YouVersion Logo
Search Icon

3მეფ. 19

19
უფალი იცავს წინასწარმეტყველს
1და უამბო ახაბმა იზებელს ყველაფერი, რაც ელიამ გააკეთა, და ისიც, როგორ ამოხოცა მახვილით წინასწარმეტყველნი.
2მოციქული გაუგზავნა იზებელმა ელიას და შეუთვალა: „ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ მოგექეცი, როგორც შენ მოექეცი თითოეულ მათგანს.“
3და ეს რომ ნახა, ადგა და წავიდა, რომ თავი გადაერჩინა. და მივიდა იუდას ბეერ-შებაყში და დატოვა იქ თავისი მსახური.
4თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე, და მივიდა ერთი ბელეკონის ბუჩქთან და მის ძირას დაჯდა, სიკვდილი ინატრა და თქვა: „ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული, რადგან ჩემს მამებზე უკეთესი არა ვარ.“
5და მიწვა და მიეძინა ბელეკონის ბუჩქის ძირას. და აჰა, ანგელოზი შეეხო მას და უთხრა: „ადექი, ჭამე.“
6და გაიხედა ელიამ და აჰა, ნამცხვარი და წყლით სავსე დოქი უდგას სასთუმალთან. და შეჭამა, შესვა და ისევ მიიძინა.
7მეორედ მოვიდა უფლის ანგელოზი, შეეხო მას და უთხრა: „ადექი და ჭამე, რადგან შორი გზა გაქვს.“
8და ადგა, ჭამა, სვა და ამ საჭმლით მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე.
9და შევიდა იქ ერთ მღვიმეში და დაიღამა. და აჰა, იყო უფლის სიტყვა მის მიმართ. უთხრა: „აქ რა გინდა, ელია?“
10და თქვა: „უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან დაივიწყეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი, მე ერთი დავრჩი, მაგრამ ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან იგი.“
11და უთხრა: „გარეთ გადი და დადექი მთაზე უფლის წინაშე.“ აჰა, ჩაიარა უფალმა. უფლის წინაშე ამოვარდა დიდი და ძლიერი ქარი, მთათა დამაქცეველი და კლდეთა შემმუსვრელი, მაგრამ ქარში არ იყო უფალი. ქარის მერე – მიწისძვრა, არც მიწისძვრაში იყო უფალი.
12მიწისძვრის მერე – ცეცხლი, არც ცეცხლში იყო უფალი. ცეცხლის მერე – ოდნავი ჩქამი.
13რომ გაიგონა ეს ელიამ, მოსასხამი აიფარა სახეზე, გარეთ გავიდა და მღვიმის შესასვლელთან დადგა, და აჰა, მოესმა ხმა, რომელიც ეუბნება: „აქ რა გინდა, ელია?“
14და თქვა: „უფლის, ცაბაოთ ღმერთის, შურმა შემიპყრო, რადგან დაივიწყეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, და დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი. მე ერთი დავრჩი, მაგრამ ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან იგი.“
15და უთხრა უფალმა: „წადი, გაბრუნდი უდაბნოს გზით და დამასკოში მიდი. როცა მიხვალ, სცხე ხაზაელს არამზე სამეფოდ.
16და იეჰუს, ნიმშის ძეს, სცხე ისრაელზე სამეფოდ. ელისე შაფატის ძეს კი, აბელ-მეხოლადან რომ არის, სცხე, რათა წინასწარმეტყველებდეს შენს ნაცვლად.
17და ვინც ხაზაელის მახვილს გადაურჩება, იეჰუ მოკლავს მას; ვინც იეჰუს მახვილს გადაურჩება, ელისე მოკლავს.
18დავიტოვებ ისრაელში შვიდი ათას კაცს: ყველა მუხლს, რომელიც არ მოდრეკილა ბაყალის წინაშე და ყველა ბაგეს, რომელსაც არ უკოცნია მისთვის.“
ელისეს მოწოდება
19და წავიდა იქიდან და მოძებნა ელისე, შაფატის ძე. თორმეტი უღელი ხნავდა მიწას. თორმეტი უღელი ეყენა წინ. თავად მეთორმეტეს უდგა. ჩაუარა ელიამ და გადაუგდო თავისი მოსასხამი.
20და მიატოვა ელისემ ხარები, გაეკიდა ელიას და უთხრა: „გამიშვი, ვეამბორო ჩემს დედ-მამას და მერე წამოგყვები“, უთხრა: „წადი და მობრუნდი, რადგან რა გამიკეთებია შენთვის?“
21და გაბრუნდა უკან, მოიყვანა და დაკლა ერთი უღელი ხარი, ხარის უღლით მოხარშა ხორცი და ხალხს გაუნაწილა, და ხალხმაც შეჭამა. და ადგა და გაჰყვა ელიას, და ემსახურებოდა.

Currently Selected:

3მეფ. 19: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy