გამ. 39
39
სამუშაოები აარონის
წმიდა შესამოსლისთვის
1ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერისაგან დაამზადეს საწესო შესამოსელი წმიდა სამსახურისათვის, და დაამზადეს წმიდა შესამოსელი აარონისათვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
2და დაამზადეს ეფოდი ოქროსაგან, ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისაგან.
3და გამოჭედეს ოქროს ფურცლები, და დახიეს ძაფებად, ჩასაქსოვად ლურჯ, ძოწეულ, ჭიაფერ და ბისონის ძაფებთან ერთად, ოსტატური ნაკეთობით.
4შემაერთებელი სამხრეები გაუკეთეს მას. მის ორივე კიდეზე იყო შეერთებული.
5და მისი ეფოდის სარტყელი, რომელიც მის ზემოთ იყო, იმავე ნაკეთობისა იყო: ოქროსაგან, ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისაგან, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
6და დაამუშავეს სარდიონის ქვები, ჩასვეს ისინი ოქროს ბუდეში და საბეჭდავის ტვიფარივით ამოტვიფრეს ისრაელის ძეთა სახელები.
7და მიამაგრა ისინი ეფოდის სამხრეებს სამახსოვრო ქვებად ისრაელის ძეთათვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
8და გააკეთა სამკერდული ოსტატური ნაკეთობით, მსგავსი ეფოდის ნაკეთობისა ოქროსაგან, ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისაგან.
9ოთხკუთხედი იყო იგი. ორმაგი გააკეთეს სამკერდული – სიგრძით მტკაველი და სიგანით მტკაველი, ორმაგი.
10და ჩასვეს მასში ქვათა ოთხი მწკრივი: მწკრივი ლალისა, ტოპაზისა და ბივრილისა – ერთი მწკრივი.
11მეორე მწკრივი: ზურმუხტისა, საფირონისა და ალმასისა.
12და მესამე მწკრივი: იაგუნდისა, აქატისა და ამეთვისტოსი.
13და მეოთხე მწკრივი: ქრიზოლითისა, სარდიონისა და იასპისა, მოჩარჩოებული ოქროს ბუდეებით, თავიანთი მოჭედილობით.
14და ეს ქვები ისრაელის ძეთა სახელებზე იყო, თორმეტი იყო მათი სახელების მიხედვით, საბეჭდავი ტვიფრით ამოტვიფრული, თითოეული თავის სახელით, თორმეტი ტომისთვის.
15და გაუკეთეს სამკერდულს გრეხილი ძეწკვები წნული ნაკეთობით, წმიდა ოქროსი.
16და გააკეთეს ოქროს ორი ბუდე და ოქროს ორი რგოლი, და მიამაგრეს ორივე რგოლი სამკერდულის ორ კიდეს.
17და გაუყარეს ოქროს ორივე წნული ორივე რგოლში სამკერდულის კიდეებზე.
18და ორივე წნულის ორივე კიდე მიამაგრეს ორივე ბუდეს, და მიამაგრეს ისინი ეფოდის სამხრეებს წინიდან.
19და გააკეთეს ორი რგოლი ოქროსი და მიამაგრეს სამკერდულის ორ კიდეს იმ არშიაზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული.
20და გააკეთეს ოქროს ორი რგოლი და დაამაგრეს ისინი ეფოდის ორივე სამხრეზე ქვემოდან, მისი წინა მხრიდან, მისი ნაწიბურის პირდაპირ, ეფოდის სარტყელზე, ზემოდან.
21და მიაბნიეს სამკერდული თავის რგოლებს, ეფოდის რგოლებს ცისფერი ზონრით, რათა იყოს ეფოდის სარტყელზე და არ სცილდებოდეს სამკერდული ეფოდს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
22და გაუკეთა ეფოდს მოსასხამი მქსოველის ნაკეთობით, მთლიანად ცისფერი ქსოვილისაგან.
23და ჭრილი მოსასხამის შუაში იყო, ჯაჭვის პერანგის ჭრილივით, შემოკერილი მისი ჭრილის ირგვლივ, რომ არ შემორღვეულიყო.
24და გაუკეთეს მოსასხამის კალთებს ბროწეულები ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი ქსოვილისა და გრეხილი ბისონისაგან.
25და გააკეთეს წმიდა ოქროს ეჟვნები, და ჩამოჰკიდეს ეჟვნები ბროწეულთა შორის მოსასხამის კალთებს ირგვლივ.
26ეჟვანი და ბროწეული, ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთებს ირგვლივ მსახურებისათვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
27და დაუმზადეს კვართები ბისონისა, მქსოველის ნაკეთობით, აარონსა და მის ძეებს.
28და დოლბანდი ბისონისა, და თავსაბურველის სამკაულები ბისონისა, და სელის შარვალი გრეხილი ბისონისა.
29და სარტყელი გრეხილი ბისონისა და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისაგან, მქარგავის ნაკეთობით, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
30და გაუკეთეს ფირფიტა წმიდა ოქროსი, წმიდა გვირგვინი და ამოტვიფრეს მასზე წარწერა, როგორც საბეჭდავის ტვიფარზე: „სიწმიდე უფლისა.“
31და მიამაგრეს მას ცისფერი ზონარი, რათა მიებნიათ იგი დოლბანდზე ზემოდან, როგორც უბრძანმა უფალმა მოსეს.
32და ასე დასრულდა საკრებულო კარვის ყოველი სამუშაო. და გააკეთეს ისრაელის ძეთ ყოველივე; როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. ისე გააკეთეს.
33და მიიტანეს სავანე მოსესთან, კარავი და ყოველი მისი მოწყობილობა, მისი დუგმები, მისი ძელები, მისი ძელაკები, მისი სვეტები და მისი კვარცხლბეკნი.
34და საბურველი ვერძთა ალისფერი ტყავისა და საბურველი მაჩვის ტყავებისა და ფარდა.
35კიდობანი მოწმობისა და კეტები მისი, და თავსარქველი.
36ტაბლა, მთელი მისი მოწყობილობა და საწინაშეო პური.
37სასანთლე ხალასი ოქროსი, მისი კანდელები, ზედ გამწკრივებული კანდელები, და მთელი მისი მოწყობილობა და ზეთი გასანათებლად.
38და ოქროს სამსხვერპლო და ზეთი, და კეთილსურნელება საკმევლისა და ფარდა კარვის შესასვლელის.
39სპილენძის სამსხვერპლო და მისი სპილენძის ცხაური, მისი კეტები და ყოველი მისი მოწყობილობა და საბანელი და მისი კვარცხლბეკი.
40ეზოს ფარდები, მისი სვეტები და მისი კვარცხლბეკები, ეზოს კარიბჭის ფარდები, მისი თოკები და მისი პალოები და ყოველი მოწყობილობა კარავში სამსახურებლად, საკრებულო კარვისათვის.
41საწესო შესამოსელნი წმიდაში სამსახურებლად, წმიდა შესამოსელნი აარონ მღვდლისათვის, და შესამოსელნი მისი ძეებისა, მღვდლობის გასაწევად.
42ყოველივე, როგორც უფალმა უბრძანა მოსეს, ისე შეასრულეს ისრაელის ძეთ, მთელი სამუშაო.
43და ნახა მოსემ ყოველი საქმე, და აჰა, გაუკეთებიათ იგი. როგორც უბრძანა უფალმა, ისე გააკეთეს. და აკურთხა ისინი მოსემ.
Currently Selected:
გამ. 39: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002