YouVersion Logo
Search Icon

Leviticus 5

5
1თუ ვინმემ მომხდარი დანაშაული იხილა ან გაიგონა, ან იცის და არ აცხადებს, საჯაროდ სათქმელი ფიცის შიშით#5:1 ლაპარაკია სამსჯავროში დასადებ ფიცზე, როცა მოწმე ამბობს, რომ იტყვის სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს, იგი იტვირთავს ცოდვას; 2თუ კაცი თავისდა უნებლიეთ შეეხება რაიმე უწმიდურ საგანს, ან უწმიდური მხეცის ან საქონლის ლეშს, ან უწმიდური ქვემძრომის მძორს, მაინც გაუწმიდურებულია და დამნაშავე; 3ან თუ ის თავისდა უნებურად შეეხება ადამიანის უწმიდურებას, რა უწმიდურებაც არ უნდა იყოს, რითაც იბილწებიან ადამიანები, და შემდეგ გაიგებს ამას, დამნაშავეა იგი. 4ან თუ ვისმე დაუფიქრებლად წასცდება ბაგიდან ფიცი, რომ სიკეთეს იზამს ან სიავეს (რაც არ უნდა წარმოთქვას ადამიანმა ფიცით დაუფიქრებლად) და ეს თავიდან გააზრებული არ ექნება მას, მაგრამ მერე მიხვდება, იგი დამნაშავეა ამ ფიცისთვის. 5და თუ დამნაშავეა ამათგან ერთ-ერთში#5:5 იგულისხმება 1 – 4 მუხლებში აღნიშნული ცოდვები, უნდა აღიაროს, რა შესცოდა, 6და შესწიროს თავისი ცოდვის მსხვერპლი უფალს, დედალი ცხვარი ან თხა ცოდვისათვის, და გამოითხოვს მღვდელი მისი ცოდვის შენდობას.
7და თუ ხელი არ მიუწვდება ცხვარზე, მიუყვანოს უფალს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად ორი გვრიტი ან მტრედის ორი მართვე. ერთი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, მეორე სრულადდასაწველად. 8მიიყვანოს ისინი მღვდელთან და მან შესწიროს ჯერ ცოდვის მსხვერპლი, და გადაუტეხოს კისერი კეფასთან, მაგრამ არ მოაცილოს თავი, 9მიაპკუროს ამ ცოდვის მსხვერპლის სისხლი საკურთხევლის კედელს, და დანარჩენი სისხლი დაწრიტოს საკურთხევლის ძირას; ეს არის ცოდვის მსხვერპლი. 10და მეორე შესწიროს სრულადდასაწველად, წესისამებრ, და გამოითხოვს მღვდელი შენდობას მისი ცოდვისათვის, რითაც შესცოდა, და მიეტევება მას.
11და თუ ხელი არ მიუწვდება ორ გვრიტზე ან მტრედის ორ მართვეზე, მიიტანოს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად ერთი მეათედი ეფა გამტკიცული პურის ფქვილი, ზეთი არ დაასხას ზედ და ნუ დააყრის საკმეველს, რადგან იგი ცოდვის მსხვერპლია. 12მიუტანოს იგი მღვდელს, და აიღოს მისგან მღვდელმა სავსე მუჭა სამახსოვრო მსხვერპლად, და დააკმიოს სამსხვერპლოზე უფლის საცეცხლო მსხვერპლად; ეს არის ცოდვის მსხვერპლი; 13და გამოითხოვს მღვდელი შენდობას მისი ცოდვისათვის, რითაც შესცოდა, და შეენდობა მას; და დანარჩენი ეკუთვნის მღვდელს, როგორც პურეული ძღვენი.
14და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: 15თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს და უნებლიეთ შესცოდავს უფლის სიწმიდეთა წინააღმდეგ, მიიყვანოს თავისი დანაშაულის მსხვერპლად უფლისათვის უხინჯო ვერძი, შენი შეფასებით, რაც ეღირება საწმიდრის ვერცხლის შეკელით; ეს არის დანაშაულის მსხვერპლი. 16და რაც შესცოდა იმ სიწმიდეს, გადაიხადოს, და მეხუთედიც დაამატოს და მისცეს იგი მღვდელს, და მღვდელი გამოითხოვს შენდობას მისი დანაშაულისთვის ვერძის მსხვერპლით, და მიეტევება მას.
17და თუ ვინმე შესცოდავს და ჩაიდენს რაიმეს უფლის მცნებების წინააღმდეგ, რის გაკეთებაც არ შეიძლებოდა, და ეს რომ არც სცოდნოდა, იგი მაინც დამნაშავეა და თავის ცოდვას იტვირთავს, 18მიუყვანოს მღვდელს დანაშაულის მსხვერპლად უხინჯო ვერძი, შენი შეფასებით, და გამოითხოვს მღვდელი შენდობას მისი შეცდომისათვის, რომელიც შესცოდა უცოდინრად, და ეპატიება მას. 19ეს არის მსხვერპლი დანაშაულისა, რა დანაშაულიც ჩაიდინა უფლის წინაშე.

Currently Selected:

Leviticus 5: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in