YouVersion Logo
Search Icon

Exodus 39

39
1ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისაგან შეკერეს საწესო შესამოსელი საწმიდარში სამსახურისათვის, და წმიდა შესამოსელი შეუკერეს აარონს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
2და დაამზადა ეფოდი ოქროსაგან და ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი ნართისა და გრეხილი ბისონისაგან. 3და გამოჭედეს ოქროს ფურცლები, და დაჭრეს ძაფებად, რათა შეეგრიხათ ცისფერ, ძოწეულ, ჭიაფერ ნართთან და გრეხილ ბისონთან. და მოქსოვეს ოსტატურად. 4მისამაგრებელი სამხრეები გაუკეთეს მას. მის ორივე კიდეზე იყო შეერთებული. 5მასზე შემოსაკრავი სარტყელი იმავე მასალისა და ნაკეთობისა იყო: ოქროსაგან, ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი ნართისა და გრეხილი ბისონისაგან, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
6და დაამუშავეს სარდიონის ქვები, ჩასხეს ისინი ოქროს ბუდეებში და ზედ ამოტვიფრეს ისრაელის ძეთა სახელები. 7და მიამაგრა ისინი ეფოდის სამხრეებს – ისრაელის ძეთა სამახსოვრო ქვებად, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
8და გააკეთა სამკერდული, ოსტატურად ნახელავი, მსგავსი ეფოდის ნაკეთობისა ოქროსაგან, ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი ნართისა და გრეხილი ბისონისაგან. 9ოთხკუთხედი იყო იგი. ორკეცი გააკეთეს სამკერდული – სიგრძით მტკაველი და სიგანით მტკაველი, ორკეცი. 10და ოთხ რიგად განალაგეს მასზე ძვირფასი ქვები: ლალი, ტოპაზი და ბივრილი – ერთი რიგი.#39:10 ქვების სახელების ზუსტი დადგენა არ ხერხდება 11მეორე რიგი: ზურმუხტი, საფირონი და ალმასი. 12მესამე რიგი: იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო. 13მეოთხე რიგი: ქრიზოლითი, სარდიონი და იასპი; ისინი ჩასხმული იყო ოქროს ბუდეებში. 1412 ქვა იყო ისრაელის ძეთა სახელების მიხედვით, და თითოეულზე 12 ტომიდან თითოს სახელი იყო ამოტვიფრული. 15გაუკეთეს სამკერდულს გრეხილი ჯაჭვები წნული ნაკეთობით, ხალასი ოქროსი. 16და გააკეთეს ოქროს ორი ბუდე და ოქროს ორი რგოლი, და მიამაგრეს ორივე რგოლი სამკერდულის ორ კიდეს. 17და გაუყარეს ოქროს ორივე წნული ორივე რგოლში სამკერდულის კიდეებზე. 18და ორივე წნულის ორივე ბოლო მიამაგრეს ორივე ბუდეს, და მიამაგრეს ისინი ეფოდის სამხრეებს წინიდან. 19და გააკეთეს ორი რგოლი ოქროსი და მიამაგრეს სამკერდულის ორ კიდეს იმ არშიაზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული. 20და გააკეთეს ოქროს ორი რგოლი და მიამაგრეს ისინი ეფოდის ორივე სამხრეზე ქვემოდან, წინა მხარეს, შესაკრავთან, ზემოთ, ეფოდის სარტყელზე. 21და მიამაგრეს სამკერდული მისი რგოლებით ეფოდის რგოლებს ცისფერი ზონრით, რათა იყოს ეფოდის სარტყელზე და მჭიდროდ ეკვროდეს სამკერდული ეფოდს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
22და გაუკეთა მოსასხამი ეფოდისათვის, მთლიანად ცისფერი ქსოვილისაგან. 23თავის გასაყოფი ჭრილი მოსასხამს შუაზე ჰქონდა, ჯაჭვის პერანგის ჭრილივით, არშია გასდევდა ჭრილს ირგვლივ, რომ არ შემორღვეულიყო. 24და ამოქარგეს მოსასხამის კალთებზე ბროწეულები ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი ნართით და გრეხილი ბისონით. 25და გააკეთეს ხალასი ოქროს ეჟვნები, და შეაბეს ეჟვნები ბროწეულთა შორის მოსასხამის კალთებს ირგვლივ. 26ეჟვანი და ბროწეული, ეჟვანი და ბროწეული მსახურების მოსასხამის კალთებს ირგვლივ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
27მოუქსოვეს კვართები ბისონისა აარონსა და მის ძეებს, 28და თავსაბურველი ბისონისა, და თავსამკაულნი ბისონისა, და სელის შარვალი გრეხილი ბისონისა, 29და სარტყელი გრეხილი ბისონისა და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა, ნაქარგი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
30და გაუკეთეს სიწმიდის გვირგვინი – ხალასი ოქროს ფირფიტა, და ამოკვეთეს მასზე წარწერა ბეჭდის ტვიფარივით: „სიწმიდე უფლისა.“ 31და მოაბეს მას ცისფერი ზონარი, რათა მიებნიათ იგი თავსაბურველზე ზემოდან, როგორც უბრძანმა უფალმა მოსეს.
32ასე დასრულდა საკრებულო სავანის მთელი სამუშაო. ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანთ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 33და მიიტანეს მოსესთან სავანე და ყოველი მისი მოწყობილობა, მისი დუგმები, მისი კეტები, მისი ძელაკები, მისი სვეტები და მისი კვარცხლბეკები, 34საბურველი ვერძთა დათრიმლული ტყავისა და საბურველი გამოყვანილი ტყავისა და ფარდა, 35კიდობანი მოწმობისა და კეტები მისი, და სარქველი, 36ტაბლა, მთელი მისი მოწყობილობა და საწინაშეო პურები, 37ხალასი ოქროს სასანთლე, მისი კანდელები, ზედ გამწკრივებული კანდელები, და მთელი მისი მოწყობილობა და ზეთი სანათებლად, 38ოქროს სამსხვერპლო და საცხები ზეთი, და კეთილსურნელება საკმევლისა და ფარდა კარვის შესასვლელისა, 39ბრინჯაოს სამსხვერპლო და მისი ბრინჯაოს ცხაური, მისი კეტები და ყოველი მისი მოწყობილობა და საბანელი და მისი კვარცხლბეკი, 40ეზოს ფარდები, მისი სვეტები და მისი კვარცხლბეკები, ეზოს კარიბჭის ფარდები, მისი საბელები და მისი პალოები და ყოველი მოწყობილობა სავანეში – საკრებულო კარავში მსახურებისათვის, 41საწესო სამოსელი წმიდაში მსახურებისათვის და წმიდა შესამოსელი აარონ მღვდლისათვის და მის ძეთათვის. 42როგორც უფალმა უბრძანა მოსეს, ისე გააკეთეს ისრაელიანთ ყველაფერი. 43და ნახა მოსემ ყოველი საქმე, და აჰა, გაუკეთებიათ იგი. როგორც უბრძანა უფალმა, ისე გააკეთეს. და აკურთხა ისინი მოსემ.

Currently Selected:

Exodus 39: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in