YouVersion Logo
Search Icon

ეფეს. 4

4
დაიცავით სულის ერთიანობა
1ამიტომ შეგაგონებთ, მე, პატიმარი უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოწოდებულნი ხართ,
2მთელი თავმდაბლობით, სიმშვიდითა და სულგრძელებით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში.
3ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით.
4ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთ სასოებაში.
5ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება,
6ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც არის ყოველთა ზედა, ყველას მიერ და ყველა ჩვენგანში.
7ხოლო ყოველ ჩვენგანს მოცემული აქვს მადლი ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ.
8ამისათვის ამბობს: „ავიდა მაღლობზე, დაატყვევა ტყვე და ნიჭები უბოძა ადამიანს.“
9ხოლო „ავიდა“ რას ნიშნავს, თუ არა იმას, რომ იგი პირველად მიწის ქვესკნელში ჩავიდა?
10ჩასული კი იგივეა, რაც ასული ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე.
11მან დააყენა ერთნი მოციქულებად, მეორენი – წინასწარმეტყველებად, ზოგნი – მახარებლად, ზოგნი – მწყემსებად და მოძღვრებად,
12რათა სრულეყოთ წმიდები მსახურების საქმისათვის – ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად,
13ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შეცნობას სრულ კაცად, ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას.
14რათა აღარ ვიყოთ ბავშვები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით,
15არამედ, ჭეშმარიტების მეტყველნი სიყვარულით, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი – ქრისტე;
16ვის მიერაც მთელი სხეული, შენაწევრებული და შემტკიცებული ყოველნაირი მაცოცხლებელი კავშირების საშუალებით, სხეულის თითოეული ასოს ზომიერად მოქმედებით იზრდება თავისი თავის სიყვარულში აღსაშენებლად.
მიატოვეთ ძველი კაცი და
შეიმოსეთ ახალი კაცი
17ამიტომ ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ მოიქცეთ ისე, როგორც წარმართები იქცევიან თავიანთი გონების ამაოებით,
18გონებადაბნელებულნი და ღვთის ცხოვრებისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,
19ისინი, რომელთაც გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.
20ხოლო თქვენ ასე როდი გისწავლიათ ქრისტე,
21რადგან მოგისმენიათ მისთვის და მასში ხართ განსწავლულნი, ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება.
22მიტოვებული გაქვთ წინანდელი ცხოვრება ძველი კაცისა, მაცდური გულისთქმებით გახრწნილი,
23და განახლებული ხართ თქვენი გონების სულით,
24და შეგიმოსიათ ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით.
ზეციერი ცხოვრებით იცხოვრეთ
25ამიტომ განიშორეთ სიცრუე და თვითოეულმა თქვენგანმა თავის მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს, ვინაიდან ერთიმეორის ასოები ვართ.
26განრისხდით, ოღონდ ნუ შესცოდავთ: მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე.
27ადგილი არ მისცეთ ეშმაკს.
28ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს. უკეთესია, იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს კეთილი, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისათვის მისაცემად.
29არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს გამგონეთ.
30ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის სულიწმიდას, რომლითაც თქვენ აღბეჭდეთ გამოსყიდვის დღისათვის.
31ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.
32მაგრამ იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.

Currently Selected:

ეფეს. 4: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy