YouVersion Logo
Search Icon

საქმე. 14

14
სამსახურის გაგრძელება იკონიაში
1იგივე მოხდა იკონიაში: ისინი შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და იმგვარად ილაპარაკეს, რომ მრავალმა იუდეველმა და ბერძენმა ირწმუნა.
2ხოლო ურწმუნო იუდეველები აღიზიანებდნენ და აბოროტებდნენ წარმართთა სულებს ძმების წინააღმდეგ.
3თუმცა ისინი საკმაო ხანს გაბედულად აგრძელებდნენ ლაპარაკს უფალზე, რომელიც თავისი მადლის სიტყვის დასამოწმებლად მათი ხელით იძლეოდა ნიშნებსა და ახდენდა სასწაულებს.
4გაიყო ქალაქის ერი: ერთნი იუდეველებს მიემხრნენ, სხვანი კი – მოციქულებს.
5როცა იუდეველები და წარმართები თავიანთ მთავრებთან ერთად ცდილობდნენ, რომ შეურაცხეყოთ და ჩაექოლათ ისინი,
6მათ შეიტყეს და გაიქცნენ ლუკაონიის ქალაქებში – ლუსტრასა და დერბეში, მათ შემოგარენში,
7და იქ ახარებდნენ.
მოციქულებისათვის მსხვერპლშეწირვის ცდა
8ერთი კაცი, ფეხებით უძლური, იჯდა ლუსტრაში, დედის მუცლიდანვე კოჭლი იყო და არასოდეს გაევლო.
9იგი ისმენდა პავლეს საუბარს. პავლემ შეხედა მას და დაინახა, რომ მას ჰქონდა განკურნების რწმენა.
10უთხრა ხმამაღლა: „შენ გეუბნები უფლის, იესო ქრისტეს სახელით: წამოდექი ფეხზე და გაიმართე!“ ისიც წამოხტა და დაიწყო სიარული.
11ხალხმა რომ დაინახა, თუ რა მოიმოქმედა პავლემ, ხმა აღიმაღლა და ლუკაონურად თქვა: ღმერთები ადამიანებს დაემსგავსნენ და ჩვენთან ჩამოვიდნენო,
12და უწოდეს ბარნაბას ზევსი და პავლეს – ჰერმესი, ვინაიდან პავლე უფროსობდა სიტყვაში.
13ხოლო ქურუმმა ზევსის ტაძრისა, რომელიც იმ ქალაქის წინ იყო, ჭიშკართან მორეკა ხარები და მოიტანა გვირგვინები და აპირებდა ხალხთან ერთად მსხვერპლის შეწირვას.
14ეს რომ გაიგონეს, მოციქულებმა ბარნაბამ და პავლემ ტანისამოსი შემოიხიეს, ხალხში შეცვივდნენ, შეჰყვირეს და თქვეს:
15„კაცნო, ამას რას სჩადიხართ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაოებისაგან მოიქცეთ ცოცხალი ღვთისაკენ, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, და რაც მათ წიაღშია;
16რომელმაც წარსულ თაობებში მიუშვა ყველა ერი, რომ თავისი გზებით ევლოთ,
17თუმცა უმოწმებლად არ დაუტოვებია თვისი კეთილმოქმედება, ზეციდან გვაძლევდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დროებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს.“
18ამას რომ ლაპარაკობდნენ, ძლივს შეაკავეს ხალხი, რომ მსხვერპლი არ შეეწირათ მათთვის.
პავლეს ქვებს უშენენ
19მოვიდნენ ანტიოქიიდან და იკონიიდან იუდეველნი, დაარწმუნეს ხალხი და ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს, რადგან მკვდარი ეგონათ.
20როცა მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, წამოდგა და წავიდა ქალაქში. მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად დერბეში წავიდა.
მოციქულები ბრუნდებიან ანტიოქიაში
21სახარებას უქადაგებდნენ ამ ქალაქს, მრავალი დაიმოწაფეს და დაბრუნდნენ ლუსტრას, იკონიას და ანტიოქიას.
22ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს და შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენაში, ვინაიდან მრავალი ჭირით გვმართებსო ღვთის სასუფეველში შესვლა.
23ხელი დაასხეს მათ თითოეულ ეკლესიაში უხუცესებს და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს.
24და გაიარეს პისიდია და მივიდნენ პამფილიაში.
25და იქადაგეს პერგეში სიტყვა და ჩავიდნენ ატალიაში.
26იქიდან გასცურეს ანტიოქიაში, საიდანაც მიენდნენ ღვთის მადლს საქმისათვის, რომელიც შეასრულეს.
27მოვიდნენ და შეკრიბეს ეკლესია და უამბეს, რაც გაუკეთა მათ ღმერთმა და როგორ გაუხსნა რწმენის კარი წარმართებს.
28დაყვეს არამცირედი ხანი მოწაფეებთან.

Currently Selected:

საქმე. 14: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in