პირველი მაკაბელთა 12
12
1როცა დაინახა იონათანმა, რომ ხელსაყრელი დრო დაუდგა, ამოარჩია კაცები და რომში გაგზავნა იქაურებთან მეგობრობის გასაახლებლად და განსამტკიცებლად.
2ასეთივე წერილები დაგზავნა სპარტასა და სხვა მხარეებშიც.
3მივიდნენ რომში, საბჭოში შევიდნენ და თქვეს: „მღვდელმთავარმა იონათანმა და იუდაელმა ხალხმა მოგვავლინეს ერთმანეთს შორის ძველი მეგობრობისა და მოკავშირეობის განსაახლებლად.“
4მისცეს მათ წერილები, სხვადასხვა მხარის გამგებელთა მიმართ მიწერილი, რომ მშვიდობით გაესტუმრებინათ ისინი იუდას ქვეყანაში.
5აი, ასლი წერილისა, რომელიც მისწერა იონათანმა სპარტელებს:
6„მღვდელმთავარი იონათანი, ერის უხუცესნი და დანარჩენი იუდაელი ხალხი მოიკითხავენ სპარტელ ძმებს.
7ჯერ კიდევ ძველად თქვენს მეფეს – არიოსს მღვდელმთავარ ონიასისთვის გამოუგზავნია წერილი, რომ თქვენ ჩვენი ძმები ხართ, როგორც გვიჩვენებს ნუსხა.
8ონიასს პატივით მიუღია გამოგზავნილი კაცი და გამოურთმევია წერილი, რომელიც ნათლად მოწმობდა ჩვენს მოკავშირეობას და მეგობრობას.
9თუმცა ჩვენ ეს ახლა აღარ გვჭირდება, რადგანაც სანუგეშოდ ხელთ გვიპყრია წმიდა წიგნები,
10მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ გამოგვეგზავნა წერილი ძმობისა და მეგობრობის განსაახლებლად, რათა არ გაგიუცხოვდეთ, რადგანაც ბევრმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ, რაც თქვენი წერილი მივიღეთ.
11როგორც სადღესასწაულო, ისე სადაგ დღეებშიც მარადჟამ გიხსენებთ სრულადდასაწველის შეწირვისას და ლოცვის დროსაც, როგორც ჯერ არს და გვმართებს კიდეც ძმების გახსენება.
12გვახარებს თქვენი დიდება.
13ჩვენ კი ბევრი უბედურება დაგვატყდა თავს და მრავალი ომიც გადავიხადეთ, რადგანაც გვიტევდნენ ჩვენი მეზობელი მეფეები.
14მაგრამ არ გვინდოდა ამ ომების გამო შეგვეწუხებინეთ თქვენ და ჩვენი დანარჩენი მეგობრები და მოკავშირეები.
15რადგანაც ზეცით გვაქვს შეწევნა და ბევრჯერ დაგვიხსნია თავი მტრებისგან, ჩვენი მოძულენი კი დაკნინებულან.
16ახლა კი ავირჩიეთ ნუმენიოსი, ანტიოქოსის ძე, და ანტიპატროსი, იასონის ძე, და რომაელებს ვაახლეთ მეგობრობისა და უწინდელი მოკავშირეობის განსაახლებლად.
17მათვე დავავალეთ, თქვენც გხლებოდნენ და ჩვენი მოკითხვა და წერილიც გადმოეცათ იმის დასტურად, რომ გვსურს განვაახლოთ ჩვენი ძმობა.
18კარგს იზამთ, თუ გვიპასუხებთ მასზე.“
19აი, ასლი წერილისა, რომელიც გამოუგზავნეს ონიასს
20„სპარტის მეფე არიოსი მოკითხვას უთვლის დიდ მღვდელმთავარ ონიასს.
21წერილი მოწმობს, რომ სპარტელები და იუდაელები ძმები არიან, აბრაამის მოდგმისა.
22ახლა, რაკი ეს გავიგეთ, კარგს იზამთ, თუკი თქვენს მშვიდობაზეც მოგვწერთ რამეს.
23ხოლო ჩვენ გწერთ, რომ თქვენი საქონელი და ავლადიდება ჩვენია, ჩვენი კი – თქვენი. ვბრძანეთ, რომ ეს ამბავი გაცნობონ.“
24გაიგო იონათანმა, რომ დემეტრიოსის სარდლები უწინდელზე უფრო მრავალრიცხოვანი ლაშქრით დაბრუნებულიყვნენ მასთან საომრად.
25გამოვიდა იერუსალიმიდან, ხამათის მხარეში დაუხვდა მათ და ფეხი არ შემოადგმევინა თავის მიწა-წყალზე.
26გაგზავნა მათ ბანაკში მზვერავები, რომლებიც დაბრუნდნენ და მოახსენეს, რომ ისინი ღამით აპირებდნენ მათზე თავდასხმას.
27მზის ჩასვლისას იონათანმა უბრძანა თავის თანამდგომებს, იარაღასხმულთ ეფხიზლათ და მთელი ღამის განმავლობაში მზად ყოფილიყვნენ საომრად, და გუშაგებიც დააყანა ბანაკის გარშემო.
28გაიგეს მტრებმა, რომ იონათანი და მისი თანამდგომნი მზად არიან საბრძოლველად; შედრკნენ, გული შეუკრთათ, ბანაკში კოცონები დაანთეს და გაიპარნენ.
29იონათანს და მის მოლაშქრეებს კი გათენებამდე არ გაუგიათ ეს, რადგანაც ანთებულ კოცონებს ხედავდნენ.
30იონათანი დაედევნა გაქცეულთ, მაგრამ ვერ დაეწია, რადგანაც მდინარე ელევთეროსის გაღმა გასულიყვნენ.
31მაშინ იონათანი მიუბრუნდა არაბებს, ზაბადეელებად რომ იწოდებიან, დაამარცხა ისინი და ხელთ იგდო ნადავლი.
32მერე აიყარა, დამასკოს მიადგა და მთელი ის მხარე გადაიარა.
33ხოლო სიმონი გამოვიდა, აშქელონსა და მახლობელ ციხე-სიმაგრეებს მიაღწია, შემდეგ იაფოსკენ გადაუხვია და აიღო იგი,
34რადგანაც გაიგო, რომ იქაურებს სურდათ დემეტრიოსის თანამდგომებისათვის გადაეცათ ციხე-სიმაგრე, და შიგ მეციხოვნეები ჩააყენა მის დასაცავად.
35დაბრუნდა იონათანი, მოუხმო ხალხის უხუცესებს და მოეთათბირა მათ, რომ ციხე-სიმაგრეები აეგოთ იუდაში.
36აემაღლებინათ იერუსალიმის გალავანი და მაღალი კედელი აღემართათ ციხე-სიმაგრესა და ქალაქს შორის, რათა გაეცალკევებინათ იგი და შემწყდარიყო მასში ყიდვა-გაყიდვა.
37შეიკრიბნენ ქალაქის ასაშენებლად და როცა აღმოსავლეთით მიადგნენ ხევის პირას აღმართულ კედელს, ააგეს ეგრეთწოდებული ხაფენათა.
38ხოლო სიმონმა შეფელაში ააშენა ადიდა; გაამაგრა და ურდულებიანი კარიბჭე დაუყენა.
39ტრიფონი კი ცდილობდა აზიაში გამეფებულიყო, თავზე გვირგვინი დაედგა და მეფე ანტიოქოსზე აღემართა ხელი.
40მაგრამ ეშინოდა, ვაითუ იონათანმა შემიკრას გზა და ჩემს წინააღმდეგ გამოილაშქროსო; ამიტომაც ცდილობდა შეეპყრო და მოეკლა იგი; აღიძრა და ბეთ-შანისაკენ აიღო გეზი.
41გამოვიდა იონათანი მის დასახვედრად საომრად გამზადებული ორმოცი ათასი მხნე მეომრითურთ და ბეთ-შანს მიადგა.
42მრავალრიცხოვანი ლაშქრით მომავალი იონათანი რომ დაინახა, ტრიფონი შეკრთა და ვეღარ გაბედა მასზე ხელის აღმართვა.
43ამიტომაც პატივით მიიღო იგი, ყველა თავის მეგობარს წარუდგინა, საჩუქრები უძღვნა და თავის მეგობრებსა და მოლაშქრეებს უბრძანა, ისევე დაემორჩილეთ, როგორც თვით მე მემორჩილებითო.
44და უთხრა იონათანს: „რისთვის გასარჯე მთელი ეს ხალხი, თუკი ომს არ ვეპირებით?
45მაშ, გაისტუმრე ისინი თავ-თავიანთ სახლებში, შენთვის კი ამოირჩიე მცირეოდენნი, რომ თან გეახლნენ და ერთად წავიდეთ პტოლემაისში, ჩაგაბარებ მასაც, სხვა ციხე-სიმაგრეებსაც, დანარჩენ ლაშქარსაც და გადასახადთა ყველა ამკრებსაც, რადგანაც სწორედ ამისთვის მოვსულვარ აქ.“
46ერწმუნა და ისე მოიქცა, როგორც ტრიფონმა უთხრა; დაითხოვა მოლაშქრენი და მათაც იუდას ქვეყნისაკენ გასწიეს.
47თვითონ კი დაიტოვა სამი ათასი კაცი, რომელთაგანაც ორი ათასი გალილეაში დატოვა, ათასი კი მას გაჰყვა.
48მაგრამ როგორც კი პტოლემაისში შევიდა იონათანი, პტოლემაისელებმა კარიბჭენი ჩაკეტეს, შეიპყრეს იგი და ყველა, ვინც კი მასთან ერთად შევიდა, მახვილით მოსრეს.
49მაშინ ტრიფონმა გალილეისა და ვრცელი ხეობისაკენ გაგზავნა ქვეითნი და ცხენოსანნი, რათა მუსრი გაევლოთ იონათანის ყველა მომხრისათვის.
50მაგრამ როცა მათ გაიგეს, რომ იონათანი შეეპყროთ, ხოლო მისი მოლაშქრენი გაეჟლიტათ, ერთმანეთი გაამხნევეს და მწყობრად დაიძრნენ საომრად შემართულნი.
51როდესაც მდევრებმა დაინახეს, რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ელოდათ, უკუიქცნენ.
52ყველანი მშვიდობიანად დაბრუნდნენ იუდას ქვეყანაში და დაიტირეს იონათანი და მისი თანამდგომნი. შეძრწუნებული იყო და მწარედ გლოვობდა მთელი ისრაელი.
53მაშინ ყველა მეზობელი ხალხი ცდილობდა მათ განადგურებას, რადგანაც ამბობდნენ: „აღარც წინამძღოლი ჰყავთ და აღარც ხელის ამპყრობი; მაშ, თავს დავესხათ და წარვხოცოთ კაცთა შორის მათი სახსენებელი.“
Currently Selected:
პირველი მაკაბელთა 12: GEO02
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002