ცხვრები.
18ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი სარტყელს და მიდიოდი, სადაც გსურდა. როცა დაბერდები, გაშლი ხელებს და სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გსურს.“
19ეს თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით განადიდებდა ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: „მომყევი.“
შენ მე მომყევი
20მოტრიალდა პეტრე და დაინახა, რომ მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, მოსდევდა მათ. სწორედ ის, მისი მკერდისკენ რომ გადაიხარა სერობისას და უთხრა, უფალო, ვინ გაგცემსო?
21ეს რომ დაინახა პეტრემ, ეუბნება იესოს: „უფალო, ამას რა?“
22ეუბნება მას იესო: „თუ მე მსურს, რომ დარჩეს ჩემს მოსვლამდე, შენ რა? შენ მე გამომყევი.“
23და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს არ უთქვამს მასზე, არ მოკვდებაო, არამედ, თუ მე მსურს, რომ დარჩეს, ჩემს მოსვლამდე, შენ რაო?
ჭეშმარიტი დამოწმება მოწაფისა
24ეს არის ის მოწაფე, რომელიც ამოწმებს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია.
25კიდევ ბევრი სხვაც არის, რაც იესომ მოიმოქმედა, რომელიც, დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, მთელი სოფელიც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.

Currently Selected:

იოან. 21: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy