სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 3
3
1შვილებო, მისმინეთ მამას, და ისე მოიქეცით, რომ იხსნათ თავი.
2რადგანაც უფალმა შვილებზე აამაღლა მამა და დედის მსჯავრი დაამტკიცა მათზე.
3მამის პატივისმცემელი ცოდვათაგან განიწმიდება.
4რაღა დედის მადიდებელი და რაღა საუნჯის მომხვეჭი!
5მამის პატივისმცემელი შვილებში იხარებს და მისი ლოცვის დღეს შეისმინება.
6მამის მადიდებელი დღეგრძელი იქნება და უფლის მორჩილი სიმშვიდეს მოჰფენს დედას;
7ისე ემსახურება მშობლებს, როგორც ბატონებს.
8სიტყვით და საქმით პატივი მიაგე მამას, რათა მისი კურთხევა გადმოვიდეს შენზე.
9რადგანაც მამის კურთხევა განამტკიცებს, დედის წყევლა კი დააქცევს შვილების სახლს.
10ნუ განდიდდები მამაშენის უპატიობით, რადგანაც პატივს ვერ მოგიტანს მამის აუგი.
11რადგანაც კაცის დიდება მამის პატივისცემაა და შვილებისთვის სირცხვილია შეურაცხყოფილი დედა.
12სიბერეში შეეწიე მამაშენს, შვილო, და ნუ დაამწუხრებ მას სიცოცხლეში.
13გონებამაც რომ უღალატოს, მოწყალე იყავ და ნუ შეურაცხყოფ მთელი შენი ძალით.
14რადგანაც მამის შეწყალება არ დაგეკარგება და, ცოდვების მიუხედავად, აშენდები.
15შენი ურვის დღეს გაგიხსენებენ, და როგორც ყინული სიცხისაგან, დადნება შენი ცოდვები.
16მამის მიმტოვებელი ღვთისმგმობია და დედის გამამწარებელი დაწყევლილია უფლის მიერ.
17მშვიდად წარმართე, შვილო, შენი საქმე, და შეგიყვარებს ღვთის სათნო კაცი.
18რამდენადაც დიდი ხარ, იმდენად დაიმდაბლე თავი, და ჰპოვებ მადლს უფლის წინაშე.
19რადგანაც დიდია უფლის ძალმოსილება და თვინიერთაგან იდიდება იგი.
20ნუ მიელტვი იმას, რაც მეტისმეტად ძნელია შენთვის, და რაც შენს ძალას აღემატება, ნუ შეეჭიდები.
21დაუკვირდი იმას, რაც გემცნო, რადგანაც დაფარული ფუჭია შენთვის.
22ბევრი საქმე გაქვს და ზედმეტს ნუ მიჰყოფ ხელს; იმაზე მეტიც გამოგეცხადა, რისი წვდომაც კაცს ძალუძს.
23რადგანაც მრავალი აცთუნა ზრახვამ და ცბიერმა ოცნებამ შეარყია გონება მათი.
24გულქვა საბოლოოდ ბოროტს მოიმკის, და საფრთხის მოყვარე განსაცდელში ჩაიგდებს თავს.
25გულქვას წუხილი შეაურვებს და ცოდვილი ცოდვას მიუსართავს ცოდვას.
26გამოცდა ვერ კურნავს ქედმაღალს, რადგანაც სიავის ნერგს ფესვი გაუდგამს მასში.
27გონიერი გული იგავს ჩასწვდება და ბრძენისთვის სასურველია მსმენელი ყური.
28მოგიზგიზე ცეცხლს წყალი ჩააქრობს და მოწყალება წარეცხავს ცოდვას.
29ვინც სანაცვლოს მიაგებს მწყალობელს, მომავლისათვის ზრუნავს და დაცემის ჟამს საყრდენსა ჰპოვებს.
S'ha seleccionat:
სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 3: GEO02
Subratllat
Copia
Compara
Comparteix
Vols que els teus subratllats es desin a tots els teus dispositius? Registra't o inicia sessió
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002