YouVersion Logo
Search Icon

გამ. 37

37
კიდობნის, თავსარქველის, ტაბლის,
სასანთლის და სამსხვერპლოს გაკეთება
1და გააკეთა ბეცალელმა კიდობანი აკაციის ხეთაგან. ორნახევარი წყრთა იყო მისი სიგრძე, წყრთანახევარი – მისი სიგანე და წყრთანახევარი – მისი სიმაღლე.
2და მოჭედა იგი წმიდა ოქროთი როგორც შიგნიდან, ისე გარედან, და გარს გვირგვინი შემოავლო.
3და ჩამოასხა მისთვის ოთხი რგოლი ოქროსი მისი ოთხი კუთხისათვის. ორი რგოლი მის ერთ მხარეზე და ორი რგოლი მის მეორე მხარეზე.
4და გააკეთა კეტები აკაციის ხეთაგან, და მოჭედა ისინი ოქროთი.
5და გაუყარა კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, კიდობნის სატარებლად.
6და გააკეთა თავსარქველი წმიდა ოქროსაგან. ორნახევარი წყრთა იყო მისი სიგრძე და წყრთანახევარი მისი სიგანე.
7და გააკეთა ორი ქერუბიმი ოქროსი. ჭედური ნაკეთობით გააკეთა თავსარქველის ორივე ბოლოზე.
8ერთი ქერუბიმი ერთი ბოლოდან და მეორე ქერუბიმი მეორე ბოლოდან. თავსარქველიდან ამოიყვანა მან ქერუბიმები, მის ორივე ნაპირზე.
9და იყვნენ ქერუბიმები ფრთებგაშლილი მაღლა, და ფარავდნენ ფრთებით თავსარქველს, და სახით იყვნენ მიპყრობილნი ერთმანეთისაკენ. თავსარქველისაკენ იყო მიპყრობილი ქერუბიმების სახეები.
10და გააკეთა ტაბლა აკაციის ხეთაგან: ორი წყრთა იყო მისი სიგრძე, წყრთა იყო სიგანე მისი, და წყრთანახევარი – მისი სიმაღლე.
11და მოჭედა იგი წმიდა ოქროთი და გარს ოქროს გვირგვინი შემოავლო.
12და გაუკეთა მას ხელისგულის სიგანის ჩარჩო ირგვლივ და მოჭედა მისი ჩარჩო ოქროს გვირგვინით ირგვლივ.
13და ჩამოასხა მისთვის ოთხი რგოლი ოქროსი და მიამაგრა ეს რგოლები ოთხ კუთხეზე, რომელიც მის ფეხებთან იყო.
14ჩარჩოსთან იყო რგოლები კეტების გასაყრელად ტაბლის სატარებლად.
15და გააკეთა კეტები აკაციის ხეთაგან ტაბლის სატარებლად, და მოჭედა ისინი ოქროთი.
16და გააკეთა წმიდა ოქროს ჭურჭელი ტაბლისთვის: მისი ლანგრები და მისი თასები, და მისი ტოლჩები და მისი ჯამები საღვრელის დასაღვრელად. რათა ჩამოესხათ მათით.
17და გააკეთა მან სასანთლე წმიდა ოქროსგან, ჭედური სასანთლე გააკეთა. მისი შვერილი და მისი ტოტი, მისი ჯამები, მისი კვირტები და მისი ყვავილები მისგანვე იყო.
18და ექვსი ტოტი გამოდიოდა მის გვერდთაგან: სამი ტოტი სასანთლისა მისი ერთი გვერდიდან და სამი ტოტი სასანთლისა მისი მეორე გვერდიდან.
19სამი ნუშისებრი ჯამი ერთ ტოტზე, კვირტი და ყვავილი. და სამი ნუშისებრი ჯამი მეორე ტოტზე, კვირტი და ყვავილი. ასე ექვს ტოტზე, რომელნიც გამოდიოდნენ სასანთლიდან.
20და თვით სასანთლეზე იყო ოთხი ნუშისებრი ჯამი, მისი კვირტები და მისი ყვავილები.
21და კვირტი მისი ორი ტოტის ძირში, და კიდევ კვირტი მისი ორი ტოტის ძირში და კიდევ კვირტი მისი ორი ტოტის ძირში სასანთლიდან გამომავალი ექვსი ტოტისთვის.
22მისი კვირტები და მისი ტოტები მისგანვე იყო ერთიანად, ჭედური წმიდა ოქროსაგან.
23და გააკეთა მისი შვიდი კანდელი თავისი მაშებითა და თავისი აქანდაზებით წმიდა ოქროსაგან.
24ერთი ტალანტი წმიდა ოქროსაგან გააკეთა იგი მთელი მისი ჭურჭლეულობით.
25და გააკეთა სამსხვერპლო საკმევლისა აკაციის ხეთაგან: ერთი წყრთა სიგრძე და ერთი წყრთა სიგანე, ოთხკუთხედი, და ორი წყრთა სიმაღლე. მისგანვე გამოდიოდა მისი რქები.
26და მოჭედა იგი წმიდა ოქროთი, მისი სახურავი და მისი კედლები ირგვლივ, და მისი რქები. და გარს ოქროს გვირგვინი შემოავლო.
27და ორი ოქროს რგოლი გაუკეთა მას გვირგვინის ქვეშ მის ორივე ფერდზე, მის ორივე მხარეს, კეტების გასაყრელად, რათა ეტარებინათ იგი მათით.
28და გააკეთა კეტები აკაციის ხეთაგან და მოჭედა ისინი ოქროთი,
29და გაამზადა ზეთი წმიდა ცხებისათვის და სურნელოვანი, ხალასი საკმეველი, მენელსაცხებლის ხელოვნებით ნახელავი.

Currently Selected:

გამ. 37: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in