YouVersion Logo
Search Icon

4მეფ. 2

2
ელიას ზეცაში ატაცება
1როცა უფალი ელიას ცად აყვანას აპირებდა ქარბორბალათი, ელია გილგალიდან გადიოდა ამ დროს ელისესთან ერთად.
2და უთხრა ელიამ ელისეს: „აქ დარჩი, რადგან ბეთელში მაგზავნის უფალი.“ და თქვა ელისემ: „უფალს და შენს თავს გეფიცები, არ მიგატოვებ.“ და წავიდნენ ბეთელს.
3და გამოვიდნენ ბეთელის წინასწარმეტყველთა ძენი ელისესაკენ და უთხრეს: „ხომ იცი. რომ დღეს წაიყვანს უფალი შენს ბატონს შენს თავს ზემოთ?“ და თქვა: „მეც ვიცი. დადუმდით.“
4და უთხრა მას ელიამ: „ელისე! აქ დარჩი, რადგან იერიხოში მაგზავნის უფალი.“ და თქვა: „უფალს და შენს თავს გეფიცები, არ მიგატოვებ.“ და წავიდნენ იერიხოში.
5და მიადგნენ ელისეს იერიხოს წინასწარმეტყველთა ძენი და უთხრეს: „ხომ იცი, რომ დღეს წაიყვანს უფალი შენს ბატონს შენს თავს ზემოთ?“ და თქვა: „მეც ვიცი. დადუმდით.“
6და უთხრა მას ელიამ: „აქ დარჩი, რადგან იორდანეზე მგზავნის უფალი.“ და თქვა: „უფალს და შენს თავს გეფიცები, არ მიგატოვებ.“ და წავიდნენ ორივენი,
7და წამოვიდა ორმოცდაათი კაცი წინასწარმეტყველთა გუნდიდან და მოშორებით დადგნენ მათ პირდაპირ. ეს ორნი იორდანესთან იდგნენ.
8და აიღო ელიამ თავისი მოსასხამი, დაგორგლა და დაჰკრა წყალს, შუა გაიპო წყალი და ორივენი ხმელეთზე გავიდნენ.
9როცა გაღმა იყვნენ გასული, უთხრა ელიამ ელისეს: „მთხოვე, რა გაგიკეთო. ვიდრე ავმაღლდებოდე შენგან.“ და თქვა ელისემ: „შენი სულის ორმაგი წილი გადმოვიდეს ჩემზე.“
10და უთხრა: „ძნელს რასმე ითხოვ. თუ მომკრავ თვალს შენგან ამაღლებულს, აგისრულდება, თუ ვერა და, არ აგისრულდება.“
11და როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს, და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი.
12და უყურებდა ელისე და ეძახდა: „ჩემო მამავ, ჩემო მამავ, ისრაელის ეტლო და მისო მხედრობავ!“ და მეტად აღარ დაუნახავს იგი. და ხელი ჩაავლო თავის სამოსელს და ორად გახია.
13და აიღო მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, გაბრუნდა და იორდანეს ნაპირზე ჩამოჯდა.
14და აიღო ელიას მოსასხამი, მას რომ დაუვარდა და დაჰკრა წყალს და თქვა: „სად არის უფალი, ელიას ღმერთი?“ და დაჰკრა წყალს და შუა გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა.
15და შორიდან დაინახეს იგი იერიხოს წინასწარმეტყველთა ძეთ და თქვეს: „ელიას სული გადმოვიდა ელისეზე.“ და მიეგებნენ და მიწამდე თაყვანისცეს.
16და უთხრეს: „აჰა, ორმოცდაათი მარჯვე კაცი გვყავს შენს მსახურთ. თუ გინდა, წავლენ და მოგიძებნიან შენს ბატონს. იქნებ უფლის სულმა აიტაცა და სადმე მთაში, ან ხევში ჩამოაგდო.“ და თქვა: „ნუ გაგზავნით.“
17არ მოეშვნენ, ვიდრე არ შერცხვა, და ბოლოს უთხრა: „გაგზავნეთ.“ და გაგზავნეს ორმოცდაათი კაცი. და სამ დღეს ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს.
18და მობრუნდნენ ელისესთან, რომელიც იერიხოში იჯდა. და უთხრა მან: „ხომ გეუბნებოდით, ნუ წახვალთ-მეთქი.“
19და უთხრეს ქალაქის მცხოვრებლებმა ელისეს: „კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს, როგორც თავად ხედავს ჩემი ბატონი, მაგრამ ცუდი წყალი აქვს და უნაყოფო მიწა.“
20და თქვა: „მომეცით ახალი თასი და მარილი ჩაყარეთ შიგ.“ და მისცეს.
21ავიდა წყლის სათავესთან და ჩაყარა მარილი, და თქვა: „ასე ამბობს უფალი: ‘განმიკურნავს ეს წყალი.’ ამიერიდან ნუღარ იქნება მისგან სიკვდილი და უნაყოფობა.“
22და დღემდე განკურნებულია ეს წყალი ელისეს სიტყვით, რომელიც წარმოთქვა მან.
23იქიდან ბეთელისკენ დაიძრა. აღმართს რომ შეუყვა, პატარა ბიჭები გამოვიდნენ ქალაქიდან, დასცინოდნენ და მისძახოდნენ: „წადი, ქაჩალო! წადი, ქაჩალო!“
24და უკან მოიხედა, და დაინახა ისინი და უფლის სახელით დასწყევლა. და გამოვიდა ტყიდან ორი დათვი და დაგლიჯეს მათგან ორმოცდაორი ბავშვი.
25და იქიდან ქარმელის მთისკენ წავიდა და კვლავ სამარიაში დაბრუნდა.

Currently Selected:

4მეფ. 2: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy