1კორ. 6
6
განკითხვა ურწმუნოსაგან მორწმუნისა
1ნუთუ ბედავს რომელიმე თქვენგანი, თავისიანთან დავა რომ აქვს, სამართლის ძიებას უსამართლოებთან და არა წმიდებთან?
2ნუთუ არ იცით, რომ წმიდები განიკითხავენ სოფელს? ხოლო თუ სოფელს განიკითხავთ, მცირე საქმეთა განკითხვის ღირსნი არა ხართ?
3ნუთუ არ იცით, რომ ანგელოზები უნდა განვიკითხოთ? მით უმეტეს, ცხოვრებისეული რაღა გახდა!
4თქვენ კი, როცა ცხოვრებისეული საქმეები გაქვთ, თქვენს განმსჯელებად მათ აყენებთ, ვინც არაფრად არის მიჩნეული ეკლესიაში.
5თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას: ნუთუ თქვენში არ მოიპოვება ერთი ბრძენი, რომ შეეძლოს განკითხვა თავის ძმებს შორის?
6მაგრამ ძმა ძმას ედავება და თანაც ურწმუნოთა წინაშე.
7და ისიც მეტად დამამცირებელია თქვენთვის, რომ ერთმანეთს ედავებით. რატომ არ არჩევთ ნაწყენად დარჩენას? რატომ არ არჩევთ დაზარალებულად დარჩენას?
8მაგრამ თქვენ უსამართლოდ ექცევით და ართმევთ, თანაც თქვენს ძმებს.
9ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი,
10ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთები, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.
11ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი. მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.
ფასით ხართ ნაყიდი. ადიდეთ ღმერთი
12ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები.
13საჭმელი მუცლისათვის, ხოლო მუცელი საჭმლისათვის. მაგრამ ღმერთი მოსპობს ერთსაც და მეორესაც. სხეული კი არის არა მრუშობისათვის, არამედ უფლისათვის, ხოლო უფალი – სხეულისათვის.
14ღმერთმა აღადგინა უფალი და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით.
15ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოებია? განა ავიღებ ქრისტეს ასოებს და მეძავის ასოებად ვაქცევ? არამც და არამც!
16ანდა, ნუთუ არ იცით, რომ ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მასთან ერთად? რადგან ნათქვამია: „ორი ერთ ხორცად იქნება.“
17ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთ სულად იქნება უფალთან.
18გაურბოდეთ სიძვას. ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.
19ანდა, ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღვთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით?
20ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომლებიც ღვთისაა.
Currently Selected:
1კორ. 6: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002