YouVersion Logo
Search Icon

Zephaniah 3

3
1ვაი გაჯიუტებულს და წაბილწულს, მოძალადე ქალაქს! 2ხმას არ უსმინა, არ შეიგონა, უფალს არ ესავდა, თავის ღმერთს არ მიეახლა. 3მისი მთავრები მის შუაგულში – მბრდღვინავი ლომები არიან, მისი მსაჯულები საღამოს მგლები არიან, დილამდე ძვალსაც რომ არ ტოვებენ. 4მისი წინასწარმეტყველნი მსუბუქი ხალხია, ფიცისგამტეხნი; მისი მღვდლები საწმიდარს ბილწავენ, ფეხქვეშ თელავენ რჯულს. 5სამართლიანია უფალი მის შორის, უსამართლოდ არ იქცევა; დილ-დილობით აცხადებს თავის სამართალს დაუბრკოლებრივ. მაგრამ ღვთისმგმობმა არ იცის სირცხვილი. 6გავწყვიტე ხალხი, დაიქცა მათი ციხესიმაგრეები. გავაუკაცრიელე მათი ქუჩები, არ დარჩა გამვლელი, გაცამტვერდა მათი ქალაქები. კაცი არ დარჩა, აღარ არის იქ მცხოვრები. 7ვეუბნებოდი: ოღონდ გეშინოდეს ჩემი, მიიღე-მეთქი შეგონება. არ განადგურდებოდა მისი სამყოფელი, რამდენჯერაც არ უნდა დამესაჯა იგი. მაგრამ ბეჯითად რყვნიდნენ თავიანთ საქმეს. 8ამიტომაც მელოდეთ მე, – ამბობს უფალი, – იმ დღემდე, როცა მოწმედ დავდგები, რადგან ჩემი განგებით მოიყრიან თავს ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა, მთელი ჩემი წყრომა, რადგან ჩემი შურის ცეცხლში უნდა შთაინთქას მთელი ქვეყანა. 9რადგან მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს, რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად ემსახუროს მას. 10ჩემი გაფანტული ხალხის ძენი ქუშის მდინარეთა გაღმიდან მომართმევენ ძღვენს. 11იმ დღეს აღარ შეირცხვენ თავს შენი საქციელით, რითაც სცოდავდი ჩემს წინაშე, რადგან მაშინ მოვაცილებ შენს წიაღს შენი დიდებით მოქადულებს, რათა აღარ გამედიდურდე ჩემს წმიდა მთაზე. 12დავტოვებ შენს შორის თვინიერ და ბეჩავ ხალხს. უფლის სახელში ჰპოვებენ ისინი თავშესაფარს. 13აღარ ჩაიდენს უსამართლობას ისრაელის ნატამალი, აღარ იცრუებს, აღარ იქნება მათ ბაგეებში მზაკვარი ენა, რადგან თავად მოსძოვენ და დაისვენებენ, და აღარავინ იქნება მათი შემშინებელი.#გცხ 14:5.
14გიხაროდეს, ასულო სიონისაო! იზეიმე, ისრაელო! იმხიარულე და იხალისე მთელი გულით, იერუსალიმის ასულო! 15აგხადა უფალმა სასჯელი, უკუაქცია შენი მტერი. შენს შორისაა უფალი, მეფე ისრაელისა: უბედურებას აღარ იხილავ. 16იმ დღეს ეტყვიან იერუსალიმს: ნუ გეშინია! და სიონს: ნუმც მოგეღლება მკლავი! 17უფალი, შენი ღმერთი, შენთან არის, ძალი შესწევს, რომ გიხსნას; სიხარულით გაიხარებს შენზე, მოწყალე იქნება თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენს გამო. 18შევკრებ საზეიმო დღესასწაულთ მონატრებულთ: შენგან რომ გავიდნენ, სირცხვილი აწევთ ტვირთად. 19აჰა, გავუსწორდები იმ დროს ყველა შენს მჩაგვრელს. ვიხსნი ფეხმოკლეს, გაფანტულთ თავს მოვუყრი, დიდებას და სახელს მოვუხვეჭ ყველგან, მათი შერცხვენის ქვეყანაში. 20იმ დროს წამოგიყვანთ და იმ დროსვე თავს ერთად მოგიყრით; მოგიხვეჭთ სახელს და დიდებას დედამიწის ყველა ხალხებში, როცა დავაბრუნებ თქვენს ტყვეებს თქვენს თვალწინ, – ამბობს უფალი.

Currently Selected:

Zephaniah 3: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy