YouVersion Logo
Search Icon

Joel 2

2
1ჩაჰბერეთ საყვირს სიონზე, განგაში ატეხეთ ჩემს წმიდა მთაზე! დაე, შეძრწუნდნენ ქვეყნის მკვიდრნი, რადგან უფლის დღე მოდის, რადგან ახლოსაა ის – 2დღე სიბნელისა და წყვდიადისა, დღე ღრუბლისა და ნისლისა! ალიონივით ეფინება მთებს მრავალი და ძლიერი ხალხი, რომლის მსგავსიც არ ყოფილა დასაბამიდან და არც მის მერე იქნება მოდგმიდან მოდგმამდე. 3მის წინ ცეცხლი ჭამს, მის უკან ალი ბუგავს; მის წინ მიწა ედემის ბაღივითაა, მის უკან უკაცრიელი ველებია, და ვერავინ გააღწევს მას. 4ცხენთა რემას ჰგვანან და მხედრებივით მიაჭენებენ;#გცხ 9:7-9. 5ეტლებივით გრუხუნებენ მთათა თხემებზე; ჩალას მოდებული ცეცხლის ალივით ბრიალებენ; გუგუნებენ როგორც საომრად დარაზმული ძლიერი ხალხი. 6მის წინაშე ძრწიან ხალხები, სახე უფითრდებათ. 7ფალავნებივით დარბიან, მეომრებივით დაცოცავენ გალავანზე და თითოეული თავის გზას მიჰყვება, და არ ბრკოლდებიან გზაში. 8ერთმანეთს არ ეხლებიან, თითოეული თავის ბილიკს მიჰყვება; შუბებზე ეგებიან, მაგრამ უკან მაინც არ იხევენ. 9ქალაქში ნავარდობენ, კედლებზე არბიან, სახლებში იჭრებიან, ქურდებივით სარკმლებიდან მიძვრებიან. 10მიწა ტორტმანებს მათ წინაშე, ცა ირყევა, ბნელდება მზე და მთვარე, ვარსკვლავები აღარ ბრწყინავენ.#გცხ 8:12. 11უფალმა გასცა ხმა თავისი მხედრობის წინაშე, რადგან დიდზე დიდია მისი ბანაკი, რადგან ძლიერია სიტყვის აღმსრულებელი, რადგან დიდია უფლის დღე და ძალზე საშინელი, ვინ გაუძლებს მას?#გცხ 6:17.
12მაგრამ ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცითო ჩემსკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით; 13გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას. 14ვინ იცის, კიდევ შეინანოს და მოიტოვოს კურთხევა, პურეულის ძღვენი და საღვრელი თქვენი უფალი ღმერთისათვის. 15ჩაჰბერეთ საყვირს სიონზე, დათქვით მარხვა და გამოაცხადეთ შეკრებულობა. 16შეჰყარეთ ერი, მოიწვიეთ საკრებულო, შეკრიბეთ უხუცესობა, შეყარეთ ჭაბუკები და ძუძუთა ბავშვები! გამოვიდეს სიძე თავის პალატიდან და პატარძალი – სანთიობოდან! 17ატირდებიან კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის მღვდლები, უფლის მსახურნი, და იტყვიან: შეიწყალე, უფალო, ერი შენი! ნუ გახდი სამარცხვინოდ შენს სამკვიდროს, ნუ ჩააგდებ წარმართთა ყბაში! რატომ უნდა ილაპარაკონ: აბა სად არისო მათი ღმერთი?
18მაშინ გამოესარჩლება უფალი თავის ქვეყანას და დაინდობს თავის ერს. 19და მიუგებს უფალი და ეტყვის თავის ხალხს: აჰა, გიგზავნი პურს, ღვინოსა და ზეთს, და გაძეხი ამით; სამარცხვინოდ აღარ გაგხდით ხალხების თვალში. 20ამ ჩრდილოელ მტერსაც მოგაშორებთ და შევყრი ურწყავ და უკაცრიელ ქვეყანაში, მის წინა ურდოებს – აღმოსავლეთის ზღვაში, უკანა ურდოებს – დასავლეთის ზღვაში, და აუვა მას სუნი და ამყრალდება, რადგან მრავალი ბოროტება აქვს ჩადენილი. 21ნუ გეშინია, მიწავ: იხარე და იმხიარულე, რადგან დიდია უფალი, რათა მოიმოქმედოს ეს საქმენი. 22ნუ გეშინიათ, ნადირნო ველისანო, რადგან ბალახი ამოვა უდაბნოს საძოვრებზე, ნაყოფს გამოიღებს ხე; ლეღვი და ვაზი გამოსცემენ თავიანთ დოვლათს. 23ძენო სიონისა, იხარეთ და იმხიარულეთ თქვენი უფალი ღმერთის გამო, რადგან მოგცემთ ჟუჟუნა წვიმას, და ძველებურად გამოგიგზავნით ადრეულსა და გვიანა წვიმებს. 24და გაივსება ბეღლები ხორბლით, გალიცლიცდება კოდები ღვინითა და ზეთით. 25და აგინაზღაურებთ მე იმ წლებს, რომლებიც მოჭამეს კალიამ, კუტკალიამ, ბოცომკალმა და მუხლუხომ – ჩემმა დიდმა ლაშქარმა, რომელიც მოგისიეთ. 26ჭამეთ და დაძეხით და ადიდეთ თქვენი უფალი ღმერთის სახელი, რომელიც საკვირვლად გექცევათ; და არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე. 27მიხვდებით, რომ მე ისრაელის შუაგულში ვარ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი და სხვა არავინ არის, და რომ არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე.

Currently Selected:

Joel 2: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in