YouVersion Logo
Search Icon

ეს. 30

30
გაფრთხილება – არ დაამყარონ კავშირი ეგვიპტესთან
1„ვაი, გაუგონარ შვილებს,“ – სიტყვა უფლისა. – „რჩევას იღებენ, და არა ჩემგან, ჩანაფიქრს ფიქრობენ და არა ჩემი სულით, რათა ცოდვა ცოდვას მიუსართონ.
2ეგვიპტეში ჩასასვლელად რომ გაემართნენ, ჩემს ბაგეს კი არ დაეკითხნენ, რათა გამაგრებულიყვნენ ფარაონის სიმაგრეში, და ეგვიპტის ჩრდილისთვის შეეფარებინათ თავი.
3მაგრამ ფარაონის სიმაგრე სირცხვილად გექცევათ, ეგვიპტის ჩრდილში შეფარება – შესარცხვენად.
4რადგან მისი მთავარნი ცოყანში იყვნენ, და მისმა მოციქულებმა ხანესამდე მიაღწიეს.
5ყველა შერცხვენილია ხალხის გამო, ვერც საშველად და ვერც სარგოდ, მხოლოდ სირცხვილად და შესარცხვენად.“
6ტვირთი ნეგების პირუტყვისა: უბედურებისა და გაჭირვების ქვეყანაში, საიდანაც გამოდიან ძუ და ხვადი ლომი; ასპიტი და მფრინავი ურჩხული! ჩოჩორთა ზურგით მოაქვთ მათ თავიანთი დოვლათი და აქლემთა კუზით – თავიანთი საუნჯე უსარგებლო ხალხთან.
7ეგვიპტე კი, მისი შემწეობა, ამაო და ფუჭია, ამიტომაც ვუწოდე მას: „უქმად მოქადულნი“.
8ახლა მოდი, დაუწერე ეს დაფაზე, და წიგნში ამოკვეთე და დარჩება უკანასკნელ დღემდე, უკუნითი უკუნისამდე.
9რადგან მეამბოხე ხალხია ის, ცრუ ძენი, ძენი, რომელთაც არ სურთ უფლის რჯულის მოსმენა,
10რომლებიც ეუბნებიან მხილველებს: და წინასწარმეტყველთ: „ნუ გვიწინასწარმეტყველებთ სიმართლეს, გვითხარით რამ საამებელი, იხილეთ რამ სამხიარულო.
11განდექით გზიდან, გადაუხვიეთ ბილიკიდან, მოგვასვენეთ ისრაელის წმიდისაგან.“
12ამიტომ ასე თქვა ისრაელის წმიდამ: „რადგან თქვენ შეიძულეთ ეს სიტყვა და დაენდეთ გამოძალვას და მოტყუებას და ეყრდნობით ამას,
13ამიტომ გექნებათ თქვენ ეს ურჯულოება, როგორც ნაპრალი დამაქცეველი, როგორც შენანგრევი მაღალ კედელზე, რომლის ჩამოქცევა მეყსეულად მოვა.
14და დალეწავს, ნამსხვრევებად, შეუბრალებლად, და არ მოინახება ამ ნამსხვრევებში ნატეხი, კერიდან ცეცხლის ასაღებად, ან ტბორიდან წყლის ამოსახაპად.“
15რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა, ისრაელის წმიდამ: „მოქცევასა და სიმშვიდეში გადარჩებოდით, სიმყუდროვესა და მინდობაში იქნებოდა თქვენი ძალა, მაგრამ თქვენ არ ინდომეთ.
16ამბობდით: „არა, რადგან ცხენით გავიქცევით,“ ამიტომაც გაიქცევით; „ჩვენ სწრაფი ცხენებით გავჭენდებით!“ ამიტომ სწრაფნი იქნებიან თქვენი მდევარნი.
17ათასეული გაიქცევა ერთის მუქარით, ხუთის მუქარით თქვენ მოჰკურცხლავთ, სანამ არ დარჩებით სარყესავით მთის თხემზე და ნიშანივით – ბორცვზე.“
18ამიტომ უფალი დროს უცდის, რომ შეგიწყალოთ. ამიტომ მაღლდება, რომ შეგიბრალოთ. რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყველა მისი მოიმედე.
19რადგან, ხალხო, მცხოვრებო სიონსა და იერუსალიმში, ტირილით აღარ იტირებთ, შეგიწყალებს ის შენი ღაღადის პასუხად; მოსმენისთანავე გიპასუხებს.
20და მოგცემთ თქვენ უფალი გაჭირვების პურს და სიმძიმილის წყალს. და შენი მოძღვარი აღარ დაიმალება და იხილავენ შენი თვალები შენს მოძღვარს.
21და შენი ყურები მოისმენენ სიტყვას, ნათქვამს შენს უკან: „აი გზა, მას გაჰყევით“, როცა მარჯვნივ წახვალთ ან მარცხნივ.
22სიბილწედ შერაცხავთ შენი ძეგლების ვერცხლის პერანგს და შენი კერპების ოქროს სამოსელს. მიმოფანტავ მათ, როგორც სიბინძურეს; „მოშორდი“, ეტყვი მათ.
23და მისცემს ის წვიმას შენს თესლს, რომელსაც დათესავ მიწაზე. და პური, მიწის მოსავალი, იქნება მსუყე და ნოყიერი, შენი სამწყსო იმ დღეს გაშლილ საძოვარზე დაიმწყესება.
24ხარები და ვირები, მინდოს რომ ხნავენ, მარილიან საკვებს შეჭამენ, განიავებულს ნიჩბითა და ფიწლით.
25და ყოველ მაღალ მთაზე და ყოველ შემაღლებულ ბორცვზე წყალუხვი ღელეები იქნება დიდი განადგურების დღეს, კოშკების დაცემისას.
26და იქნება მთვარის ნათელი, როგორც მზის ნათელი, და მზის ნათელი შვიდმაგი იქნება, როგორც შვიდი დღისა იმ დღეს, როდესაც უფალი შეუხვევს მოტეხილს თავის ხალხს და ჭრილობას განუკურნავს.
27აჰა, უფლის სახელი მოდის შორიდან, გიზგიზებს მისი რისხვა და მძიმეა მისი ტვირთი, მისი ბაგენი სავსეა მრისხანებით და მისი ენა შემჭმელი ცეცხლივითაა.
28მისი სუნთქვა მოვარდნილი ღვართქაფივითაა, ყელამდე სწვდება, რომ გაცრას ხალხები ამაოების საცერში. და ამოსდებს ხალხებს ყბებში ლაგამს, რომ წარმართოს ცთუნებათაკენ.
29სიმღერა გექნებათ თქვენ, და გულის სიხარული, როგორც სალამურის ღუღუნით მავალს, რომ ავიდეს მთაზე უფლისა – ისრაელის კლდისა.
30უფალი მოასმენინებს თავისი ხმის სიდიადეს, და თავისი მკლავის ცემას აჩვენებს გულისწყრომის რისხვაში და შემჭმელი ცეცხლის ალში, ქარიშხალში და ქვის სეტყვაში.
31რადგან უფლის ხმისაგან დაილეწება აშური, შოლტით მცემელი.
32ყოველი ჩავლა სასჯელის კვერთხისა, რომელსაც უფალი დასცემს მასზე, დაფდაფთა და ქნართა ხმაზე მოხდება. და ბრძოლებში ხელის მოქნევით შეებრძოლება მას.
33რადგან შესაწირი ადგილი, მეფისთვისაცაა გამზადებული, გაღრმავებული და გაფართოებული, მის კოცონში ცეცხლი და ბევრი შეშაა. უფლის სუნთქვა გოგირდის ღელესავით გიზგიზებს მასში.

Currently Selected:

ეს. 30: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy