YouVersion Logo
Search Icon

მსაჯ. 16

16
სამსონი ღაზაში
1და ჩავიდა სამსონი ღაზაში, და იქ ერთი მეძავი ქალი ნახა, და შევიდა მასთან.
2და უთხრეს ღაზელებს: „სამსონი მოსულა აქ.“ და გარს შემოადგნენ და მთელი ღამე უდარაჯებდნენ მას ქალაქის კარიბჭესთან. და მთელი ღამე წყნარად ისხდნენ და ამბობდნენ: „განთიადამდე მოვიცადოთ და მერე მოვკლათ.“
3და სამსონს ეძინა შუაღამემდე, და ადგა შუაღამისას და ხელი მოხვია ქალაქის კარიბჭის ორივე წირთხლს, ურდულებიანად მოგლიჯა, გაიდო მხრებზე და აიტანა ისინი მთის წვერზე, ხებრონის გადაღმა.
4და ამის შემდეგ მას ქალი შეუყვარდა სორეკის ხეობაში, და მისი სახელი იყო დალილა.
5და მივიდნენ ქალთან ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: „შეაცდინე იგი და ნახე, რაშია მისი დიდი ძალა, რა უნდა ვიღონოთ მის დასაძლევად და შესაკრავად, რომ დავიმორჩილოთ იგი; და თითოეული ჩვენგანი ათას ვერცხლს მოგცემს.“
6და უთხრა სამსონს დალილამ: „მითხარი, რაშია შენი დიდი ძალა და რით შეიძლება შენი შეკვრა, კაცმა რომ დაგიმორჩილოს?“
7და მას უთხრა სამსონმა: „შვიდი ახალთახალი გამოუშრობი ლარით რომ შემკრან, მაშინ დავუძლურდები და უბრალო ადამიანის მსგავსი შევიქნები.“
8და მიუტანეს დალილას ფილისტიმელთა მთავრებმა შვიდი ახალთახალი გამოუშრობი ლარი, და იმით შეკრა დალილამ სამსონი.
9ოთახში კი ხალხი ჰყავდა ჩასაფრებული. და უთხრა დალილამ მას: „ფილისტიმელნი მოსულან შენზე, სამსონ!“ და დაწყვიტა სამსონმა ლარები, როგორც ძენძის ძაფი წყდება ხოლმე, ცეცხლი რომ მოედება. და ვერ შეიცნეს მისი ძალა.
10და უთხრა დალილამ სამსონს: „აჰა, ხომ მომატყუე და გამაწბილე, ახლა მაინც მითხარი, რით შეიძლება შენი შეკვრა?“
11და უთხრა მას სამსონმა: „თუ მე ახალი, უხმარი თოკებით შემკრავენ, მაშინ დავუძლურდები და უბრალო ადამიანის მსგავსი შევიქნები.“
12და აიღო დალილამ ახალი თოკები, შეკრა იგი და უთხრა: „ფილისტიმელნი მოსულან შენზე, სამსონ!“ და ოთახში კი ხალხი იყო ჩასაფრებული. და მან ძაფივით შემოიწყვიტა თოკები მკლავებზე.
13და უთხრა დალილამ სამსონს: „აქამდე მატყუე და მაწბილე, ეხლა მაინც მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა?“ და უთხრა სამსონმა მას: „თუ ჩემი თავის შვიდ ნაწნავს საძახველში ჩაგრეხ და პალოზე მიაბამ, მაშინ დავუძლურდები და უბრალო ადამიანის მსგავსი შევიქნები.“
14მას რომ ეძინა, ადგა დალილა და მისი შვიდი ნაწნავი საძახველში ჩაგრიხა; მიაბა პალოზე და უთხრა მას: „ფილისტიმელნი მოსულან შენზე, სამსონ!“ და გამოიღვიძა თავისი ძილიდან და საძახველის პალოც ამოგლიჯა და ნაძახიც.
15და უთხრა მას დალილამ: „როგორღა მეუბნები, მიყვარხარო, თუ გულით არა ხარ ჩემთან? აჰა, სამჯერ მომატყუე და არ გამიმხილე, რაშია შენი ძალა.“
16რაკი ყოველდღე ამ სიტყვებს ჩასჩიჩინებდა და ეხვეწებოდა, სასიკვდილოდ შეუწუხა სული.
17და გაუმხილა მას ყველაფერი, რაც გულში ჰქონდა, და უთხრა მას: „სამართებელი არ გაჰკარებია ჩემს თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი ვარ დედაჩემის მუცლიდანვე; თავი, რომ გადამპარსონ, ძალა გამომეცლება და უბრალო ადამიანის მსგავსი შევიქნები.“
18და დაინახა დალილამ, რომ მან გული გაუხსნა. კაცი, გააგზავნა და მოუხმო ფილისტიმელთა მთავრებს და უთხრა: „ახლა კი ამოდით, რადგან ყველაფერი გამიმხილა, რაც გულში ჰქონდა.“ და ავიდნენ მასთან ფილისტიმელთა მთავრები და ვერცხლიც ამოუტანეს საკუთარი ხელით.
19და კალთაში ჩააძინა იგი დალილამ, და მოუხმო კაცებს, და მისი თმის შვიდივე ნაწნავი მოაპარსვინა; და დაიწყო ქალმა მისი მოთრგუნვა, და გამოეცალა სამსონს ძალა.
20და თქვა დალილამ: „ფილისტიმელნი მოსულან შენზე, სამსონ!“ და გაიღვიძა მან და თქვა: „გავალ წინანდებურად და თავს დავიხსნი.“ და არ იცოდა, რომ უფალმა პირი იბრუნა მისგან.
21და შეიპყრეს იგი ფილისტიმელებმა, და თვალები დასთხარეს, და წაიყვანეს იგი ღაზაში, და სპილენძის ჯაჭვებით შეკრეს. და აფქვევინებდნენ საპყრობილეში.
22ამასობაში იწყო მისმა თმამ წამოზრდა მას შემდეგ, რაც გაპარსულ იქნა.
23და შეიკრიბნენ ფილისტიმელთა მთავრები, რომ დიდი მსხვერპლი შეეწირათ დაგონისათვის, თავიანთი ღმერთისათვის, და ემხიარულათ, რადგან ამბობდნენ: „ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო სამსონი, ჩვენი მტერი.“
24და უყურებდა მას ხალხი, ადიდებდა თავის ღმერთს, რადგან ამბობდნენ: „ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო ჩვენი მტერი და ჩვენი ქვეყნის მაოხარი, ის, ვინც მრავალი ჩვენგანი გაწყვიტა.“
25და კარგ გუნებაზე რომ დადგნენ, თქვეს: „მოუხმეთ სამსონს. დაე, გაგვართოს მან.“ და მოუხმეს სამსონს საპყრობილიდან, და მასხრობდა მათ წინაშე; და დააყენეს იგი სვეტებს შორის.
26და უთხრა სამსონმა ყმაწვილს, რომელსაც ხელით დაჰყავდა: „ხელი შემავლებინე იმ სვეტებისთვის, რომლებზედაც სახლი დგას, რომ მივეყუდო მათ.“
27და სახლი სავსე იყო კაცებითა და ქალებით; იქ მოეყარათ თავი ფილისტიმელთა ყველა მთავარს, და ერდოზე სამი ათასამდე კაცი და ქალი იყო, და უყურებდა სამსონის დაცინვას.
28და შეჰღაღადა სამსონმა უფალს, და თქვა: „უფალო ღმერთო, გამიხსენე, და ოღონდ ამჯერად გამაძლიერე, ღმერთო, ერთბაშად რომ ვიძიო შური ფილისტიმელებზე ჩემი ორი თვალის გამო.“
29და მოეჭიდა სამსონი ორივე შუათანა სვეტს, რომლებზედაც სახლი იდგა, და მიეყრდნო მათ – ერთს მარჯვენა ხელით და მეორეს მარცხენა ხელით,
30და თქვა სამსონმა: „მოკვდი, სულო ჩემო, ფილისტიმელებთან ერთად!“ და მოზიდა ძალით, და ჩამოემხო სახლი მთავრებსაც და მთელ ხალხს, ვინც შიგ იყო. დახოცილები, სამსონმა სიკვდილისას რომ დახოცა, იმათზე მეტი იყვნენ, სიცოცხლეში რომ ჰყავდა დახოცილი.
31და ჩავიდნენ მისი ძმები და მამამისის მთელი სახლი, წამოასვენეს იგი, და დამარხეს ცორყასა და ეშთაოლს შორის, მამამისის, მანოახის, სამარხში. და იგი განსჯიდა ისრაელს ოცი წელიწადი.

Currently Selected:

მსაჯ. 16: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy