YouVersion Logo
Search Icon

საქმე. 17

17
პავლეს ქადაგება თესალონიკეში
1გაიარეს ამფიპოლისი და აპოლონია და მივიდნენ თესალონიკეში, სადაც იუდეველთა სინაგოგა იყო.
2თავისი ჩვეულებისამებრ, პავლე შევიდა მათთან და სამი შაბათის განმავლობაში ელაპარაკებოდა მათ წერილებიდან.
3უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა დატანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო, და რომ ეს ქრისტე იესოა, რომელსაც მე გახარებთო თქვენ.
4ზოგიერთმა მათგანმა ირწმუნა და შეუერთდა პავლესა და სილას, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი, ასევე ბევრი დიდგვაროვანი დედაკაცი.
5იუდეველები შურით აღივსნენ, ვიღაც უკეთური კაცები მოიყვანეს ბაზრიდან, შეყარეს ბრბო და აშფოთებდნენ ქალაქს. მიადგნენ იასონის სახლს და ცდილობდნენ მათ გამოყვანას ხალხის წინაშე.
6ისინი რომ ვერ იპოვეს, იასონი და ზოგიერთი ძმა წაათრიეს ქალაქის მთავრებთან და ყვიროდნენ: „მსოფლიოს ამრევებმა აქაც მოაღწიეს,
7იასონმა შეიფარა ისინი. ყველანი ეურჩებიან კეისრის ბრძანებებს და სხვას ამბობენ მეფედ, იესოს.“
8ააშფოთეს ხალხი და ქალაქის მთავრები, რომელთაც ესმოდათ ეს.
9მიიღეს სათავდებო იასონისგან და სხვათაგან და გაუშვეს ისინი.
პავლე და სილა ბერეაში
10ძმებმა იმ ღამითვე დაუყოვნებლივ გაისტუმრეს პავლე და სილა ბეროაში, სადაც ჩასვლისთანავე შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში.
11ესენი უფრო კეთილშობილები იყვნენ თესალონიკელებზე. მათ მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა, ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო.
12ბევრმა მათგანმა ირწმუნა, წარჩინებულ ბერძენ ქალთაგან და კაცთაგან არამცირედმა.
13როდესაც შეიტყვეს თესალონიკელმა იუდეველებმა, რომ ბეროაშიც ქადაგებდა პავლე ღვთის სიტყვას, იქაც მივიდნენ, ააღელვეს და ააშფოთეს ხალხი.
14მაშინ ძმებმა მყისვე გაგზავნეს პავლე ზღვისკენ, სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ.
15გამცილებლებმა პავლე ათენამდე მიიყვანეს, და მიიღეს დავალება სილას და ტიმოთეს მიმართ, რომ, რაც შეიძლება, მალე მისულიყვნენ მასთან, და გამობრუნდნენ.
პავლე ქადაგებს იესოს და აღდგომას
16ვიდრე პავლე მათ ათენში ელოდა, მისი სული აღაშფოთა ამ კერპებით სავსე ქალაქის ხილვამ.
17ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს და იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე.
18ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოელმა ფილოსოფოსმა კამათი გაუმართა მას. ერთნი ამბობდნენ: რისი თქმა სურსო ამ მოლაყბეს. მეორენი ამბობდნენ: ეტყობა, უცხო ღმერთებზე ქადაგებსო, რაკი იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ.
19შეიპყრეს იგი და მიიყვანეს არეოპაგში და უთხრეს: „შეგვიძლია თუ არა გავიგოთ, რა არის, შენგან ნაქადაგები, ეს ახალი მოძღვრება?
20ვინაიდან რაღაცას უცნაურს ასმენ ჩვენს ყურებს. ამიტომ გვინდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს?“
21ყველა ათენელს და იქ მცხოვრებ უცხოელს ისე არაფერი ეხალისებოდათ, როგორც რაიმე ახლის ლაპარაკი ან მოსმენა.
პავლეს სიტყვა არეოპაგში
22დადგა პავლე არეოპაგის შუაში და თქვა: „კაცნო ათენელნო, ყველაფერში გატყობთ, რომ ძალიან მორწმუნენი ხართ,
23ვინაიდან, როცა გავიარე და დავათვალიერე თქვენი სათაყვანო ადგილები, ვნახე სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: ‘უცნობ ღმერთს’. მე გიქადაგებთ მას, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით.
24ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივესი, რაც მასშია, უფალი ცისა და მიწისა, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს,
25არც ადამიანთა ხელიდან სამსახურს საჭიროებს, თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.
26ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ტომი, რათა დედამიწის ზურგზე დამკვიდრებულიყვნენ. წინასწარ დააწესა მათ დასამკვიდრებლად დრონი და საზღვრები,
27რათა ეძიონ ღმერთი. ვინძლო იგრძნონ იგი და იპოვონ, შორს როდია თითოელი ჩვენთაგანისაგან.
28ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ, როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა: ჩვენ მისი მოდგმა ვართო.
29და რაკი ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს ანდა ვერცხლს, ანდა ქვას, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით გამოხატულს.
30მაგრამ ღმერთმა დაუშვა უმეცრების დროება და ახლა აუწყებს ადამიანებს, ყველას ყველგან, რომ მოინანიონ.
31ვინაიდან მან დაადგინა დღე, როდესაც მსოფლიოს განიკითხავს სამართლით წინასწარ არჩეული კაცის ხელით, ყველას მისცა რწმენა, როცა იგი მკვდრეთით აღადგინა.“
32ხოლო მკვდართა აღდგომაზე რომ მოისმინეს, ერთნი დასცინოდნენ, სხვები კი ამბობდნენ: ამის თაობაზე კვლავაც მოგისმენთო.
33ასე გამოვიდა პავლე მათგან.
34ზოგიერთნი მიემხრნენ და ირწმუნეს – მათ შორის დიონისიოს არეოპაგელმა და ქალმა, სახელად დამარისმა, და სხვებმაც მათთან ერთად.

Currently Selected:

საქმე. 17: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in