Chapa ya Youversion
Ikoni ya Utafutaji

დაბ. 49

49
იაკობი აკურთხებს თავის ძეებს
1და მოუხმო იაკობმა თავის ძეთ, და უთხრა: „შეიკრიბეთ და გაუწყებთ, რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში.
2შეგროვდით და ისმინეთ, იაკობის ძენო! და უსმინეთ ისრაელს, მამათქვენს!
3რეუბენ, პირმშო ხარ ჩემი, ძლიერება ჩემი და პირველნაყოფი ჩემი ძალისა, ჭარბობ ღირსებით და ძალმოსილებით!
4სწრაფი ხარ წყალივით, მაგრამ არ აღზევდები, რადგან ახვედი მამაშენის საწოლზე და შებილწე სარეცელი ჩემი!
5სიმონი და ლევი ძმები არიან, ძალადობის იარაღია მათი მახვილი.
6მათ თათბირზე ნუ მივა ჩემი სული, მათ საკრებულოს ნუმც ზიარებულა ღირსება ჩემი! რადგან თავიანთ რისხვაში მოკლეს კაცი და თავიანთი ჟინით გამოძარღვეს ხარი!
7წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან ძლიერია, და მათი წყრომა, რადგან სასტიკია! დავანაწილებ მათ იაკობში, და გავაბნევ ისრაელში!
8იუდა! შენ შეგაქებენ შენი ძმანი. შენი ხელი შენს მტერთა ხერხემალზეა, და გეთაყვანებიან შენს მამაშენის ძენი.
9ლომის ლეკვია იუდა, აღმართულხარ, შვილო ჩემო, ნადავლით ხელში. წაიხარა, დაწვა როგორც ხვადი ლომი და როგორც ძუ ლომი. ვინ გაბედავს მის წამოგდებას?
10არ მოსცილდება კვერთხი იუდას და მბრძანებელს არგანი დარჩება მის ფეხთა შორის, ვიდრე არ მოვა ვისაც ის ეკუთვნის და დაემორჩილებიან მას ხალხები!
11ის გამოაბამს ვაზზე თავის ჩოჩორს და ლერწზე თავისი ვირის ნაშიერს. ღვინოში ჩარეცხავს ის თავის სამოსელს და ყურძნის სისხლში – ტანსაცმელს.
12თვალები მისი ღვინის უწითლესია და კბილები მისი რძის უთეთრესი!
13ზებულუნი ზღვათა სანაპიროზე დაემკვიდრება და ხომალდთა სანაპიროზე იქნება. და ციდონს მისწვდება საზღვარი მისი!
14ისაქარი მაგარი ვირია, საპალნეებს შუა გაშხლართული.
15და დაინახა, რომ კარგია მოსვენება, და რომ საამურია მიწა. წაუხრია მხრები ტვირთის საზიდავად და გახდა ხარკის მუშა!
16დანი განსჯის თავის ხალხს, როგორც ერთ ტომს ისრაელისა.
17და იქნება დანი გველად გზაზე და ასპიტად ბილიკზე, დამგესლავი ცხენის ტერფისა. და გადაყირავდება მისი მხედარი!
18შენგან მოველი ხსნას, უფალო!
19გადს მოაწყდებიან ურდოები და ის თავად მისწვდება მათ ქუსლებს.
20აშერის პური ყუათიანია და იგი გასცემს სამეფო ნუგბარს.
21ნაფთალი ლაღი ფურირემია, მომცემი მოხდენილ სიტყვათა.
22ნაყოფიერი ყლორტია იოსები, ნაყოფიერი ყლორტია წყაროს თავზე, გალავანზეა მისი ტოტები!
23გაამწარეს ის და დაისრეს, და მტრობდნენ მას მოისარნი.
24და მისი მშვილდი კვლავ მაგარია და მოქნილი გახდა მისი მკლავები იაკობის მძლავრის ხელით. აქედანაა მწყემსი, საყრდენი ლოდი ისრაელისა.
25მამაშენის ღმერთისაგან – შეგეწეოდეს იგი! და ყოვლადძლიერისაგან – გაკურთხებდეს იგი ცათა კურთხევებით ზეგარდმო, ქვეშ განრთხმული უფსკრულის კურთხევებით, ძუძუთა და საშოს კურთხევებით.
26კურთხევა მამაშენისა აღემატება ჩემი მშობლების კურთხევას საუკუნო მთათა მიჯნამდე. იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე.
27ბენიამინი მტაცებელი მგელია: დილით ნანადირევს შეჭამს და საღამოთი გაანაწილებს ნადავლს.“
28ყველა ესენი ისრაელის თორმეტი ტომია. და ეს იყო, რაც უთხრა მათმა მამამ. და აკურთხა ისინი, თითოეული თავისი კურთხევით.
29და უბრძანა მათ: „მე შევეძინები ჩემს ხალხს. დამმარხეთ ჩემს მამებთან მღვიმეში, რომელიც ხეთელი ყეფრონის მინდორზეა.
30მღვიმეში, რომელიც მახფელას მინდორზეა, მამრეს გასწვრივ, ქანაანის ქვეყანაში, მინდორზე, რომელიც იყიდა აბრაამმა ხეთელი ყეფრონისაგან საკუთარ სამარხად.
31იქ დამარხეს აბრაამი და სარა, მისი ცოლი. იქ დამარხეს ისაკი და რებეკა, მისი ცოლი. იქ დავმარხე მე ლეა.
32ეს მინდორი და მღვიმე, რომელიც არის იქ, ხეთის ძეთაგანაა ნაყიდი.“
33და დაასრულა იაკობმა ბრძანება თავის ძეთათვის, და აკრიბა სარეცელზე ფეხები და აღესრულა, და შეეძინა თავის ხალხს.

Iliyochaguliwa sasa

დაბ. 49: GEO02

Kuonyesha

Shirikisha

Nakili

None

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia