Logo de l'Aplicació de la Bíblia
Icona de cerca

სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 4

4
1შვილო, გაიკითხე გლახაკი და ლოდინით ნუ დაღლი მთხოვნელის თვალს.
2ნუ დაამწუხრებ მშიერის სულს და ნუ შეაურვებ კაცს მის გასაჭირში.
3მბორგავ გულს ნუღარ შეაჭირვებ და მთხოვნელს მიცემას ნუ დაუგვიანებ.
4ჩაგრულს, შეწევნას რომ გთხოვს, უარს ნუ ეტყვი და გლახაკისგან პირს ნუ იბრუნებ.
5მათხოვარს თვალს ნუ აარიდებ და თავს ნუ დააწყევლინებ კაცს,
6რადგანაც იმის ვედრებას, ვინც გამწარებული სულით დაგწყევლის, შეისმენს მისი დამბადებელი.
7თავაზიანად მოიქეცი საკრებულოში და თავი მოიდრიკე მთავრის წინაშე.
8ყური უგდე გლახაკს და მშვიდად, ალერსით მიუგე მას.
9იხსენი ჩაგრული მჩაგვრელის ხელიდან და სულმოკლეობას ნუ გამოიჩენ განსჯისას.
10ობლებს მამის მაგივრობა გაუწიე და მეუღლესავით იზრუნე მათ დედაზე, და იქნები ძე უზენაესისა, მშობელ დედაზე მეტად რომ შეგიყვარებს შენ.
11სიბრძნემ აამაღლა თავისი ძენი და შეეწია მის მაძიებელთ.
12სიბრძნის მოყვარეს სიცოცხლე უყვარს და მისთვის ცისკრის ჟამს წამომდგარნი სიხარულით აღივსებიან.
13სიბრძნის მფლობელი დიდებას დაიმკვიდრებს და, სადაც უნდა მივიდეს, უფლის კურთხევა არ მოაკლდება.
14სიბრძნის მსახურნი წმიდას მსახურებენ და მისი მოყვარულნი უფალსაც უყვარს.
15სიბრძნის მორჩილი წარმართებს განსჯის და ვინც მას მიეახლება, სასოებით იცხოვრებს.
16ვინც სიბრძნეს ირწმუნებს, კიდევაც დაიმკვიდრებს, და მისი შთამომავალნი გახდებიან სიბრძნის მფლობელნი.
17თავდაპირველად ზიგზაგოვან გზებზე გაჰყვება კაცს, შიშსა და ძრწოლაში ამყოფებს და თავისი წვრთნით გასტანჯავს მას, ვიდრე არ დარწმუნდება მასში და თავის მცნებათა განსაცდელში არ გაატარებს.
18შემდეგ კი წრფელ გზაზე შეეგებება და თავისი საიდუმლოს გამოცხადებით გაახარებს.
19თუ გზას ასცდა, მიატოვებს მას და მისსავ დაცემას ჩაუგდებს ხელში.
20დაუკვირდი დროს და ბოროტისაგან დაიცავ თავი, რომ შენივე სულის არ შეგრცხვეს.
21რადგანაც არის სირცხვილი, რომელსაც ცოდვა მოსდევს, და სირცხვილი, რომელიც მადლია და დიდება.
22ნუ თვალთმაქცობ შენი სულის წინაშე და ნუ გრცხვენია შენდა საზიანოდ.
23საჭიროების ჟამს ლაგამს ნუ ამოსდებ სიტყვას.
24რადგანაც სიბრძნე სიტყვით იცნობა, ცოდნა კი – ენა-მეტყველებით.
25ნუ ეურჩები ჭეშმარიტებას და შენი უმეცრებისა გრცხვენოდეს.
26ნუ გრცხვენია აღიარო შენი ცოდვები და ნუ შეაჩერებ მდინარის დენას.
27ნუ დაემორჩილები უგუნურ კაცს და ძლიერისკენ ნუ მიგირბის თვალი.
28სიკვდილამდე იღვაწე სიმართლისათვის და უფალი ღმერთი ირბძოლებს შენთვის.
29ნუ იქნები კადნიერი საუბარში, ხოლო საქმეში – მცონარა და დაუდევარი.
30ნუ იქნები ლომივით შენს ჭერქვეშ და შენიანების მიმართ – შარიანი.
31ნუ გექნება ხელი გაწვდილი მისაღებად და მომუჭული – გასაცემად.

Subratllat

Copia

Compara

Comparteix

None

Vols que els teus subratllats es desin a tots els teus dispositius? Registra't o inicia sessió