Leviticus 11
11
1და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა მათ: 2უთხარით ისრაელიანთ:
აი, ეს ცხოველები გეჭმევათ მიწის ყოველ პირუტყვთაგან: 3ყოველი პირუტყვი, რომელსაც გაყოფილი აქვს ჩლიქი და იცოხნის, ჭამეთ. 4ხოლო არ ჭამოთ იმათგან, რომელნიც იცოხნიან და არა აქვთ გაყოფილი ჩლიქი. აქლემი, რადგან იგი იცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის; 5კლდის ბოცვერი, რადგან იგი იცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის; 6კურდღელი, რადგან იგი იცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის; 7ღორი, რადგან მას აქვს გაყოფილი ჩლიქი, მაგრამ არ იცოხნის, უწმიდურია თქვენთვის. 8მათი ხორცი არ ჭამოთ და მათ მძორს არ შეეხოთ; უწმიდური არიან ისინი თქვენთვის.
9აი რა გეჭმევათ წყალში მცხოვრებთაგან: ყოველი, რომელსაც აქვს ფარფლი და ქერცლი წყალში, ზღვებში და მდინარეებში, შეგიძლიათ ჭამოთ. 10ხოლო ყოველი, რომელსაც არა აქვს ფარფლი და ქერცლი ზღვებში და მდინარეებში, წყლის ყოველ ქვეწარმავალთაგან, ყოველ ცოცხალ არსებათაგან, რომელნიც წყალში არიან, უწმიდურია თქვენთვის. 11საძაგელნი უნდა იყვნენ ისინი თქვენთვის: მათი ხორცი არ ჭამოთ და მათი მძორი გძაგდეთ. 12ყოველი, რომელსაც არა აქვს ფარფლი და ქერცლი წყალში, უსურმაგია თქვენთვის.
13ესენი გძაგდეთ ფრინველთაგან, არ იჭმევა, საძაგელნი არიან ისინი: ორბი, შევარდენი და სვავი, 14ძერა და შევარდენი ყველა მისნაირი. 15ყოველი ყორანი ყველა მისნაირი, 16სირაქლემა, ბუ, თოლია, მიმინო და ყველა მისნაირი, 17ბუკნაჭო, თევზიყლაპია და ბუკიოტი, 18ჭოტი, ვარხვი და სვავი, 19ყარყატი, ყანჩა ყველა მათნაირით, ოფოფი და ღამურა.
20ყოველი მწერი – მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე უსურმაგია თქვენთვის. 21ხოლო გეჭმევათ ყოველი მფრინავი და ოთხზე მოსიარულე მწერი, რომელსაც აქვს წვივები მიწაზე სახტომად. 22ესენი გეჭმევათ ამათგან: კალია და ყველა მისნაირი, სოლამი და ყველა მისნაირი, ხარგოლი და ყველა მისნაირი, და ხაგაბი ყველა მისნაირით. 23ხოლო ყოველი სხვა მფრინავი მწერი, რომელსაც ოთხი ფეხი აქვს, უსურმაგია თქვენთვის.
24მათგან გაუწმიდურდებით. ყოველი, ვინც შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 25ვისაც რაიმე მოედება მათი მძორიდან, ყველამ გაირეცხოს სამოსი და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 26ყოველი პირუტყვი, რომელსაც გაყოფილი ჩლიქი აქვს, და არ იცოხნის, უწმიდურია თქვენთვის. ყველა, ვინც შეეხება მათ, გაუწმიდურდება. 27ყოველი თათებზე მავალი ცხოველი, უწმიდურია თქვენთვის. ვინც კი შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 28ვისაც რამე მოედება მათი მძორიდან, სამოსი გაირეცხოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. გაუწმიდურებული არიან ისინი თქვენთვის.
29აი, რა არის უწმიდური თქვენთვის მიწაზე მცოცავ არსებათაგან: თხუნელა, თაგვი და ყოველგვარი ხვლიკი, 30ანაკა, მსვენლომი, ძლოკვი, გეკონი და ქამელეონი, – 31ესენი უწმიდურები არიან თქვენთვის ყველა ქვეწარმავალთაგან. ყოველი, რომელიც შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 32და ყველაფერი, რასაც მოხვდება მათი მძორი, გაუწმიდურდება. ყოველი ხის ჭურჭელი ან ტანსაცმელი, ან ტყავი, ან ტომარა, და ყოველი საგანი, რომელიც გამოიყენება საქმეში, წყალში უნდა ჩაიდოს, და უწმიდური იქნება საღამომდე, ხოლო შემდეგ სუფთა იქნება. 33და ყოველი ჭურჭელი თიხისა, რომელშიც ჩავარდება რომელიმე მათგანი, ყველაფერი, რაც მასშია, გაუწმიდურდება და უნდა დაამსხვრიოთ. 34ყოველი საჭმელი, რომელიც იჭმება, რომელშიც შეაღწია წყალმა ასეთი ჭურჭლიდან, გაუწმიდურდება. და ასევე ყოველი სასმელი, რომელიც იყო ყოველ ასეთ ჭურჭელში. 35ყველაფერი, რაზეც დაეცემა რაიმე მათი მძორისგან, გაუწმიდურდება. თონე და ქურა უნდა ჩაინგრეს: ისინი გაუწმიდურებული არიან და გაუწმიდურებული იქნებიან თქვენთვისაც. 36მხოლოდ წყარო და ჭა – წყალსატევი – დარჩება სუფთა. ხოლო ვინც შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურდება. 37თუ მოხვდა რაიმე მათი მძორისგან რომელიმე სათესლე მარცვალს, რომელიც ითესება, ის სუფთა დარჩება. 38მაგრამ თუ თესლს უკვე წყალი აქვს დასხმული და რაიმე დაეცემა მძორისაგან, გაუწმიდურებული იქნება თქვენთვის.
39თუ ისეთი პირუტყვი მოკვდება, რომელიც გეჭმევათ, და მის ლეშს ვინმე მიეკარება, გაუწმიდურებული იქნება იგი საღამომდე. 40მისი ლეშის მჭამელმა უნდა გაირეცხოს სამოსი და უწმიდური იქნება საღამომდე; და რომელმაც გაათრიოს მისი მძორი, უნდა გაირეცხოს სამოსი და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
41ყველაფერი, რაც კი მიწაზე დაძვრება, უსურმაგია, არ გეჭმევათ. 42არანაირი მუცელზე მხოხავი, არანაირი მრავალფეხა, არანაირი მიწაზე მძრომი არ გეჭმევათ, რადგან უსურმაგები არიან. 43ნუ წაიბილწავთ თავს ნურცერთი ქვემძრომი ქვეწარმავლით და ნუ გაუწმიდურდებით მათით, და ნუ იქნებით უწმიდურნი მათგან. 44რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, განიწმიდეთ და იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე, და ნუ შეიბილწავთ თავს ნურავითარი ქვეწარმავლით, რომელიც ქვემძრომობს მიწაზე.#ლევ 19:2; 1პტ 1:16. 45რადგან მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანათ თქვენ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენი ღმერთი. და იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე.
46ესაა წესი პირუტყვისა, ფრინველისა და ყოველი ცოცხალი არსებისა, რომელნიც წყალში იძვრიან, და ყოველი არსებისა, რომელნიც მიწაზე ქვემძრომობენ, 47რათა სხვაობა იყოს უწმიდურსა და წმიდას შორის, და ცხოველს შორის, რომელიც შეიძლება იჭამოს, და ცხოველს შორის, რომელიც არ უნდა იჭამოს.
Currently Selected:
Leviticus 11: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა